საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის ვიზიტები და შეხვედრები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში

.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში „უკრაინისთვის" მიიღო მონაწილეობა, რომელსაც არაერთი ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა.


საქართველოს მთავრობის მეთაური ვარშავის ეროვნულ სტადიონზე იმყოფებოდა, რომელმაც მაღალი დონის კონფერენციას უმასპინძლა.


ირაკლი ღარიბაშვილს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი და შვედეთის პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონი დახვდნენ. მაღალი დონის საერთაშორისო დონორთა კონფერენციას პოლონეთისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრები ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან პარტნიორობით ერთობლივად მასპინძლობდნენ. კონფერენციის მონაწილეებმა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილი ვითარება მიმოიხილეს და ჰუმანიტარული და ეკონომიკური კრიზისის გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.


კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
კონფერენციის მონაწილეებმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეო მიმართვასაც მოუსმინეს.


მაღალი დონის კონფერენციის მონაწილეებს შორის იყვნენ - შვედეთის, ესპანეთის, უკრაინის, ლიეტუვას, ლატვიის, ალბანეთის, ხორვატიის, ისლანდიის, სლოვაკეთის, სლოვენიის და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრები.
მთავრობის მეთაურმა კონფერენციის ფარგლებში გამართულ საქველმოქმედო სესიაზე , მონაწილე ლიდერებს სიტყვით მიმართა.


სესიაში სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და გაეროს წარმომადგენლები.


დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას საქართველოს მხრიდან ასევე ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში ზურაბ ბერიძე.


ვრცლად:

დიდი მადლობა!

ძვირფასო კოლეგებო,
ძვირფასო მეგობრებო,
პატივცემულო სტუმრებო,

პირადად მოვახსენებ მადლობას ჩვენი დღევანდელი ღონისძიების მასპინძელ პრემიერ-მინისტრებს მორავიეცკისა და ანდერსონს, ასევე ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პატივცემულ პრეზიდენტებს. თქვენ ხართ საქართველოს ერთგული პარტნიორები ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

ჩვენ ვგმობთ რუსეთის სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც მკაფიოდ და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს. უკრაინაში ომის შედეგები განსაზღვრავს ევროპის უსაფრთხოების სამომავლო არქიტექტურას და საფუძველს უყრის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოს ჩვენს რეგიონში და მის საზღვრებს გარეთ.

ომმა უკრაინაში მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია რეგიონში, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებისგან ითხოვს დაუყოვნებლივ მოქმედებას. ჩემი მთავრობა უპირობო სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს. ჩვენ მოვახდინეთ ყველა ჩვენი რესურსის მობილიზაცია ამ დამანგრეველი ომის შედეგების შესამსუბუქებლად. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საერთაშორისო საზოგადოების გვერდით და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას. ჩვენ მომავალშიც დავუჭერთ მხარს უკრაინას როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული კუთხით, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში.

საქართველომ უკვე გამოყო 7 მილიონი აშშ დოლარი და ჩვენ ვაგრძელებთ ომის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000 უკრაინელის დახმარებას. საჰაერო და სახმელეთო გზებით უკრაინაში გაიგზავნა 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი. ჩემი მთავრობა დახმარებას უწევს დევნილებს უკრაინიდან, რა მიზნითაც უკრაინის მოქალაქეთათვის უზრუნველვყოფთ დაბინავებას, აუცილებელ პროდუქტებს, ტანსაცმელს, საკვებს, სამედიცინო დახმარებას, ასევე სკოლებისა და ბაღების ხელმისაწვდომობას. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მოძმე ერის დახმარებას, რისთვისაც 2022 წლის ბოლომდე დამატებით გამოვყოფთ კიდევ 7 მილიონ აშშ დოლარს.

გარდა ამისა, კერძო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები ასევე სთავაზობენ უკრაინის მოქალაქეებს დაბინავებას, საკვებს, ტანსაცმელს და სხვა სახის დახმარებას. უკრაინის ეროვნული ფოსტის თანახმად, საქართველო პირველ ადგილზეა უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების მიმწოდებელ 191 ქვეყანას შორის.

კვლავ დავძენ, რომ საერთაშორისო საზოგადოების ერთობა უკრაინის აქტიური დახმარების მიმართებით გადაუდებელი და აუცილებელი საკითხია.

უკრაინელ ხალხს მშვიდობას და კეთილდღეობას ვუსურვებ!

 

გმადლობთ!