საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავარი მისწრაფება, გავხდეთ ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი, თავშივე გულისხმობს იმას, რომ განათლების დონით უნდა მივუახლოვდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების განათლების ხარისხს ამოსაბეჭდი ვერსია

2021-07-30

...

ჩვენი მთავარი მისწრაფება, გავხდეთ ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი, თავშივე გულისხმობს იმას, რომ განათლების დონით უნდა მივუახლოვდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების განათლების ხარისხს, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხელისუფლების მთავარი ღირებულებები განათლებაზე და განათლებულ საზოგადოებაზეა დაფუძნებული.
„ჩვენ დავიწყეთ 10-წლიანი განვითარების დოკუმენტზე მუშაობა და პრაქტიკულად, პირველი დოკუმენტი უკვე მზად არის. მინდა, ძალიან მოკლედ აღვნიშნო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად განათლების და მეცნიერების განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის და ჩვენი შვილებისთვის. როგორც მოგეხსენებათ და ეს ფართოდ არის ცნობილი ყველასთვის, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ისე როგორც ყველა სფერომ მიიღო ძალიან დიდი ზიანი და პირდაპირი მნიშვნელობით უნდა ითქვას, ნგრევა, განათლების სისტემაც, რა თქმა უნდა, ძალიან დაზიანდა და ზოგადად, ძალიან დიდი ზიანი მივაყენეთ მთლიანად ამ სისტემას. მაშინ, როცა ჩვენ, ყოველთვის ვითვლებოდით, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ერი და ფართოდ იყო აღიარებული, რომ ერთ-ერთი ყველაზე განათლებული საზოგადოება იყო ჩვენ ქვეყანაში. სამწუხაროდ, კატაკლიზმების შედეგად, ძალიან დიდი ზიანი მივაყენეთ განათლების სისტემას, როგორც ერთ მთლიანს და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზეც აისახა. ყველაფერი უკავშირდება განათლებას და მეცნიერების განვითარებას. ჩვენი შვილების მომავალი, ჩვენი ქვეყნის მომავალი, კეთილდღეობა. ჩვენი მთავარი ღირებულებები დაფუძნებულია სწორედ განათლებაზე და განათლებულ საზოგადოებაზე. ამ კონტექსტში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი მისწრაფება, გავხდეთ ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი, რა თქმა უნდა, თავშივე გულისხმობს იმას, რომ განათლების დონით უნდა მივუახლოვდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების განათლების ხარისხს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

პრემიერის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ხარისხიანი განათლების განვითარებას და მიწოდებას მოქალაქეებისთვის. 
„ერთის მხრივ გამოწვევა იყო განათლებაზე ხელმისაწვდომობა და ახლა ჩვენ უნდა გადავიდეთ ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. ამ მიზნით, ბატონ მინისტრს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა. მან და მისმა გუნდმა ზუსტად იციან, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანაში განათლება და მეცნიერება, ზოგადად როგორ უნდა ავწიოთ დონე, იმისთვის, რომ მაგალითად, ჩვენი მოქალაქეები, ადგილზე იღებდნენ ხარისხიან განათლებას, როგორც სკოლამდელ, ასევე სკოლასა და შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ძალიან კარგი მაგალითი, რომელსაც ჩაეყარა საფუძველი. ეს არის უპრეცედენტო პროექტი და იდეა სწორედ ამაში მდგომარეობს. მოგეხსენებათ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პარტნიორი. განათლების დონე და ხარისხი უკვე არის შესაბამისობაში ევროპულ განათლებასთან და ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

განათლებისა და მეცნიერების განვითარების ათწლიანი გეგმის პრეზენტაცია მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გამართა. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსის, განათლებისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური