საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის სხდომები

2007 წლის 13 მარტის სხდომა

2007 წლის 13 მარტს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 19 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დამსწრეთ მიაწოდა ინფორმაცია, რომ 11 მარტს, ღამით, ვერტმფრენებიდან დაბომბვის შედეგად ზემო აფხაზეთის ზოგიერთ სოფელში დაზიანდა რამდენიმე შენობა, მათ შორის სოფელ ჩხალთაში - შენობა, რომელშიც განთავსებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენცია და სკოლა. მან აღნიშნა, რომ საჭიროა სასწრაფოდ მოხდეს ყველა შენობის, განსაკუთრებით სამთავრობო და სკოლის შენობის აღდგენა, სკოლამ დროულად დაიწყოს ფუნქციონირება, ამის რესურსები ადგილზე გვაქვს, და დაავალა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტს სასწრაფოდ წარმოადგინონ სარეაბილიტაციო სამუშაოთა განხორციელების გეგმა, რათა ეს სამუშაოები დროულად დაიწყოს. ისინი, ვინც სკოლას ბომბავს, გასაგებია რა ფსიქოლოგიის მქონე უნდა იყვნენ, თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, და დაამატა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოთა დროულად განხორციელება იქნება ყველაზე სწორი პასუხი იმ პროვოკაციაზე, რომელიც 11 მარტს მოხდა.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი