საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის შემდეგ ასოცირებული ტრიოს - საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის სახელმწიფო/მთავრობათა მეთაურების ერთობლივი განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია

ბრიუსელი, 15 დეკემბერი 2021

ჩვენ, საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკის და უკრაინის სახელმწიფო/მთავრობათა მეთაურები შევხვდით დღეს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის ფარგლებში და გავაკეთეთ შემდეგი განცხადება.

ჩვენ მივესალმეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ერთობლივ დეკლარაციას სახელწოდებით „აღდგენა, მედეგობა და რეფორმები", რომელიც დღეს გამოქვეყნდა ბრიუსელში და მივიღეთ რა 2020 წლის შემდგომი მომავალი თაობის გრძელვადიანი პოლიტიკური მიზნები და პრიორიტეტები, ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე ერთგულებას სტრატეგიული, ამბიციური და პერსპექტიული აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი, რომელიც ეფუძნება საერთო ფუნდამენტურ ღირებულებებს, ორმხრივ ინტერესებს, თანამფლობელობასა და ერთობლივ პასუხისმგებლობას. ჩვენ მივესალმეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მიერ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის დამტკიცებას, რომელიც მოიცავს კონკრეტულ ფლაგმანურ ინიციატივებს პარტნიორი ქვეყნებისთვის.

ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ასოცირებული ტრიოს ინიციატივა, რომელიც წარმოაჩენს ჩვენი ხალხების ევროპულ არჩევანს, ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ იდენტობას და შექმნილია ევროინტეგრაციის საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი სტრატეგიული განვითარების ერთგული რჩება დიფერენციაციისა და ინკლუზიურობის პრინციპების შესაბამისად.

ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მტკიცე მზაობა, გავაძლიეროთ საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან, მათ შორის გავაგრძელოთ მჭიდრო თანამშრომლობა კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და რეფორმებში წინსვლის მიზნით, რათა დავაკმაყოფილოთ კოპენჰაგენის კრიტერიუმები.

ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს, რომელიც პატივს სცემს ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლში მითითებულ ღირებულებებს და მოწოდებულია მათი ხელშეწყობისთვის, შეუძლია განაცხადის შეიტანოს ევროკავშირის წევრობაზე.

ჩვენ აღვნიშნეთ, რომ საერთო ღირებულებების პატივისცემა და ასოცირების შეთანხმებების განხორციელება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით (DCFTA), ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების მომავალ პროგრესულ განვითარებას. ასევე შევნიშნავთ, რომ ასოცირების შეთანხმებების, მათ შორის DCFTA-ის ეფექტური განხორციელება, საკანონმდებლო დაახლოების უფრო ფართო პროცესის ჩათვლით, ხელს შეუწყობს ევროკავშირის შიდა ბაზარზე შემდგომ ეკონომიკურ ინტეგრაციას, როგორც ამას ასოცირების შეთანხმებები ითვალისწინებს.

ჩვენ ვაღიარეთ ასოცირებული ტრიოს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა, რაც მიზნად ისახავს კოორდინაციის გაზრდას საერთო ინტერესის საკითხებზე, რომლებიც ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლას, მათ შორის ევროკავშირის მიერ ასოცირებული ტრიოს ევროპული პერსპექტივის აღიარებას ეხება.

ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ DCFTA-ის არაფორმალური მინისტერიალების პოზიტიურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ასოცირებული ტრიო ელის ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის გაძლიერებას სხვადასხვა სფეროში, კერძოდ, მწვანე და ციფრული გარდაქმნა, დაკავშირებადობა, ენერგეტიკული უსაფრთხოება, მართლმსაჯულება და საშინაო საქმეები, სტრატეგიული კომუნიკაციები და ჯანდაცვა.

ჩვენ გამოვხატეთ ინტერესი ტრიოს ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისადმი ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზარზე ინტეგრაციის მიმართულებით, მათ შორის ციფრულ ევროპასა და დაკავშირებული ევროპის ინსტრუმენტში მონაწილეობის, ასევე ევროკავშირსა და ასოცირებულ ტრიოს ქვეყნებს შორის როუმინგის გადასახადების შემცირების გზით.

ჩვენ მზად ვართ ყველა ღონე გამოვიყენოთ ევროკავშირთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად, მათ შორის მაღალ დონეზე, რათა გავაძლიეროთ ევროპული ენერგოუსაფრთხოება გაზის ტრანსპორტირების არსებული მარშრუტების სრულად გამოყენებით, ევროკავშირის კანონმდებლობის სრულად დანერგვით, ელექტროქსელების სინქრონიზაციისა და ენერგიის როგორც ზეწოლის იარაღად გამოყენების პრევენციის გზით.

ჩვენ აღვნიშნეთ ევროკავშირსა და ტრიოს ქვეყნებს შორის დაკავშირებადობისა და სატრანსპორტო კავშირების გაძლიერების საჭიროება, რაც მოიცავს საგზაო ტრანსპორტის ბაზრის ლიბერალიზაციას, სატრანსპორტო დერეფნების განვითარებასა და ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აღპ-ს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის მხარდაჭერით.

ჩვენ ვაღიარეთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობისა და შავი ზღვის რეგიონში სიტუაციის რადიკალური ცვლილებები, რომლებიც დადგა 2017 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-5 სამიტის შემდეგ, უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ჯანდაცვისა და სხვა გამოწვევების ჩათვლით, პარტნიორმა ქვეყნებმა ერთობლივად უნდა განიხილონ ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ მუდმივი დესტაბილიზაცია და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევა აღპ-ს რეგიონის ბევრ ნაწილში სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის აქტიურ ძალისხმევას კონფლიქტების მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესებში და მოვუწოდეთ აღპ-ს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში მისი როლის გაძლიერებისკენ ყველა არსებული ინსტრუმენტის გამოყენებით, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი შემზღუდავი ზომების ჩათვლით. ჩვენ მოვუწოდეთ ევროკავშირის ლიდერებს, განიხილონ ეს საკითხები ევროპული საბჭოს 2021 წლის 16 დეკემბრის შეხვედრაზე.

ჩვენ აღვნიშნეთ, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ანექსიის მცდელობები, მისი აგრესია უკრაინის აღმოსავლეთში და ყირიმის დროებითი ოკუპაცია, ასევე მოუგვარებელი კონფლიქტი მოლდოვას რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონში სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონს და მთლიანად ევროპას.

ჩვენ კიდევ ერთხელ მკაცრად დავგმეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის რამდენიმე სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევა, მათ შორის კონფლიქტების წაქეზება და მხარდაჭერა დეზინფორმაციისა და კიბერშეტევების გამოყენება, რეგიონის მზარდი მილიტარიზაცია, ადამიანის უფლებების დარღვევა, და არჩევნების ჩატარება დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ჩვენ ასევე აღვნიშნეთ მედეგობის შემდგომი გაძლიერებისა და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) და ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა და ხელახლა დავადასტურეთ ერთობლივი მზაობა, რომ ხელი შევუწყოთ ასოცირების შეთანხმებაში გათვალისწინებული პრინციპების გატარებას. ჩვენ ველით ევროკავშირის სააგენტოებთან და მექანიზმებთან თანამშრომლობის განვითარებას, მათ შორის ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტსა და PESCO-ს პროექტებში მონაწილეობას. ჩვენ ასევე გამოვთქვით საერთო ინტერესი, რომ ევროკავშირთან დავიწყოთ დიალოგი უსაფრთხოების კომპასის ინიციატივის ფარგლებში.
ჩვენ ხელახლა დავადასტურეთ სრული მზაობა, რომ ვიმუშავებთ ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით, რასაც ჩვენი ხალხების მტკიცე ნება ამყარებს. ამ კონტექსტში, მოვუწოდებთ ევროკავშირს მხარი დაუჭიროს ჩვენი სახელმწიფოების სუვერენულ არჩევანს, ევროინტეგრაციის მიმართულებით ჩვენს მიერ გადადგმულ ყველა შესაბამის ნაბიჯს და აღიაროს საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა.