საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციას დაესწრო ამოსაბეჭდი ვერსია

2021-07-28

..

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ქვეყნის დარგობრივი განვითარების ათწლიანი გეგმის შემუშავებასა და საზოგადოებისადმი წარდგენას გულისხმობს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. 
პრეზენტაცია ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა. 

„ვვარაუდობთ, რომ 2030 წლისთვის კულტურის წილი ქვეყნის ეკონომიკაში უნდა გაიზარდოს 2,8%-იდან 5,5%-მდე. ამ სექტორში დასაქმებულთა წილი საერთო დასაქმებაში უნდა გაიზარდოს ასევე 5,2%-იდან 5,8%-მდე და კულტურული ტურიზმი ჩვენს კოლეგა ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან ერთად, გაიზარდოს 8%-მდე", - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა პარლამენტს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის გაზიარებისთვის, რომლის თანახმად, კულტურაზე ხელმისაწვდომობის ბიუჯეტი 1 მლნ ლარით გაიზრდება. მინისტრის შეფასებით, ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა პრემიერის ინიციატივით და პარლამენტის მხარდაჭერით, განათლების სამინისტროსგან კულტურის სამინისტროს გამოყოფით, რაც სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებს ახალ სიცოცხლეს მისცემს. 

ღონისძიებას ეთნოგრაფიულ მუზეუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსის, კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური