საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის სხდომები

2007 წლის 11 ივლისის სხდომა

2007 წლის 11 ივლისს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 21 საკითხი. დღის წესრიგი

10 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი იმყოფებოდა ქვემო ქართლის რეგიონში, სადაც მან დაათვალიერა ახალი საწარმოები. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებს გაუზიარა შთაბეჭდი­ლებები. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ სულ მალე მარნეულში ამოქმედდება ახალი გადამამუშავებელი საწარმო, რომელშიც 80-85 ადამიანი დასაქმდება. ეს საწარმო ძირითადად პომიდვრის გადამუშავებით იქნება დაკავებული, თუმცა იქ შესაძლებელი იქნება ხილის და სხვა ბოსტნეულის გადამუშავებაც. საწარმოს ამოქმედება მნიშვნელოვანია იმით, რომ იგი მჭიდროდ დაუკავშირდება აგრარულ სექტორს, რომელიც მარნეულის რაიონში დაახლოებით 10 ათას ოჯახს მოიცავს. უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ვიმსჯელებთ აგრარულ და გადამამუშავებელ სექტორებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს. იგულისხმება არა ხელოვნური ღონისძიებები, არამედ ამ დარგების განვითარების ეკონომიკური სტიმულირება, თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მან ისაუბრა რუსთავის მეტალურგიული კომბინატის შესახებ და აღნიშნა, რომ კომბინატი, რომელიც ორი წლის წინ, პრაქტიკულად, განადგურების პირას იყო მისული, ამოქმედდა და ახლა იქ 1300 ჩვენი მოქალაქეა დასაქმებული. 2009 წლის ბო­ლოს, როდესაც საინვესტიციო ციკლი დასრულდება, რაც 250-300 მლნ დოლარს შეადგენს, საწარმოში იმუშავებს 6000-6500 ადამიანი. შემოდგომაზე მეტალურგიული კომბინატი დაიწყებს სამშენებლო არმატურის გამოშვებას. ამით საქართველოს ეკო­ნომიკას შეემატება 60 მლნ. დოლარის ექსპორტის ან იმპორტის ჩანაცვლების პოტენ­ციალი, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა რუსთავცემენტის შესახებ და აღნიშნა, რომ საწარმოში ხდება სოლიდური საინვესტიციო თანხების მოზიდვა, რასაც აწარმოებს ჰაიდელბერგცემენტი, მსოფლიოში ცემენტის მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია. მან თქვა, რომ საქცემენტის საწარმოებში ინვესტირება ორი მიმართულებით მიმდინარეობს. პირველი მიმართულებაა ინვესტიციების განხორციელება ახალი საწარმოების შესაქმნელად. ამის შედეგად საქართვე­ლოში ცემენტის წარმოება ორ მილიონ ტონას მიაღწევს, ხოლო ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი 70 მლნ. დოლარით გაიზრდება, რასაც, ასევე, ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს. მეორე მიმართულებაა ინვესტიციების განხორციელება არსებულ საწარმოებში, რის შედეგად უნდა გადაიჭრას გამონაბოლქვის პრობლემა, რომელიც ასე აღელვებს რუსთავისა და კასპის მოსახლეობას. მან სთხოვა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს დავით ტყეშელაშვილს მთავრობის წევრების ინფორმირება, თუ რა შეთანხმებებია ამ მხრივ მიღწეული, როდის და რა შედეგებს უნდა ველოდეთ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა დავით ტყე­შელაშვილმა მთავრობის წევრებს აცნობა, რომ ჰაიდელბერგცემენტის წარმომადგენლებთან აქტიური მუშაობის შედეგად მიღწეულია შეთანხმება, რომ სექტემბერში რუსთავისა და კასპის ცემენტის მწარმოებელ საწარმოებში დაიწყება ახალი ფილტრების დამონტაჟება, რაც ათჯერ შეამცირებს მავნე ნივთიერებათა გამოფრქვევას და 2008 წლის ივნისისათვის ეს პრობლემა აღარ იარსებებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს საუბარია მთელი ტექნოლოგიური ციკლის შეცვლაზე, რაც კარდინალურად შეცვლის ეკოლოგიურ ვითარებას კასპსა და რუსთავში. სექტემბერში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას შორის გაფორმდება მემორანდუმი, სადაც ზუსტად იქნება გაწერილი ის ვალდებულებები, რასაც აიღებს ინვესტორი ეკოლოგიური ვითარების გამოსასწორებლად და კონკრეტულ ვადებში რა ღონისძიებები განხორციელდება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა დავით ტყე­შელაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2008 წელს ის უმძიმესი ვითარება, რომელიც წლების განმავლობაში იყო შექმნილი რუსთავში, და განსაკუთ­რებით კასპში, კარდინალურად შეიცვლება და პრობლემა პრაქტიკულად გადაწყდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს დავით ტყეშელაშვილს მოწოდებული ინფორმაციისათვის.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი