საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის სხდომები

2006 წლის 17 მაისის სხდომა

2006 წლის 17 მაისს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა, დღის წესრიგში შეტანილი იყო 14 საკითხი.

სხდომის დაწყების წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დამსწრეთ მიაწოდა ინფორმაცია, რომ 12 მაისს დასრულდა ბათუმის პორტისა და გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის პრივატიზაციის პროცესი. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღეს იმ კომპანიებმა, რომლებიც აქამდე აქტიურად არ იყვნენ წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკურ სივრცეში. მან თქვა, რომ ბათუმის პორტის აქციების 49 წლით მართვის უფლებისათვის გადახდილი იქნება 92 მილიონი დოლარი, ხოლო გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის აქციების 90% პრივატიზაციისათვის - 90 მილიონი დოლარი. გარდა ამისა, უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის საინვესტიციო პაკეტი, რომელსაც ინვესტორები განიხილავენ ბათუმის პორტსა და გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიაში, რაც საქართველოში შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და უზრუნველყოფს ეკონომიკის კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ძალზე წარმატებული შედეგია და მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული.

12 მაისს, თქვა შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, დასრულდა თბილგაზის გაკოტრების პროცესი და იგი ყაზახურმა კომპანიამ "ყაზტრანსგაზმა" შეიძინა. დაახლოებით 1,5 წლის განმავლობაში თბილგაზში განხორციელდება 80 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რის შედეგად თბილისელთათვის გაზის მიწოდება უფრო სტაბილური და უსაფრთხო გახდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პრივატიზაციის პროცესი გრძელდება. კერძოდ, 16 ივნისს დამთავრდება განაცხადების მიღება ელექტოენერგეტიკის ობიექტების (სამი სადისტრიბუციო ენერგოკომპანია და ექვსი ჰიდროელექტროსადგური) პრივატიზაციის მოთხოვნით. მან თქვა, რომ ჩვენ მივაღწიეთ ელექტროენერგიით 24 საათიან მომარაგებას, რომელიც ბევრად სტაბილური და უსაფრთხო უნდა გავხადოთ, რისთვისაც მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვა სწორედ ამ სექტორში. პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა დაინტერესებულ სამინისტროთა ხელმძღვანელებს უფრო ინტენსიური მუშაობა გასწიონ ამ მიმართულებით.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი