საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის სტუმრობა იმერეთში

12 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ლომაია იმერეთში იმყოფებოდნენ.

რეგიონში სტუმრობა ზურაბ ნოღაიდელმა ქუთაისის რესურსცენტრის გახსნით დაიწყო. რესურსცენტრები, ზოგადი განათლების სისტემური რეფორმის ფარგლებში, განათლების განყოფილებების ნაცვლად 2006 წელს ამოქმედდა. მათი ფუნქცია იქნება სკოლებისათვის დახმარების და კონსულტაციების გაწევა და არა მათი მართვა და კონტროლი. რაიონულ ცენტრებში განთავსებული საგანმანათლებლო რესურსცენტრები სკოლებს დაეხმარებიან:
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმების დანერგვაში;

სკოლების ადმინისტრაციულ და ფინანსურ მართვაში;

სასკოლო საბჭოების გამართულ მუშაობაში;

მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაში.

პრემიერ-მინისტრი ეწვია ქუთაისის მე-40 და მე-13 საჯარო სკოლებს და მოსწავლეებს პრეზიდენტის საჩუქარი (100-მდე სასკოლო ჩანთა) და სასწავლო ინვენტარი გადასცა; გაეცნო პროფსასწავლებლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს; ეწვია ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას და კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადასცა. ზურაბ ნოღაიდელი კმაყოფილი დარჩა იმერეთში მიმდინარე სამუშაოებით და განაცხადა: ,,ჩვენთვის განათლების ობიექტები განსაკუთრებულად პრიორიტეტული იყო. როგორც ნახეთ, მთელს საქართველოში რემონტდება და შენდება 300 სკოლა, მომავალ წელს გარემონტდება ორჯერ მეტი - 600. სარემონტო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და ბევრ ობიექტზე უკვე დასრულდა."

სამტრედიაში ზურაბ ნოღაიდელმა და ალექსანდრე ლომაიამ დაათვალიერეს ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი. პრემიერ-მინისტრი სამტრედიაში და ვანის რაიონულ ცენტრში მოსახლეობასაც შეხვდა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი