საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დასკვნითი სიტყვა პარლამენტში ამოსაბეჭდი ვერსია

2021-06-28

დიდი მადლობა, ბატონო თავმჯდომარევ, პატივცემულო დეპუტატებო!

პირველ რიგში, მადლობას გიხდით მოლოცვებისთვის! ძალიან ვაფასებ თქვენს კეთილ სურვილებს. ჩვენ ამ დღეების განმავლობაში დეტალურად მიმოვიხილეთ ჩვენს მიერ განხორციელებული საქმეები, მნიშვნელოვანი რეფორმები, კიდევ ერთხელ შევახსენეთ საზოგადოებას, თუ სად ვიყავით, სად ვართ და სად გვინდა, რომ ვიყოთ. მე ასევე დეტალურად წარმოგიდგინეთ, გამოვკვეთე ის ძირითადი პარამეტრები და კონტურები ჩვენი გრძელვადიანი განვითარებისა, რაც, ჩვენი ღრმა რწმენით, მოიტანს კეთილდღეობას ჩვენი მოსახლეობისთვის, განვითარებას და ჩვენი სამშობლოს გაძლიერებას.

ბუნებრივია, ძალიან ბევრი ცილისწამება მოვისმინე, ძალიან ბევრი ტყუილი, ბევრი მანიპულაცია, ეს გვესმის ძალიან კარგად, ვინაიდან ვიცით, თუ ვისთან გვაქვს საქმე. ბატონმა ირაკლი კობახიძემ ძალიან სწორი შეფასება გააკეთა, როცა მორიელს შეადარა ის ძალა, რომელმაც ძალიან ბევრი უბედურება მოუტანა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ყოველთვის, მეგობრებო, უნდა შევახსენოთ პირველ რიგში ჩვენს თავს და ვსაუბრობთ რა ჩვენს ახლო წარსულზე ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევედაროთ „ნაცმოძრაობას" და წარმოვაჩინოთ ჩვენი თავი იმგვარად, თუ როგორი კარგები ვართ. არამედ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ჩვენს თავს, მოსახლეობას, რომ წარსულში ჩვენ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით.

არაერთხელ გაჟღერდა ამ დარბაზში 90-იანი წლები. 30 წელს ითვლის ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატია. ძალიან ბევრი ტრაგიკული შეცდომა, ფატალური შეცდომა დავუშვით ჩვენ, ჩვენმა ხალხმა და იმ ელიტებმა, რომლებიც მართავდნენ ქვეყანას წლების განმავლობაში. მოდით ვთქვათ, მაშინ რას მივაღწიეთ ამ წლების განმავლობაში. 90-იანი წლებში, მას შემდეგ რაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, რა თქმა უნდა, მთელი ერი იყო გაერთიანებული საერთო დიდი მიზნის გარშემო. ეს იყო ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დიადი იდეა, რასაც მივაღწიეთ, ბუნებრივია, დაინგრა საბჭოთა კავშირი. ამის შემდეგ ჩვენი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ელიტების მიერ, ქვეყანა ჩაება სამოქალაქო ომში, ძმათამკვლელ ომში, დავკარგეთ ტერიტორიები, მივიღეთ ომი აფხაზეთში, სამაჩაბლოში. ჩვენმა გათიშულობამ და ერის გახლეჩამ, განაპირობა ის, რაც განაპირობა, რაზეც ახლა ვსაუბრობ...

რამდენიმე კვირის წინ საქართველოში იმყოფებოდა ლიეტუვის პრეზიდენტი, რომელთანაც მე ძალიან დამწუხრებული ვსაუბრობდი ჩვენს ახლო წარსულზე და მათ შორის, პარალელს ვავლებდით, თუ როგორ გაიარა ბალტიის ქვეყნებმა ეს გზა და როგორ მიაღწიეს ევროკავშირთან ინტეგრაციას, ევროკავშირის წევრობას, ნატოს წევრობას. ამ დროს, ჩვენ გავიხსენეთ, თუ სად ვართ დღეს ჩვენ, საქართველო და რა შეცდომები დავუშვით, ძალიან დამამახსოვრდა მისი ნათქვამი, რომ მაშინ, ლიეტუველი ხალხი იყო გაერთიანებული, მაშინ არ არსებობდა ფრაგმენტაცია, არ იყო ერი დახლეჩილი. ამ გაერთიანებამ მიაღწია და ლიტველ ხალხს შეაძლებინა ის, რომ დღეს ლიეტუვა, ბალტიის ქვეყნების წევრები, არიან ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნები, არიან ძლიერი სახელმწიფოები და ჩვენ სად ვართ დღეს, მეგობრებო, დღესაც ვართ, სამწუხაროდ, საუბედუროდ იქ, სადაც ვიყავი 90-იანებში, ისევ დაყოფა, ისევ ერთმანეთის სიძულვილი, ისევ ერთმანეთის ცილისწამება და ეს გაუთავებელი კინკლაობა.

ამ დროს რა ხდება ჩვენს რეალობაში. რა თქმა უნდა, მე აქ ოპონენტებისგან სხვა რა უნდა მომესმინა, თუ არა, რაღაც აბსურდული ბრალდებები, თითქოს შინაარსისგან დაცლილი ხედვა წარვადგინეთ, მაშინ, როდესაც დეტალურად ვისაუბრე ყველა მიმართულებაზე. დეტალურად კიდევ ერთხელ შევახსენე ჩვენს თავს, თუ ყველა მიმართულებით რამხელა პროგრესი გვქონდა ბოლო წლებში. მე არ ვამბობ, რომ ჩვენ ვართ უშეცდომონი, პირიქით, ჩვენც ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ არ დაგვიშვია დანაშაული მეგობრებო. ჩვენ როცა ვესაუბრებით ოპონენტებს და როცა მე ხელს ვიშვერ, ვგულისხმობ დამნაშავე პირებს, წინა ხელისუფლების, „ნაცმოძრაობის". რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვახსოვს, უნდა გვახსოვდეს, უნდა ახსოვდეს ჩვენს ამომრჩეველს და მოსახლეობას, რომ შეცდომები აღარ უნდა გავიმეოროთ. ჩვენ აღარ გვაქვს შეცდომების გამეორების უფლება.

არაერთხელ გავიხსენეთ და ვახსენეთ 2008 წლის აგვისტოს ომი. მე მესმის, რომ ეს მათთვის არის ძალიან მძიმე ჭრილობა, მაგრამ მეგობრებო, ეს თქვენი მძიმე მემკვიდრეობაა. თქვენ დაგვაკარგინეთ ტერიტორიების 20 პროცენტი. „ნაცმოძრაობამ", სააკაშვილის მთავრობამ შემოაბრუნა რუსული ჯარი, რითაც მათ დააკანონეს ქვეყნის ოკუპაცია.
ჩვენ უნდა შევახსენოთ კიდევ ერთხელ ჩვენს თავს, რომ წლების განმავლობაში, წინა ხელისუფლების დროს, ხდებოდა ჩვენი მოქალაქეების მუდმივი ჩაგვრა. ჩაგვრა, ტერორი, წამება, არაადამიანური მოპყრობა ციხეებში, თუ ციხის გარეთ, გაუპატიურება დ ა.შ. უმძიმესი მემკვიდრეობა გვერგო ჩვენ, „ქართულ ოცნებას". აღარაფერს ვსაუბრობ არც ადამიანის უფლებებზე, არც მედიის თავისუფლებაზე, რაზეც ბატონმა არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა, რაც მათ აღარ აინტერესებთ. სასამართლოს დამოუკიდებლობაზე გვესაუბრებიან ჩვენ. იმ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, რომელიც 2012 წლამდე იყო პროკურატურის უბრალო დანაყოფი. რასაც ეტყოდა პროკურორი, იმას გააკეთებდა მოსამართლე. დღეს ეს ადამიანები გამოდიან და გვეუბნებიან ჩვენ - რატომ რჩებიან დღეს სასამართლოში ბატონი მურუსიძე და სხვები, რამდენიმე გვარი აქვთ დაზეპირებული. ბატონებო, უკაცრავად, თქვენ მოგმართავთ, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს - თქვენ რატომ რჩებით პოლიტიკაში დღეს, ამ მძიმე წარსულის შემოქმედები?!

აქ ძალიან ბევრი ისაუბრეს, ბატონი რომან გოცირიძე გამოვიდა ტრაფარეტული სიტყვებით - სიმართლე, სიმართლე, სიმართლე და გვესაუბრა მხოლოდ სიყალბე, სიყალბე, სიყალბე. ბატონი რომან გოცირიძე, რომელიც არის კუპონის ფუძემდებელი ქვეყანაში. ხომ გახსოვთ კარგად კუპონი და კუპონიზაცია?! ეს კაცი დღეს გველაპარაკება ჩვენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გვეუბნება, რომ სოფლის მეურნეობაში „ნაცმოძრაობას" ჰქონდა უფრო მეტი პროგრესი, ვიდრე ჩვენს მთავრობას. ამაზე მეტი სიცრუე რა შეიძლება მოვისმინოთ თქვენგან, ბატონო რომან?!

სიღარიბის მაჩვენებელი 2012 წლამდე 37-38% იყო, ახლა არის 19-21%, რაც, რა თქმა უნდა, დამაკმაყოფილებელი არ არის. სწორედ ჩვენი ხედვის, ჩვენი გეგმების მიხედვით, ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ სიღარიბის მაჩვენებელი უახლოესი წლების განმავლობაში მინიმუმ გავანახევროთ. უმუშევრობა 2012 წელს იყო 26,7%, ახლა გვაქვს 21% და რა თქმა უნდა, ესეც უნდა გავანახევროთ უახლოეს წლებში და ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ.

არ შემიძლია, უპასუხოდ დავტოვო ბატონი ხაზარაძის საუბარი და მისი გამოსვლა. როდესაც ბატონი ხაზარაძე საუბრობს ბატონ ივანიშვილზე, შედარებისთვის, ფაქტებით მინდა მივმართო მას და ძალიან სამწუხაროა, რომ იგი არ ესწრება დღეს დარბაზში. ჩვენ აქ მთელი მთავრობა თითოეულის გამოსვლას დავესწარით, ყურადღებით მოგისმინეთ ყველას. ბატონმა ივანიშვილმა სამი მილიარდი დოლარი დახარჯა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის, საკუთარი ჯიბიდან. ბატონმა ხაზარაძემ მეგობრებო, შედარებისთვის - ანაკლიის პროექტისთვის, რომელსაც იგი თავად უწოდებს საუკუნის პროექტს, დახარჯა სამი მილიონი დოლარი. დღეს ბატონი ხაზარაძე და მისი ჯგუფი წასული არის სასამართლოში, უცხოეთის სასამართლოში და ქვეყანას უჩივის რამდენს? - 1,5 მილიარდ აშშ დოლარს, რომ ქვეყანას, ჩვენს ხალხს წაგლიჯოს 1,5 მილიარდი დოლარი - აი ეს არის პასუხი თქვენს დემაგოგიაზე, მეგობრებო და თქვენეული ხედვა, ბატონო მამუკა, არ არის საუკუნის პროექტი, ეს არის საუკუნის ძარცვის პროექტი, მეგობრებო. მაშინ, როცა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, დაწყებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის და პარტიის თავმჯდომარის, ბატონ ივანიშვილის დროს, შემდეგ ჩემი პრემიერობის, დროს, ყველა პრემიერის დროს, ამ პროექტს ჰქონდა სრული მხარდაჭერა. მთავრობამ დახარჯა 60 მილიონი ლარი, მეორე 300 მილიონი ლარი ჰქონდა აღებული ვალდებულება, მიწები გამოისყიდა, შემდეგ 100 მილიონი დოლარი ჰქონდა ასევე ვალდებულების სახით აღებული და ოთხჯერ გადაუვადეს შესრულება. დღეს რომ ჩახვალთ ანაკლიაში, ნახავთ რომ იქ არის ქვიშის გორები და ხალხი ვერ სუნთქავს ადგილზე, იმიტომ, რომ დაიწყეს რაღაც სამუშაოები, რაც გითხარით სამი მილიონი დოლარი, ჩემი ინფორმაციით, არის დახარჯული, ბატონი ხაზარაძის და მისი ჯგუფის მიერ და რეალურად შესრულებულია არაფერი, ამბობენ, რომ დახარჯეს 80 მილიონი. დავუშვათ, დახარჯეს 80 მილიონი, მაინც უჩივიან მილიარდ 500 მილიონს, როგორც ბატონი ვაშაძე იტყოდა, ჩვენს გაღარიბებულ ქვეყანას და ვართ ღარიბი ქვეყანა. რაზეა საუბარი, ამდენი ფარისევლობა და სიყალბე არის დამღუპველი, მეგობრებო, დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის.

ძალიან ცუდად მომხვდა ყურში, არაერთმა გამომსვლელმა, მათ შორის ბატონმა ვაშაძემ, ქალბატონმა ჩარკვიანმა, ქვეყანა მოიხსენიეს შემდეგი ეპითეტებით - „ყველაზე უბედური ქვეყანა", ძალიან მერიდება ამის თქმა - „ჩამპალი ქვეყანა" და ა.შ. თქვენ ქვეყანა არ გიყვართ მეგობრებო? როგორ საუბრობთ ჩვენს სახელმწიფოზე საერთოდ?!

ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი სურვილი გვაქვს, ყველანი გავერთიანდეთ, ასეთი დამოკიდებულებით უბრალოდ არ მესმის, ვერ ვხედავ პერსპექტივას, ამ ოპოზიციასთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან" ვითანამშრომლოთ. ქვეყანა 6 თვის განმავლობაში ამყოფეს საბოტაჟის რეჟიმში და დღეს პასუხი არ გაუციათ ჩვენი მოქალაქეებისთვის, რატომ დააზიანეს ჩვენი სახელმწიფო. იცით, რას მეუბნებიან ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრები? რომ ისინი დაიღალნენ „ნაცმოძრაობის" ლიდერების ჩივილით ჩვენზე, კონკრეტულად ჩემზე ან ლიდერებზე კი არა, არამედ ქვეყნის პრობლემებზე, რეალურად იმაზე, რომ აქ რაღაც საშინელება ხდება. ჩვენ რამდენიმე მაგალითი მოვიყვანეთ და ღიად გააჟღერეს, რომ დღეს თურმე მათივე შეფასებით, ქვეყანა არ არის მზად, გახდეს ნატო-ს წევრი. შევახსენეთ მათ, რომ დაჟინებით ითხოვდნენ, არ მიეცათ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, მათივე თანამოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი. ჩვენ ამას მივაღწიეთ, მეგობრებო და კიდევ უფრო მეტს მივაღწევთ, მიუხედავად თქვენი ამ მავნებლური პოლიტიკისა. მე არ მოვერიდები ამის თქმას, ეს არის მავნებლობა და ეს მავნებლობა უნდა დაამთავროთ, უნდა დაამთავროთ იმიტომ, რომ ასე ქვეყანა ვერ განვითარდება.

...აქ საუბრობდნენ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირებულია და ასეც არის ნამდვილად; შეგახსენებთ, რომ იანვარში, ბატონი მელია, რომელიც რატომღაც არ დადის, მესმის მისი, გაუჭირდებოდა აქ ყოფნა, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ დარბაზში, ყოველდღე იმეორებდნენ, რომ გაზაფხულზე უნდა მოხდეს რევოლუცია. რატომ ამბობენ ამას? იმიტომ, რომ ინვესტორს არ ჰქონდეს პროგნოზირებადობისა და სტაბილურობის შეგრძნება. შემთხვევით არ გამიხსენებია 90-0იანი წლები და 2008 წლის ომი, მთავარი, რაც ყველას სჭირდება, როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ხალხს, ისე უცხოელებს, ვინც აქ ცხოვრობენ, ისე ინვესტორებს, ვინც ფულის ჩადებას აპირებს ჩვენს ქვეყანაში, არის პოლიტიკური სტაბილურობა. ერთადერთი ძალა და ყოველთვის შევახსენებ ამ ადამიანებს, ვინც ამ 30 წლის განმავლობაში უზრუნველყო რეალურად უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა, არის „ქართული ოცნება". როცა ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად ამ მავნებლური პოლიტიკისა და მათი უწყვეტი საბოტაჟისა, ჩვენ მაინც შევინარჩუნეთ მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება. შეკითხვები უამრავია და ამ დემაგოგიასა და სიყალბესთან ერთად, რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი ცილისწამებაც, რა არის „ქართული ოცნების" მთავარი მიღწევა. 1-ლი ოქტომბერი არის მთავარი მიღწევა ჩემი აზრით, როცა მთელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა რეალურად გათავისუფლდა თქვენი მჩაგვრელი რეჟიმისგან.

გუშინ, მაგალითად, 27 ივნისს, 7 წლის წინ, ჩვენ ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას, მივაღწიეთ უვიზო რეჟიმს, თავისუფალ ვაჭრობას. ყველა მიმართულებით, იქნება ეს ადამიანის უფლებები, იქნება ეს ჯანდაცვა, განათლება, სპორტი, კულტურა, პოლიციის რეალურად დეპოლიტიზება და მისი გაძლიერება, უსაფრთხოების სამსახურის გაძლიერება, ჯარის გაძლიერება - ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს ხელშესახები პროგრესი. ეს არის საკმარისი? - რა თქმა უნდა, არა. მე ჩემს გამოსვლაში ვისაუბრე, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი მოქალაქეების სიღარიბე, მეგობრებო.

ნახევარ მლნ-ზე მეტი დღეს სახელმწიფოსგან იღებს შემწეობას, რომ გადარჩნენ. მათ შორის, 180 000 ბავშვია. ამ პირობებში, მათ აბსოლუტურად არ აინტერესებთ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, სტაბილურობა, გარდა პირადი ეგოსი. სწორედ, პირადი ინტერესების გამო ხდება ყველაფერი. ის, რაც ბატონმა ხაზარაძემ თქვა, მხოლოდ პირადი ინტერესების გამო იყო. რაც ბატონმა ვაშაძემ თქვა, ასევე მისი პირადი ამბიციების გამო იყო. რა თქმა უნდა, აღარ ვსაუბრობ „ნაცმოძრაობაზე" და მათ პირად ამბიციებზე და მათი ბელადის პირად ზრახვებზე, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. დაანგრევს ამ ქვეყანას, კიდევ გაყიდის, კიდევ ჩააბარებს მტრებს, ოკუპაციას გააკეთებინებს დამატებითი ტერიტორიებისა, იმისთვის, რომ მან ხელახლა მოიპოვოს ძალაუფლება. ამას ვერ ეღირსებით, მეგობრებო.

ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს, ვინაიდან ისევ მიწევს საუბარი მათ პოლიტიკურ მემკვიდრეობაზე. მე ძალიან ბევრი ვისაუბრე ჩვენს გრძელვადიან ხედვაზე, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, როგორ მოვედით დღევანდელობამდე. ერთის მხრივ, წარსული უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ხალხი დავაზღვიოთ შეცდომების განმეორებისგან. მეორეს მხრივ, სად ვართ დღეს და სად გვინდა, რომ ვიყოთ - აი, სწორედ ამ ხედვაზე ავაგეთ ჩვენი გამოსვლა, მთავრობის ხედვაც სწორედ ამაზეა დაფუძნებული, ჩვენი პოლიტიკაც და მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს, თითოეულ დეპუტატს, ვინც გვერდში გვიდგას ჩვენ, მთავრობას. როგორც ერთიან გუნდს, მჯერა, ჩვენ ერთად ძალიან ბევრი საქმის გაკეთება შეგვიძლია.

გამოწვევები, ბუნებრივია, ძალიან ბევრია. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო პანდემია და ვაქცინაციასთან დაკავშირებით არაერთი შეკითხვა დაისვა. იმის მიუხედავად, რომ მე ვისაუბრე და 2-3 დღეში უკვე შემოვა მლნ ვაქცინა, შემდეგ აჩვენეთ შემდეგი ეტაპები - Pfizer-ის კიდევ ერთი მლნ, შემდეგ კიდევ ერთი მლნ სხვა, ჩინური ვაქცინების, უწყვეტად მაინც აგრძელებენ დემაგოგიას და სიცრუეს, რომ მთავრობას თურმე არ აქვს ვაქცინაციის გეგმა და ა.შ. შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს თავიდან ბოლომდე დალაგებული ეს სისტემა, მათ შორის ექიმებისგან შემდგარი ბრიგადები, რომლებმაც დღეში 20-30 ათასამდე აცრა უნდა ჩაატაროს. ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. COVAX-ის პლატფორმიდან, რომელზეც იყო მთავრობა დამოკიდებული მანამდე, ვიდრე მე დავინიშნებოდი, იყო გარკვეული შეფერხება და თქვენ იცით, რომ ევროპის ქვეყნებსაც, ძლიერ სახელმწიფოებს ჰქონდათ ძალიან ბევრი შეფერხება ვაქცინების მიწოდებასთან დაკავშირებით. შემდეგ ჩვენ შევცვალეთ, როცა მე დავინიშნე და მინისტრთან ერთად აქტიურად ვიყავით ჩართულნი. პირადად ვესაუბრებოდით როგორც Pfizer-ის ხელმძღვანელს, ასევე, ჩინეთის ხელისუფლებასთან გვქონდა პირდაპირი მოლაპარაკებები და მიმოწერები. ჩვენ მივაღწიეთ იმ შედეგს, რაც უკვე მოგახსენეთ.
რაც შეეხება ეკონომიკის აღდგენას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენთვის დიდი ოპტიმიზმის მომცემია ის ფაქტი, რომ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს. აპრილში ჩვენ გვქონდა 45%-მდე ზრდა, მაისში ჩვენ ველოდებით, მინიმუმ 25%-იან ზრდას, რაც გვაძლევს ძალიან დიდი ოპტიმიზმის საფუძველს.

ეს ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ესმით. მათ შორის, ბატონ რომანს (გოცირიძეს) კარგად ესმის, ეს რას ნიშნავს. მათი ეს პესიმისტური გამოსვლები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, რომ რამენაირად ეს პოზიტიური მოლოდინები შეცვალონ და შეაფერხონ.

ამას ემსახურებოდა ბატონი არმაზ ახვლედიანის, ამ ბუმბერაზი ადამიანის ნათქვამი, რომ ჩვენ, მთავრობა, თურმე ვამზადებთ თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებას. ეს ემსახურება კიდევ იმას, რომ შეიქმნას ხელახლა რაღაცა არასტაბილურობის განცდა.
....მე და მთლიანად ჩვენი გუნდი, მთავრობა გაძლევთ გარანტიას, რომ ვიქნებით მაქსიმალურად მობილიზებულები, მთელი საპარლამენტო გუნდი, მთელი უმრავლესობა, „ქართული ოცნება", რა თქმა უნდა, ჩავატარებთ უპრეცედენტოდ გამჭვირვალე, ღია, თავისუფალ არჩევნებს და დამაჯერებლად, ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს ჩვენი პარტია.
მე მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს საპარლამენტო უმრავლესობას, ჩვენი პარტიის თავჯდომარეს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებს, ბატონ პარლამენტის თავჯდომარეს, თითოეულ დეპუტატს. იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ კონსტრუქციულ რეჟიმში ოპოზიციის გარკვეულ ნაწილთან, რა თქმა უნდა, თანამშრომლობას. ჩვენ მზად ვართ, მთავრობა მზად არის, ღიად გააგრძელოს მუშაობა თქვენთან ერთად, იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ დღევანდელი მძიმე მდგომარეობა.

ჩვენი მთავარი ხედვა რაც არის ინფრასტრუქტურის მიმართულებით, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის მიმართულებით, ადგილობრივი წარმოების განვითარების, ქართული ჯარის გაძლიერების და განვითარების, პოლიციის გაძლიერების თუ ყველა მიმართულებით, ემსახურება იმას, რომ 2030 წელს და ეს არც თუ ისე შორს არის, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში გავიდა სულ რაღაც 8 წელი, 8-9 წელი გავიდა, განხორციელდეს.

როდესაც ჩვენ გვაკრიტიკებენ ოპონენტები, მე მინდა მათ შევახსენო, არ არსებობს ნორმალური სახელმწიფო, რომელიც არ იხედება შორს და არ გეგმავს, არ აქვს გრძელვადიანი განვითარების ხედვა.

მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ და გისურვოთ მშვიდობა და სტაბილურობა.