საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის შეხვედრა მეწარმეებთან

6 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი მეწარმეებს შეხვდა. ისაუბრეს პრეზიდენტის ინიციატივაზე პროფესიული გადამზადების პროგრამასთან დაკავშირებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ვლადიმერ ჭიპაშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე და სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ლევან ფერაძე.

ზურაბ ნოღაიდელმა ვლადიმერ ჭიპაშვილს დაავალა კიდევ ერთხელ შეხვდეს მეწარმეებს და დეტალურად განიხილონ პროგრამის ამოქმედებისათვის საჭირო ღონისძიებები. პრემიერ-მინისტრმა დამსწრეთ პროფესიული გადამზადების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათი აზრიც მოისმინა.

- „ვაგრძელებთ შეხვედრებს სხადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან პრეზიდენტის ახალ ეკონომიკურ ინიციატივასთან დაკავშირებით. ამჯერად მეწარმეებს მინდა მოგიწოდოთ, უფრო აქტიურად ჩაებათ პროფესიული გადამზადების პროგრამის ამოქმედებაში. გასული წლის 8 თვის მონაცემებთან შედარებით საქართველოში ეკონომიკური ბრუნვის მაჩვენებელი 30%-ით არის გაზრდილი, რაც, ბუნებრივია, იწვევს ბიზნესის, მრეწველობისა და ეკონომიკის სხვა დარგების განვითარებას. შესაბამისად, ჩნდება ადგილზე კადრების მომზადება-გადამზადების აუცილებლობა. საჭიროა ერთად გადავჭრათ ეს საკითხი და დღეიდან ვიზრუნოთ, რომ საქართველოში იყვნენ პროფესიონალი კადრები და მათი მოძიება არ გვჭირდებოდეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ" - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა მეწარმეებთან შეხვედრაზე.

პროფესიული გადამზადების პროგრამაზე დეტალურად ისაუბრეს ლევან ფერაძემ და ვლადიმერ ჭიპაშვილმა. პროგრამა უკვე ამოქმედდა საქართველოს 10 დიდ ქალაქში, სადაც ყველა მსურველს შეუძლია შეიტანოს განაცხადი. ასევე, ბიზნესის წარმომადგენლებსაც შეუძლიათ შეავსონ განაცხადი და მოითხოვონ მათთვის სასურველი კადრები.
შეხვედრაზე მეწარმეებმა დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები და ყოველ მათგანზე მიიღეს ამომწურავი პასუხი.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი