საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის სხდომები

2006 წლის 2 მაისის სხდომა

2006 წლის 2 მაისს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 16 საკითხი.

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მთავრობის წევრებს აცნობა, რომ 12 მაისს მთავრდება განაცხადების მიღება ელექტროკავშირისა და ბათუმის პორტის პრივატიზაციასთან დაკავშირებით და სთხოვა მთავრობის ეკონომიკურ ბლოკს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ამ პროცესის მომზადებას, ხოლო განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ, მიღებულ გადაწყვეტილებათა ჩამოყალიბებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ასევე 12 მაისს დასრულდება თბილგაზის გაკოტრების პროცესი და მიღებულია გადაწყვეტილება პირველ მაისამდე მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასური დაიფაროს ძველი ტარიფით, რომელიც სუბსიდირებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემუშავებულია ახალი ტარიფის პირობებში განსაკუთრებით გაჭირვებული მოსახლეობის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირების მექანიზმი და მოუწოდა თანამოქალაქეებს, სასწრაფოდ წარადგინონ შესაბამისი განაცხადები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოში, რათა დროულად დამუშავდეს ეს მონაცემები, რაც შესაძლებელს გახდის მათთვის დახმარების გაწევას.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი