საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ჩვენ ჩამოგვივიდა მილიონი დოზა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული, ავტორიზებული ჩინური ვაქცინები - „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ ამოსაბეჭდი ვერსია

2021-07-02

მინდა, ჩვენს მოსახლეობას ვაცნობო ძალიან მნიშვნელოვანი, პოზიტიური ინფორმაცია. დღეს ჩვენ ჩამოგვივიდა მილიონი დოზა ვაქცინა. ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ავტორიზებული ჩინური ვაქცინები, „სინოფარმი" და „სინოვაკი", რომელსაც ჩვენი მოსახლეობა უკვე კარგად იცნობს. მილიონი დოზა უკვე ადგილზეა. ჩვენ მზად ვართ, ორშაბათიდან დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი.

აქვე მინდა, მოსახლეობას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდო შემდეგი დოზების შემოსვლის თაობაზე. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ პირდაპირ, უშუალოდ მწარმოებლებთან. ისე, როგორც „სინოფარმის" და „სინოვაკის" შემთხვევაში მოხდა, ჩვენ აქტიურად ვაწარმოეთ, წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები და შემოვიდა მილიონი დოზა, უახლოეს რამდენიმე კვირაში შემოვა ნახევარი მილიონი დოზა „სინოფარმი" და ნახევარი მილიონი დოზა „სინოვაკი". ჯამში, 2 მილიონი დოზა გვაქვს შეკვეთილი.

გარდა ამისა, „ფაიზერთან" ჩვენი წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, მივაღწიეთ შეთანხმებას მილიონი დოზის თაობაზე. კონტრაქტი გაფორმებულია, თანხა გადახდილი გვაქვს. „ფაიზერიც" ასევე ეტაპობრივად, ივლისიდან დაიწყებს აღნიშნული მილიონი დოზის მოწოდებას და ჯამში, ჩვენ ველოდებით, რომ წლის ბოლომდე დაახლოებით 4 მილიონამდე დოზას მივიღებთ, რა გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენს მიერ განსაზღვრული სამიზნე - ზრდასრული მოსახლეობის 60% იყოს სრულად აცრილი წლის ბოლომდე.

ქალბატონი ტიკარაძის ხელმძღვანელობით, მთელი სამინისტრო, ჯანდაცვის სისტემა არის სრულად მობილიზებული. ჩვენ გვქონდა ასევე შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, კერძო კლინიკების ხელმძღვანელებთან და მათთან სრულ კოორდინაციაში ვართ იმისთვის, რომ ორშაბათიდან დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი.

რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩვენს მოქალაქეებს აქვთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. ჩვენი მთავრობის და პირადად ჩემი სახელით მინდა, თხოვნით მივმართო ჩვენს მოსახლეობას, გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ისე როგორც ჩვენ პანდემიის დასაწყისში მოვიქეცით და ვაჩვენეთ მართლაც უმაღლესი პასუხისმგებლობის დონე. ახლა ამ პროცესში, ვაქცინაციის პროცესში არის გადამწყვეტი სწორედ ჩვენი მოქალაქეების აქტიურობა და ჩართულობა. ჩვენ, ერთის მხრივ, უნდა დავიცვათ ჩვენი თავი და ჯანმრთელობა და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენს გარშემომყოფების მიმართ უნდა გამოვიჩინოთ სოლიდარობა. ჩვენი მშობლების, ოჯახის წევრების, ნათესავების, კოლეგების - ყველას მიმართ, ვინც ჩვენს გარშემო დგას. კიდევ ერთხელ მინდა, თხოვნით მოგმართოთ, რომ ორშაბათიდან სრულად იქნება მზად მთელი სისტემა, რეგისტრაცია დაიწყება ხვალიდან. უკვე ორშაბათიდან, ჩვენ დავიწყებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივ ვაქცინაციას.

დაახლოებით 350 ბრიგადა, რომელიც არის დაკომპლექტებული ექიმებით, შესაბამისი აღჭურვილობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიშლება და ჩვენ ამ პროცესს წარმატებით ვმართავთ. ჩვენი გათვლებით, დღეში, დაახლოებით, 20-დან 25 ათასამდე აცრა უნდა ჩავატაროთ იმისთვის, რომ თვეში მინიმუმ ნახევარი მილიონი ადამიანის აცრა განვახორციელოთ. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც იყო ჩართული ამ პროცესში, პირველ რიგში, ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს, ბატონ ამირან გამყრელიძეს, ქალბატონ თამარ გაბუნიას, ბატონ დავით ზალკალიანს და ჩვენს საელჩოებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული. მე მქონდა აქტიური მიმოწერა ჩინეთის პრემიერთან და მინდა, მადლობა გადავუხადო ჩინეთის მთავრობას. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის მთავრობას, რომლის უშუალო დახმარებითაც ჩვენ მივაღწიეთ წარმატებულ მოლაპარაკებას. ასევე, მე მქონდა პირადად „ფაიზერის" პრეზიდენტთან უშუალოდ საუბარი და მიმოწერა, რის შედეგადაც ჩვენ, როგორც უკვე გითხარით, წლის ბოლომდე, 4 მლნ დოზის სრულად გამოყენებას შევძლებთ. აშშ-ის მთავრობის და უშუალოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს „ფაიზერის" ვაქცინის რამდენიმე ასეული ათასი დოზა საჩუქრად გადაეცემა. ამის თაობაზე ცოტა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ჩვენს მეგობრებსა და კოლეგებთან საბოლოო დეტალებს გავივლით, ვაცნობებთ ჩვენს საზოგადოებას.