საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის სხდომები

2006 წლის 1 დეკემბრის სხდომა

2006 წლის 1 დეკემბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 16 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა კმაყოფილება გამოხატა საქართველოსათვის გაზის მოწოდების თაობაზე 30 ნოემბერს ბაქოში გამართული წარმატებული მოლაპარაკების შედეგებით. მან აღნიშნა, რომ ძირითადი საკითხები პრაქტიკულად გადაწყვეტილია და 8 დეკემბერს თბილისში გაიმართება აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრა, რა დროსაც განხილულ იქნება და საბოლოოდ გადაწყდება შაჰდენიზის გაზის კონტრაქტის გადანაწილების საკითხი, განისაზღვრება საქართველოს წილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ წინასწარი მონაცემებით ნოემბერში ინფლაციის მაჩვენებელმა 0,9% შეადგინა, ხოლო 11 თვის განმავლობაში - 7,7%. მან აღნიშნა, რომ ეს ძალზე დიდი მიღწევაა, რადგან შორს ვართ ორნიშნა ნიშნულისაგან, და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ წელს საკმაოდ დიდი იყო ქვეყანაში შემოსული როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ასევ საგარეო ვალუტის მოცულობა. შესაბამისად, წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი ამოცანა იყო მაკროეკონომიკის სფეროში ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლა, რაც ერთობლივად წარმატებით განახორციელეს საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დასძინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი