საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის სხდომები

2006 წლის 27 სექტემბრის სხდომა

2006 წლის 27 სექტემბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 28 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დამსწრეთა ყურადღება სოხუმის დაცემის თარიღზე - 27 სექტემბერზე გაამახვილა. ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ დღეიდან, 13 წლის შემდეგ, საქართველოსთვის 27 სექტემბერი გახდება არა მარტო ტკივილის, არამედ იმედისა და აფხაზეთის დაბრუნების დაწყების დღე. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებს აცნობა, რომ საქართველოს პრეზიდენტი დღეს განახლებულ კოდორის ხეობაში შეხვდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებს, ადგილობრივ მოსახლეობას და უცხოელ სტუმრებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დამსწრეთ შეახსენა, რომ გასულ კვირას ნიუ-იორკში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება ნატოსთან საქართველოს ინტენსიურ დიალოგზე მიწვევის შესახებ, რითაც ნატოში საქართველოს წევრად მიღების პროცესი შეუქცევადი გახდა. მან თქვა, რომ ეს არის საქართველოში თავდაცვის სფეროსა და სხვა სფეროებში განხორციელებული რეფორმების მაღალი შეფასება, თუმცა ამიერიდან ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ კიდევ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო თავდაცვის სამინისტროში, სხვა სტრუქტურებში, რათა გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები ნატოში წევრად მიღების გზაზე.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი