საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი - ხელს ვაწერთ მნიშვნელოვან საგრანტო შეთანხმებას აშშ-სთან, რომლის ფარგლებშიც USAID საქართველოს პირველ ეტაპზე დაახლოებით 67 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტს გამოყოფს და ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება  330 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდა  ამოსაბეჭდი ვერსია

2021-05-21

.

დღეს, ჩვენ ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან საგრანტო შეთანხმებას, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან - „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის" შეთანხმება მიზნად ისახავს მაღალანაზღაურებადი და ხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების  შექმნას, ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერებას და დემოკრატიული მიღწევების განმტკიცებას, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის საგრანტო შეთანხმების „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის" ხელმოწერის ცერემონიის გახსნაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეთანხმების ფარგლებში, USAID პირველ ეტაპზე დაახლოებით 67 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტს გამოყოფს და ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება  330 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდა. 
„დღეს, ჩვენ ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან საგრანტო შეთანხმებას, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის" შეთანხმება მიზნად ისახავს მაღალანაზღაურებადი და ხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების  შექმნას, ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერებას და დემოკრატიული მიღწევების განმტკიცებას. იგი მოიცავს არაერთ სტრატეგიულ მიმართულებას - კონფლიქტების მოგვარებას, სოფლის მეურნეობის და კერძო სექტორის განვითარებას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ მმართველობას, სამოქალაქო საზოგადოებას, საბაზისო განათლებას, ასევე სოციალურ სერვისებს და  გარემოს დაცვას. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და მდგრად განვითარებას, ასევე თავისუფალი ბაზრის და ზოგადად, დასავლური ორიენტაციის გაძლიერებას ემსახურება. 
USAID პირველ ეტაპზე დაახლოებით 67 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტს გამოყოფს და ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება  330 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდა. 

ჩვენი ქვეყნისადმი USAID-ის დახმარება შეადგენს  1.8 მილიარდ აშშ დოლარს. უკვე განხორციელდა დაახლოებით 335 პროგრამა. სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, განათლების და ჯანდაცვის მიმართულებით. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი, ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის სწრაფ აღდგენას. მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი მთავრობისა და ხალხის სახელით, მადლობა გადავუხადო ამერიკის მთავრობას, ქალბატონ ელჩს, ასეთი მნიშვნელოვანი დახმარებისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

როგორც ხელმოწერის ცერემონიაზე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა,  ახალი პროგრამა, ახალი ფაზაა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობაში, რომელიც ეფუძნება იმ წინსვლას, რომელსაც საქართველომ უკვე მიაღწია დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, საბაზრო ეკონომიკის განვითარების და ევროატლანტიკურ სივრცეში კიდევ უფრო მეტად ინტეგრაციის კუთხით.

„მე ძალიან მახარებს, რომ დღეს თქვენს წინაშე ვიმყოფები და ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს აღვნიშნავთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორი და ფინანსთა მინისტრი ხელს მოაწერენ ახალ საგრანტო შეთანხმებას, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ ამერიკელმა ხალხმა, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საშუალებით, 330 მლნ აშშ დოლარი გამოყოს მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის. ეს არის ჩვენი ერთობლივი ფასეულობების დამამტკიცებელი მხარდაჭერა და პროგრამა განვითარებისთვის. ის გააძლიერებს საქართველოს მედეგობას და გამძლეობას გარედან მომდინარე საზიანო ეფექტებისგან, გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ძლიერ ეკონომიკურ ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შესაძლებლობას შექმნის მთელ ქვეყანაში. ეს დახმარება ბევრი მიმართულებით შექმნის შესაძლებლობებს. ახალი პროგრამა შეიქმნება ენერგეტიკის უსაფრთხოების მიმართულებით, საქართველო შეძლებს ენერგო რესურსების დივერსიფიკაციას და რუსეთზე დამოკიდებულებას შეამცირებს. ეს შესაძლებელს გახდის საქართველოს მოსახლეობისთვის ხარჯების შემცირებას. ჩვენ ამ მიმართულებით ახალ ინიციატივებს ვამუშავებთ იმისთვის, რომ ეკონომიკური შესაძლებლობები გაიზარდოს, ხალხთაშორისი ურთიერთობა გაიზარდოს და ეს ასევე მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა მყოფ თემებს და საზოგადოებას. ჩვენ  გავაგრძელებთ ინვესტიციებს საბაზისო განათლებაში იმ 7 მლნ- ის მიღმა, რომელსაც ვახორციელებთ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის ფარგლებში, რომელიც გასულ წელს დაიწყო.
ახალი პროგრამა დაიწყება სამოქალაქო განათლების კუთხით, რაც სამომავლოდ შექმნის იმ რესურსს, რომ კადრები მზად იყოს ამ სფეროში. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დაეხმარება საქართველოს ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე, რომ მეტი გამჭვირვალობა, მეტი ანგარიშვალდებულება არსებობდეს და ლიდერები ანგარიშვალდებულნი იყვნენ ხალხის წინაშე. და ბოლოს, ეს დაფინანსება შესაძლებელს გახდის, რომ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ახალი პროგრამები დააფინანსოს საქართველოში, მათ შორის, ერთ-ერთი ახლახანს გამოცხადებული, რაც გულისხმობს უმუშევრობის დონის შემცირებას, საშუალო და მცირე საწარმოების განვითარებას და გაფართოებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით. აქედან გამომდინარე, ხედავთ და აშკარად ხვდებით, რომ ძალიან გვახარებს ეს ახალი პროგრამა, ახალი ფაზა ჩვენს ურთიერთობაში, რომელიც ეფუძნება იმ წინსვლას, რომელსაც საქართველომ უკვე მიაღწია დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, საბაზრო ეკონომიკის განვითარების და კიდევ უფრო მეტად ინტეგრაციის კუთხით ევროატლანტიკურ სივრცეში. მომდევნო 5 წლის განმავლობაში, აშშ-ის მთავრობა გააგრძელებს საქართველოს დახმარებას, იმისთვის, რომ გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები და შეიქმნას ის შესაძლებლობები, რომლებიც დღევანდელ და სამომავლო გამოწვევებს დაძლევს. აშშ ერთგულია საქართველოს წარმატების, რომელიც ვალდებულებებს გულისხმობს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით",-განაცხადა კელი დეგნანმა.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებას „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის"  ხელი მთავრობის ადმინისტრაციაში მოეწერა. შეთანხმების შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს გამოუყოფს 67 მლნ აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს 330 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდის შესაძლებლობით. 

საგრანტო შეთანხმების ფარგლებში, დაგეგმილია პროექტების განხორციელება შემდეგი  მიმართულებებით - კონფლიქტების მოწესრიგება და სტაბილიზაცია, ადამიანის უფლებები, სოფლის მეურნეობა, კერძო სექტორის პროდუქტიულობა, კანონის უზენაესობა, დემოკრატიული მმართველობა, სამოქალაქო საზოგადოება, საბაზისო განათლება, სოციალური სერვისები, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა. 

შეთანხმებას ხელი ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და USAID-ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა მოაწერეს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური