საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის ანგარიში პარლამენტში ამოსაბეჭდი ვერსია

2021-06-25

პრემიერ-მინისტრის ანგარიში პარლამენტში

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიში და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმა წარადგინა.


მოგესალმებით, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, პატივცემულო დეპუტატებო, პატივცემულო სტუმრებო.

ბოლო ერთი წელი ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებული გამოწვევებისა და სირთულეების წელი იყო. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, გლობალურმა პანდემიამ შეიწირა მრავალი ადამიანის სიცოცხლე. გარდა ჰუმანიტარული კრიზისისა, პანდემიამ გამოიწვია უპრეცედენტო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რაც ჩვენი თითოეული თანამოქალაქის კეთილდღეობაზეც მძიმედ აისახა.

ჩვენი საზოგადოებისთვის უმწვავეს რეალურ პრობლემებს ბოლო თვეების განმავლობაში დაემატა ხელოვნურად შექმნილი ე.წ. პოლიტიკური კრიზისიც.

მე სწორედ ამ რთულ პირობებში, სამიოდე თვის წინ დამეკისრა ეს საპასუხისმგებლო თანამდებობა.

საანგარიშო პერიოდის ვრცელი მიმოხილვა ცოტა ხნის წინ გამოგიგზავნეთ. კიდევ ერთხელ, მოკლედ შევაჯამოთ მთავრობის საქმიანობა ამ პერიოდში.

პანდემიის გამო შარშან ჩვენი ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა. თუმცა, ჩვენ არც ერთი წუთით არ შეგვიწყვეტია ინფრასტრუქტურული პროექტები, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, არ გაჩერებულა წარმოების მნიშვნელოვანი დარგები. სახელმწიფომ, სხვადასხვა პირდაპირი დახმარებისა თუ შეღავათების სახით, მაქსიმალური დახმარება გაუწია მეწარმეებსა და დასაქმებულ ადამიანებს.

დროის მოკლე პერიოდში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოვიზიდეთ ორი მილიარდ ასი მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება. ამან შესაძლებელი გახადა პანდემიის საპასუხო ღონისძიებების სრული დაფინანსება და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება.
შევიმუშავეთ ჯანდაცვის, სოციალური და ბიზნესის მხარდაჭერის ღონისძიებების მძლავრი პაკეტი.
ჯანდაცვის ხარჯებმა შეადგინა 900 მილიონი;
ბიზნესის მხარდაჭერამ - 3,0 მილიარდი ლარი;
მოქალაქეთა სოციალური დაცვის ღონისძიებებმა - მილიარდ სამასი მილიონი ლარი.
წელს პანდემიის გავლენის შემცირებასთან ერთად ეკონომიკის გაჯანსაღების წელია. შეგახსენებთ, რომ აპრილში ექსპორტის 70 პროცენტიანი ზრდა პანდემიამდე მონაცემსაც აღემატება და ნათლად მიანიშნებს გაუმჯობესების ტენდენციაზე.

ვითარდება სატრანზიტო და ლოჯისტიკური პოტენციალი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. გრძელდება საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელებში ინტეგრაცია და საქართველოს რეგიონალურ ჰაბად ჩამოყალიბება.

საანგარიშო პერიოდში განხორციელდა 600 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია, გაიხსნა მაგისტრალური გზის 70-მდე კმ. ასევე გეტყვით, რომ ამ სამუშაოებმა თბილისი-ბათუმის გზა 1 საათით უკვე შეამცირა.

აქტიურ ფაზაშია ფოთის საზღვაო ტერმინალის მშენებლობა, პრიორიტეტად რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური.

დასრულებულია ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის სამშენებლო სამუშაოების დაახლოებით 82 %. საპილოტე რეჟიმში უკვე ხორციელდება გადაზიდვები.

შეგახსენებთ, ჩვენ დავიწყეთ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენა. დასრულდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალი.

ეკონომიკური სტაბილურობისა და სიძლიერისთვის აუცილებელია რეგიონების განვითარება და ადგილებზე ახალი სამუშაოების შექმნა. ყველა დიდი თუ მცირე პროექტი სწორედ რეგიონების გაძლიერებას, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას ემსახურება. სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების" პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია.

აქტიურად მიმდინარეობს რეგიონების გაზიფიცირება და წყალმომარაგება.
გეგმაზომიერად ვახორციელებთ სოფლისა და სოფლის მეურნეობის გაძლიერების პოლიტიკას. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შარშან და წელს ჯამში 8300-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი შეირჩა დასაფინანსებლად.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით გაიზარდა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა.
გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგებიც. მაგალითისთვის - აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 942 მლნ დოლარს გადააჭარბა, რაც 84.5%-ით აღემატება 2012 წლის მაჩვენებლებს.
ეტაპობრივად ვნერგავთ ევროპულ სტანდარტებს გარემოსდაცვით სფეროშიც.
ახალი ტყის კოდექსი უზრუნველყოფს ხეტყის დამზადების სამუშაოების ორგანიზებულ მართვას და ტყეების დაცვას.
ბოლო წლებში რეკორდულად, 280 ათასი ჰექტარით გაიზარდა დაცული ტერიტორიების ფართობი და დღეს ის ჩვენი ქვეყნის 12%-ს ფარავს.
დაცულ ტერიტორიებზე განხორციელებულმა არაერთმა ინფრასტრუქტურულმა პროექტმა და სამუშაოებმა გააჩინა ახალი მიზიდულობის ცენტრები, შექმნა ახალი შესაძლებლობები როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ზოგადად მოსახლეობისთვის.

საგარეო პოლიტიკის მხრივ მინდა კიდევ ერთხელ შევაჯამოთ განვლილი პერიოდი. ჩვენი უმთავრესი მიზანია საქართველოს ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია.
შეგახსენებთ, 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს გავაკეთებთ ოფიციალურად.
ღრმავდება თანამშრომლობა ევროკავშირთან როგორც უმაღლეს პოლიტიკურ, ისე ინსტიტუციურ დონეზე.
უმაღლეს დონეზეა ურთიერთობები ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ მოკავშირე ქვეყანასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

საქართველოსადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის დადასტურებაა კონგრესის მიერ 2020 წლის ბოლოს დამტკიცებული საკანონდებლო აქტები. ასევე წელს, თებერვალში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენთა მიერ ხელახლა ინიციირებულია „საქართველოს მხარდამჭერი აქტი", გაზრდილია დაფინანსება.
ჩვენ ეფექტიანად ვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის.
მე უკვე განვაცხადე, რომ საქართველო დღეს უკვე ყველა პარამეტრით არის მზად, გახდეს ნატოს წევრი.
ავღანეთში ნატოს მისიებში ჩვენმა სამხედროებმა მსოფლიოს აჩვენეს, თუ რა შეუძლია ჩვენს ქვეყანას. მე მინდა მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ ჩვენს გმირ სამხედროებს, რომლებიც მისიას ასრულებენ ღირსეულად და სამშობლოში ბრუნდებიან.

საერთაშორისო დონეზე სულ უფრო ძლიერდება მხარდაჭერა ოკუპაციის წინააღმდეგ და არაღიარების პოლიტიკა, ძალიან ეფექტიანად ვმუშაობთ. ვმუშაობთ, რომ დაისაჯონ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში დამნაშავეები, გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებულები, მათ შორის, ზაზა გახელაძე და ირაკლი ბებუა.

ჩვენი ძალისხმევის თვალსაჩინო დასტურია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)". ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევებისათვის რუსეთს ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიმართ პასუხისმგებლობა დაეკისრა.

ამასთან, ვაგრძელებთ აფხაზ და ოს ძმებთან ნდობის აღდგენის აქტიურ, შედეგზე ორიენტირებულ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას; მათ შორის, გამყოფი ხაზების გასწვრივ ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის წახალისებას სამშვიდობო ინიციატივის - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" ფარგლებში.

ასევე მინდა გითხრათ, ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობა ჩვენი მოქალაქეები არიან და მათზე ზრუნვა ჩვენი პასუხისმგებლობაა.

პანდემიის პერიოდში ჩვენ მათ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებით გავუწიეთ დახმარება, მივაწოდეთ დაახლოებით 4 მილიონი ლარის სამედიცინო აღჭურვილობა, მედიკამენტები, ვაქცინები. ვუმკურნალეთ 1,500-მდე ადამიანს.

გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქეებისათვის ხორციელდება ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური, ჯანდაცვის და საგანმანათლებლო პროგრამები.

ომმა მთიან ყარაბაღში მნიშვნელოვანი სირთულეების წინაშე დააყენა მთელი რეგიონი. ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნისთვის არსებითია სამეზობლოში მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენ ვაგრძელებთ დაბალანსებულ და, ამავდროულად, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის პოლიტიკას.

ჩვენი პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი წარმატებაა სულ ახლახან ჩემი შუამავლობით და ამერიკის თანადგომით სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმება. ეს მართლაც უპრეცედენტო მოვლენაა, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენს განსაკუთრებულ როლს რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ორივე ქვეყნის ლიდერს, პრეზიდენტ ალიევს და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს. აქვე ვაცხადებ მზადყოფნას, რომ გავაგრძელოთ ეს პროცესი საერთო მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად.

ინტენსიურად წარვმართავთ დიალოგს თურქეთთან ეკონომიკის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

ჩვენი საერთაშორისო პოლიტიკის წარმატების დასტურია ის, რომ იზრდება საქართველოს წარმომადგენლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში.

საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს უდიდესი წვლილის შეტანა შეუძლიათ როგორც ქვეყნის განვითარებაში, ისე საქართველოს საერთაშორისო პოპულარიზაციაში. ჩვენი პრიორიტეტია საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა. ამასთან, მიუხედავად პანდემიისა, აქტიურად ვახორციელებთ დიასპორაში შემოქმედებითი ჯგუფებისა თუ ახალგაზრდობის მხარდაჭერას, ქართული ენის სწავლებას, კულტურის კერებისა და ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობას. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ დასრულდა ლევილის მამულის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პირველი ფაზა.

გრძელდება რეფორმები ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და ტოტალური თავდაცვის განსამტკიცებლად. ნატოსთან თავსებადობის გაზრდის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების და სამხედრო მოსამსახურეების დაფასების მიზნით გადაიდგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
აქტიურად ხორციელდება ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი. აშშ-სთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ ისტორიული მნიშვნელობის პროგრამას - GDRP-ს. გამოიცა თავდაცვის ძალების სამოქმედო გეგმა 2020-2030, რომელიც განსაზღვრავს შემდეგ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებს: ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, დაზვერვის და საინჟინრო შესაძლებლობების განვითარება.

შევიძინეთ და ახლო მომავალში დამატებით შევისყიდით თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებს „ჯაველინებს".
უმოკლეს ვადებში ქართული სამხედრო ავიაციის, პრაქტიკულად, ნულიდან აღდგენა შევძელით. წარმატებით მიმდინარეობს ჰაერსაწინააღმდეგო მიმართულების განვითარება, ნატოს სტანდარტების M4-ის ტიპის შაშხანებით და თანამედროვე ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებით და სხვა საშუალებებით ჯარის აღჭურვა.
დავიწყეთ ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარება. პირველად ჩვენი ჯარის ისტორიაში თავდაცვის ძალებს გადაეცა საქართველოში წარმოებული 40-მდე ჯავშანმანქანა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
შეიარაღების ეფექტიანად წარმოებისთვის აქტიურად ვიყენებთ ჩვენს საწარმო დელტას, რომ ერთობლივი საწარმოების ფარგლებში მივიღოთ სტრატეგიით გათვალისწინებული პროდუქცია.
ცენტრ „დელტას" ბაზაზე აქტიურად იქმნება სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციაც. უკვე ფუნქციონირებს დელტა-ტექსტილი. ამჟამად ვმუშაობთ საბჭოთა მოძველებული ტექნიკის სრულად ჩანაცვლებაზე, განახლებაზე. 500 ერთეული თანამედროვე ბრენდების სპეცტექნიკა უკვე შეძენილია და თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურა უახლოეს მომავალში სრულად გაუთანაბრდება ნატოს სტანდარტებს.
სამხედროების დაფასების პოლიტიკის ფარგლებში გაიზარდა ხელფასები, გაძლიერდა სამხედროების კვებითი, ჯანდაცვის, განათლების, აღჭურვილობის და სხვა მიმართულებები.
მიმდინარეობს რეფორმები მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად, კრიმინალური, სასაზღვრო, საპატრულო პოლიციის გასაძლიერებლად, პენიტენციური სისტემის მოდერნიზაციისა და განვითარებისთვის.
მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს ორგანიზებული დანაშაულის, ტრეფიკინგის ნარკოდანაშაულის, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ჩვენს პოლიციელებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოებას. გაიზარდა და კვლავაც გაიზრდება პოლიციელთა შრომითი ანაზღაურება. ჩვენ კვლავაც ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათი თავდადებული შრომა კიდევ უფრო დაფასდეს.
ვმუშაობთ ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ, უმაღლესი სტანდარტების ეროვნულ სტრატეგიაზე, რომლის მიზანია დისკრიმინაციის აღმოფხვრა, ინკლუზიურობისა და თანასწორობის პოლიტიკის, გენდერული თანასწორობის გაძლიერება, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების შემცირება, ბავშვთა უფლებების დაცვა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენი პრიორიტეტია.
შრომის კოდექსში შევიტანეთ ცვლილებები, რომლებიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დასაქმებულთა შრომით უფლებებს. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის მიზანია თითოეული მოქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანასწორი, სრულფასოვანი და ღირსეული მონაწილეობის უზრუნველყოფა, მრავალკულტურული საზოგადოების განმტკიცება. მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ეთნიკურ უმცირესობათა შორის სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლებაზე.

დღეს ჩვენი ჯანდაცვის სისტემის პრიორიტეტია პანდემიის მართვა. დავაჩქარეთ სახელმწიფო სტაციონარული დაწესებულებების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა. სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის მუშაობამ დაგვარწმუნა, რომ ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის არსებითია სახელმწიფოს ჰქონდეს სამედიცინო მომსახურების მიწოდების საკუთარი რესურსი.
ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 57 ახალი ადმინისტრაციული შენობა აშენდა, 5-ის მშენებლობა კი მიმდინარეობს.
სოციალური დაცვის მდგრადი, სამართლიანი და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებისთვის იწყება „სოციალურ კოდექსზე" მუშაობა, რომლის მიზანია სოციალური, ჯანდაცვის და სადაზღვევო სფეროთა რეფორმა.
დღეს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის COVID-19-ის მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა სამედიცინო მომსახურება უფასოა.
პანდემიასთან ბრძოლაში ჩართული სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება გაიზარდა 50%-ით, გაიზარდა სასწრაფო დახმარების პერსონალისა და სოფლის ექიმების ხელფასიც. ტუბერკულოზის მართვის პროგრამის ფარგლებში სამედიცინო პერსონალის ხელფასი გაიზარდა 30%-ით.

ყოველწლიურად იზრდება ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დაფინანსება.
ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიურად ასანაზღაურებელი თანხა გაიზარდა 8 000 ლარით. კერძოდ, საბაზისო, მიზნობრივი და ვეტერანის პაკეტით მოსარგებლეებს შესაძლებლობა აქვთ 12 000-ის ნაცვლად 20 000 ლარის ღირებულების სამედიცინო სერვისი მიიღონ. ასაკობრივი პაკეტის მოსარგებლეებისთვის პროგრამით განსაზღვრული თანხა 15 000-დან 23 000 ლარამდე გაიზარდა.
საქართველო ინარჩუნებს პროგრესს აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და С ვირუსული ჰეპატიტის პრევენციასა და მკურნალობაში.
უწყვეტად ხორციელდება სოციალური პროგრამები და სერვისები სიღარიბისა და სოციალური რისკების შესამცირებლად.
პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება გავაორმაგეთ და თითოეულ ბავშვზე 100 ლარი დავაწესეთ. ასევე იზრდება მოცვა - 100000 ქულის ნაცვლად 120000 ქულის მქონე ბავშვიანი ოჯახები მიიღებენ დახმარებას.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონის ახალი ინდექსაციის წესით პენსიონერები პირველი იანვრიდან გაზრდილ პენსიას იღებენ. დღეს სახელმწიფო პენსია 240 ლარია. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, უნდა გაიზარდოს და გავზრდით ჩვენ მომდევნო წლების განმავლობაში. მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერები იღებენ 20%-იან დანამატს. შესაბამისად, სახელმწიფო პენსია მთაში 288 ლარი, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერთათვის 330 ლარია. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, ყველას გვესმის, რომ არ არის საკმარისი, მაგრამ რაც ჩვენ გავაკეთეთ, არის ძალიან კარგი და აუცილებელი - ინდექსაცია, რომელიც პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში.
რაც შეეხება სამუშაო ადგილებს ზოგადად, შრომის უსაფრთხოებას და ჩვენი დასაქმებული მოქალაქეების უფლებების დაცვას. დღეის მდგომარეობით, სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელი ფართობით ან/და სათანადო ფულადი დახმარებით 42 976 ოჯახი (119 043 პირი) უზრუნველვყავით.
საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილდა 3 000 ეკომიგრანტი ოჯახი.
2021 წლის ბოლომდე კიდევ 3 000-მდე დევნილი და 250-მდე ეკომიგრანტი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართობებით.
გაიზარდა შშმ პირების დახმარება და ივლისიდან სოციალური პაკეტი 250 ლარამდე იზრდება.

განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე რეფორმის მიზანია სისტემური განვითარება. განათლებისა და მეცნიერების გრძელვადიანი პერსპექტივა აისახება ათწლიანი განვითარების გეგმაში, რომელზეც აქტიურად მუშაობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად 2021 წელს პირველად ჩატარდა სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა. პარალელურად, შემუშავდა განსხვავებული სასწავლო გეგმა და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მათ სკოლაში დასაბრუნებლად.

ასევე გეტყვით, რომ ბოლო 8 წლის განმავლობში ჩვენ ავაშენეთ 174 ახალი საჯარო სკოლა და სრულად რეაბილიტირდა 257 სკოლა;

პანდემიის გამო სასწავლო პროცესი ნაწილობრივ დისტანციურად ხორციელდებოდა. ჩვენი მასწავლებლებისა და სამინისტროს ძალისხმევით არა მხოლოდ კარგად გავართვით თავი ამოცანას, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა გავხდით.

პროფესიული განათლების მიმართულებით განხორციელდა მასშტაბური რეფორმა და ეს პროცესი გრძელდება. სისტემა კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპულ სტანდარტს. განხორციელდა ეროვნული კვალიფიკაციების მოდერნიზაცია, მომზადდა შესაბამისი კვალიფიკაციის მასწავლებელთა კორპუსი, შეიქმნა სასწავლო რესურსები. პროფესიული განათლების სისტემა გახდა უფრო მოქნილი და მოერგო ყველა დაინტერესებული პირის საჭიროებას. ზრდასრულებისთვის შეთავაზებულია მოსამზადებელი პროგრამები სწრაფი დასაქმების ხელშესაწყობად.

აშენდა და მოეწყო ინფრასტრუქტურა. ეს პროცესი გრძელდება. პროფესიული პროგრამები ხელმისაწვდომი გახდა ყველა რეგიონში. ყველა მუნიციპალიტეტში უნდა იყოს პროფესიული სასწავლებელი. ეს არის ჩვენი მიზანი და ამოცანა. რამდენიმე ახალი კოლეჯი უახლოეს პერიოდში იქნება მზად სტუდენტების მისაღებად.

რეფორმის განსაკუთრებული მიღწევაა საერთაშორისო პარტნიორების მიერ უნიკალურ პლატფორმად აღიარებული ინსტიტუციური მოწყობისა და მართვის მოდელი, რომელიც კერძო სექტორთან ინტენსიური თანამშრომლობის შედეგია. დავაფუძნეთ პროფესიული უნარების სააგენტო, რომელიც რეფორმის ყველა კომპონენტში კერძო სექტორის თანამონაწილეობას გულისხმობს.

პანდემიის პერიოდში უნივერსიტეტებმა გაითვალისწინეს ჩვენი რეკომენდაცია და, სოციალური მხარდაჭერის სახით, სტუდენტებს საფასურის გადახდის გადავადება ან მოქნილი ინდივიდუალური გრაფიკი შესთავაზეს.

ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციისა და ხარისხის განვითარების მიმართულებით.

ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო საგანმანათლებლო ჰაბად ჩამოყალიბებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მეგაპროექტ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელმაც წელს პირველი სტუდენტები მიიღო.

უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში თავს მოიყრის მსოფლიოს დონის მეცნიერთა საუკეთესო გუნდი, რაც ეროვნული მეცნიერების ინტერნაციონალიზაციას შეუწყობს ხელს.

ვმუშაობთ „კულტურის კოდექსზე", რომელიც სამართლიანობის, პროპორციულობის და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს დაეფუძნება.

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის, გელათის კომპლექსის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების სრულად დაცვის მიზნით, საქმეში ჩაერთვებიან ევროპელი უმაღლესი კლასის სპეციალისტები.

ასევე გეტყვით, რომ გაიზარდა კულტურის ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით, მაღალმთიანი რეგიონების, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის, შშმ პირთათვის.

ასევე გაცნობებთ, რომ საანგარიშო პერიოდში ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ასპარეზზე 200, მათ შორის, 65 ოქროს მედალი მოიპოვეს, მადლობა მათ.

ჩვენმა ქვეყანამ არაერთ მასშტაბურ სპორტულ შეჯიბრებას უმასპინძლა და გამორჩეული ადგილი დაიკავა მსოფლიო სპორტულ რუკაზე.

2022 წელს თბილისი კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს მიიღებს, 2023 წელს - თხილამურსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიოს ჩემპიონატს, 2025 წელს კი ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ვუმასპინძლებთ.

ჩვენი მთავრობის მხარდაჭერით ბოლო წლებში აშენდა მნიშვნელოვანი სპორტული ობიექტები. ოლიმპიური სასახლე, ტანვარჯიშის და ფრენბურთის არენები, ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი, ბათუმის სტადიონი და სპორტის სასახლე, არაერთი სარაგბო და საფეხბურთო მოედანი მზად არის დიდი საერთაშორისო ტურნირების მისაღებად. შენდება კალათბურთის სპორტის სასახლე, რომელიც 2022 წელს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

აქტიურად ვემზადებით ტოკიოს ოლიმპიადისთვის და მინდა თქვენთან ერთად წარმატება ვუსურვო ჩვენს ოლიმპიელებს.

რა შეეხება სახელმწიფო მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციას და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას, რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანაა ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ადგილობრივი ხელისუფლების სისტემის დამკვიდრება.

კორუფციის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლის ეფექტიანობას ცხადყოფს საერთაშორისო გამჭვირვალობის ბოლო კვლევა. კორუფციის აღქმის ინდექსით ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და წელსაც პირველია რეგიონში; მსოფლიო მასშტაბით კი, 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილს ვიკავებთ და ვუსწრებთ ევროკავშირის 9 ქვეყანას.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობას კუთხით სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში მსოფლიოს 117 ქვეყანას შორის საქართველო სწორედ მე-5 ადგილს ვიკავებთ.

ასეთი გახლავთ ძალზე მოკლედ, ზოგად შტრიხებში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული საქმე და შედეგები.

ვფიქრობ, საკმაოდ რთული პროცესების შემდეგ, დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლების დიდი ძალისხმევით, კანონის უზენაესობისა და სახელმწიფო ინტერესების განუხრელი ერთგულებით, ყველა მიმართულებით ახალ ეტაპზე გადავედით.

დღეს დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოეს დღეებში ვაქცინის მილიონ დოზაზე მეტს მივიღებთ. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ფაიზერთან მივაღწიეთ შეთანხმებას მილიონი ვაქცინის მიღებაზე, ასევე გვექნება ერთი მილიონი სინოფარმი, მილიონი სინოვაკი, ნოვავაქსის 700 000 დოზა. ჯამში, წლის ბოლომდე 4 მილიონ დოზას მივიღებთ, რაც იქნება სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ, როგორც დავგეგმეთ, მოსახლეობის 60 პროცენტი იქნეს აცრილი.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირ ექიმებს!

განვლილი ურთულესი პერიოდის შემდეგ ჩვენმა ეკონომიკამ ზრდა დაიწყო. გასული წელი იყო ძალიან რთული არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. მარტში ეკონომიკა 4 %-ით გაიზარდა და აპრილში გვქონდა რეკორდული - 44.8% ზრდა. მაისში ჩვენ ველოდებით 20%-ზე მეტ ზდას. არ მინდა მოვლენებს დავასწრო. ძალიან მალე იქნება გამოქვეყნებული მაისის თვის ზრდის სტატისტიკური მონაცემები.
ბოლო ას დღეში პოლიტიკური ცხოვრება დაუბრუნდა მეტ-ნაკლებად ნორმალურ კალაპოტს.

დღეს პარლამენტი უკვე სრულფასოვნად, ხალხის მიერ მიცემული მანდატების შესაბამისად ფუნქციონირებს. მინდა აქვე ვისარგებლო შემთხვევით და ამ პროცესში მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ბატონ შარლ მიშელს და ყველას, ვინც ჩართული იყო მედიაციის პროცესში.

ახლა ჩვენს წინაშეა პანდემიის საბოლოოდ დაძლევის, ეკონომიკის სწრაფი აღდგენის და ცხოვრების ნორმალურ რიტმთან დაბრუნების ამოცანები.

თუმცა საჭიროა კიდევ უფრო შორს გავიხედოთ. პარლამენტში ჩვენს წინა შეხვედრაზე გითხარით, რომ ჩემს ამოცანად მიმაჩნია, არ დავჯერდეთ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უკვე მიღწეულ წარმატებებს და იმ პროგრესს, რომელიც ყველა მიმართულებით გვაქვს. ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ პრობლემებსა და გამოწვევებს, არა მხოლოდ ქვეყნის ოკუპაციას, არამედ უმუშევრობისა და სიღარიბის მაღალ დონეს.

დღეს საქართველოში 300 ათას ადამიანზე მეტია უმუშევარი, რაც შრომისუნარიანი მოსახლეობის თითქმის 22 %-ია.

მაისის მდგომარეობით საარსებო შემწეობის მიმღები არის 153 000 ოჯახი, ეს არის დაახლოებით 550 000 ჩვენი თანამოქალაქე, მათ შორის არის 180 000 ბავშვი.

მხოლოდ ეს ციფრები გვარწმუნებს, რომ საჭიროა უფრო ენერგიული ნაბიჯები გადავდგათ განვითარებისკენ.

ჩვენ გვჭირდება განვითარების გრძელვადიანი გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას, თანასწორობას, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, დაახლოებას ჩვენს ისტორიულ მისიასთან - ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციასთან.

გრძელვადიანი დაგეგმვა საჭიროა, რომ განვითარების პროცესები გავხადოთ პროგნოზირებადი. როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის, ისე ბიზნესისთვის, უცხოელი პარტნიორებისთვის - ყველასთვის მკაფიო უნდა იყოს, საით ვმოძრაობთ, საით მიდის ქვეყანა და საზოგადოება, რა კონკრეტულ შედეგებს მოიტანს ხელისუფლების მუშაობა.

ჩვენ უნდა დავძლიოთ ინერცია, როდესაც პოლიტიკოსები და პარტიები საარჩევნო კატეგორიებით, არჩევნებიდან არჩევნებამდე პერსპექტივაში ფიქრობენ. უნდა დავსახოთ ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალი ჰორიზონტი. სწორედ ამას გულისხმობდა ჩემი ინიციატივა განვითარების ათწლიანი გეგმის შესახებ, რომლის ძირითად კონტურებსაც ახლა წარმოგიდგენთ. გეგმა დასრულებულ სახეს ამ შემოდგომისთვის მიიღებს. სექტემბრის ბოლომდე დასრულდება ეს სამუშაოები. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ჩაერთოს ამ პროცესში - როგორც პარლამენტი, ისე არასამთავრობო სექტორი, კერძო სექტორი. ჩვენი უცხოელი პარტნიორები გამოთქვამენ სრულ მზადყოფნას, რომ ჩაერთონ ამ პროცესში, რათა მივიღოთ სრულყოფილი დოკუმენტი და ხედვა გრძელვადიანი განვითარების - როგორი უნდა იყოს ქვეყანა 2030-ში.

ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან განვითარებაში ეკონომიკას აქვს გადამწყვეტი როლი.

ეკონომიკური განვითარების სიკეთეები თითოეულ ჩვენს მოქალაქეს რომ შეეხოს, საჭიროა ექსპორტზე ორიენტირებული ადგილობრივი წარმოების განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაცია.

ამის მიღწევას ვაპირებთ მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის გაძლიერებით, ინოვაციების წახალისებით, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებით, სახელმწიფო საწარმოთა, წიაღისა და ენერგეტიკის, სხვა სექტორების რეფორმით, ინფრასტრუქტურის განვითარებით.
ჩვენ უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობისთვის დავიწყეთ ახალი სახელმწიფო პროგრამა ე.წ. FDI გრანტი; განიხილება სამუშაო ძალის წინასწარი გადამზადების მექანიზმი, ასევე სხვა ინიციატივები.

შედეგად, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება მალე გაიზარდოს საერთაშორისო ინვესტორთა რაოდენობა ქვეყანაში.

განსაკუთრებული ზრუნვის საგანია ადგილობრივი წარმოების, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება.
პროგრამით - „აწარმოე საქართველოში" ჩვენი გეგმის მიხედვით დაფინანსდება 1300 ახალი საწარმო და 400 სასტუმრო, რომელთა ჯამური ინვესტიცია შეადგენს 6 მილიარდ ლარს.
მცირე და საშუალო ბიზნესის ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით, დაინერგება რეგიონალური მეწარმეობის ხელშეწყობის მექანიზმი, რაც გულისხმობს მთელი საქართველოს მასშტაბით, 10 რეგიონში „ბიზნესცენტრების" განვითარებას.

ასევე სწრაფი ეკონომიკური განვითარება და ჩვენი ბიზნესის ხელშეწყობა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს.

ჩვენ კარგად გვესმის ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დადგა ბიზნესი პანდემიის შედეგად. როგორც ჩვენი ადმინისტრაციის პირველივე დღეებში განვაცხადეთ, ჩვენ ხელს შევუწყობთ ბიზნესის ეფექტიან და სწრაფ გაჯანსაღებას.

როგორც შეგპირდით, რეგულაციების შემსუბუქების და ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურების პარალელურად, გაიზრდება სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების, როგორიცაა, მაგალითად, „აწარმოე საქართველოში", არეალი და მასშტაბები.

დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ვიწყებთ სრულიად ახალ ეტაპს სახელმწიფოს მიერ ბიზნესის მხარდასაჭერად.

დაბალპროცენტიანი ბიზნესსესხი ხელმისაწვდომი გახდება თითქმის ყველა დარგის ბიზნესისათვის. ამასთან, ჩვენ არა მხოლოდ საპროცენტო განაკვეთს დავაფინანსებთ, არამედ მოვახდენთ სესხის თანაგარანტირებასაც. ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს და მეტ ბიზნესს გაუჩნდება ფინანსებზე წვდომა.

ამასთან, ჩვენ შემოგვაქვს თვისებრივად ახალი ფინანსური მექანიზმები იმპორტის ჩამნაცვლებელი და ექსპორტზე ორიენტირებული სექტორებისათვის, ასევე, სპეციალური პროგრამა აგრო- და ეკოტურისტული ობიექტების მხარდაჭერისათვის. დამატებით საგრანტო მექანიზმებით სარგებლობა შეეძლებათ ჩვენს მოქალაქეებს და ბიზნესს.

რაც მთავარია, ჩვენ არ ვიფარგლებით მხოლოდ ბიზნესის პირდაპირი მხარდაჭერით და ვიწყებთ ახალ პროგრამას ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით. მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ოჯახებს, რომელთაც შეეძინებათ შვილი, საშუალება ექნებათ ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით და ამით შეიქმნან/გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები.
აღნიშნული ინიციატივების უზრუნველსაყოფად მიმდინარე და 2022 წლების პერიოდში მოხდება დამატებით 300 მილიონ ლარზე მეტი რესურსის მობილიზება.
გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ დამატებით, მხოლოდ მცირე და საშუალო საწარმოებში, 100 ათასი მოქალაქის დასაქმებას შევძლებთ და 50 პროცენტით გაიზრდება პროდუქტიულობა.
დღეს წიაღის სექტორში დასაქმებულია დაახლოებით 37 000 ადამიანი. წიაღის რეფორმის ეფექტიანი განხორციელების შედეგად, 2030 წლისთვის დამატებით შეიქმნება 30 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს საგარეო ვაჭრობის განვითარება. დღეს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ვსარგებლობთ 45 ქვეყანასა და ერთ საბაჟო ადმინისტრაციულ ერთეულთან. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ამას მომდევნო წლების განმავლობაში დაემატოს 11 ქვეყანა.

ასევე მინდა დამატებით გითხრათ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში'' 2000-ზე მეტ კომპანიას დაეხმარება ექსპორტის განხორციელებაში.
2012 წელს საქონლის ექსპორტი შეადგენდა 2.4 მილიარდ ამერიკულ დოლარს. ეს მაჩვენებელი 2020 წელს იყო 3.3 მილიარდი დოლარი. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ უახლოეს წლებში ექსპორტი გახდეს 5 მილიარდი დოლარი.
ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცება, რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. დიდი ყურადღება დაეთმობა განახლებადი ენერგიის წყაროების ოპტიმალურ ათვისებას. ჩვენი მოლოდინით, მომდევნო ათ წელიწადში გენერაციის სიმძლავრე 7 ათას მეგავატს გადააჭარბებს. ახალი სიმძლავრეების უდიდესი ნაწილი განახლებად ენერგიებზე მოვა.
ელექტროენერგიის ევროპულ ბაზართან პირდაპირი წვდომის მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის შესრულებას. ამის თაობაზე ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ევროკავშირთან, ჩვენს პარტნიორებთან.


რაც შეეხება ტურიზმს. მე მინდა რამდენიმე სიტყვით შევეხო ამ მეტად მნიშვნელოვან მიმართულებას. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ საქართველო მსოფლიო ტურისტულ რუკაზე წარმოჩინდეს როგორც მოწინავე, ყველა სეზონის, მომსახურების მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი და უნიკალური შთაბეჭდილებების ქვეყანა. უკვე არსებულს დაემატება ახალი ტურისტულ ცენტრები ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, უახლოეს წლებში 13 მილიონამდე გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა.

ტურიზმიდან შემოსავალი მომდევნო წლების განმავლობაში, ჩვენი გათვლებით, 6.5 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს სოფლის მეურნეობის განვითარება. ამისთვის ვგეგმავთ მიწის ფონდის სრულ რეგისტრაციას და მოსახლეობის მიწით, ტექნიკით, სოფლის მეურნეობის სპეციალისტების მომსახურებით, ფინანსებზე წვდომით უზრუნველყოფას, გადამმუშავებელი და სარეალიზაციო პირობების შექმნას, ასევე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ.
2012 წელს წყალუზრუნველყოფილი იყო 45 ათასი ჰექტარი, რაც წელს უკვე შეადგენს 172 ათას ჰექტარს. მომდევნო 10 წლის განმავლობაში ჩვენი ამოცანა უნდა იყოს 227 ათასი ჰექტარის შედეგის მიღწევა. ჩვენი გეგმის მიხედვით, მომდევნო წლების განმავლობაში მთლიანად იქნება აღდგენილი სამელიორაციო სისტემა.
ეტაპობრივად გაიზრდება სურსათით თვითუზრუნველყოფის დონე და ეს უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა.
2030 წელს ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ღორის, ფრინველისა და საქონლის ხორცის წარმოება, ხოლო რძით უზრუნველყოფა, ჩვენი გათვლებით, 108 პროცენტს მიაღწევს.
მილიარდამდე გაიზრდება ღვინის ექსპორტიდან შემოსული შემოსავლები.

ზოგადად, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტი 2012 წელს იყო 500 მლნ დოლარი, 2020 წელს 942 მლნ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო ათწლიან პერსპექტივაში ეს მაჩვენებელი უნდა გახდეს მინიმუმ 3 მილიარდი დოლარი.


სწორად მიმართული ინვესტიციებით გავაუმჯობესებთ სახელმწიფო და საერთაშორისო გზების მდგომარეობას.
2012 წლიდან დღემდე ჩვენ ავაშენეთ 151 კილომეტრი მაგისტრალური გზა. ასევე, მანამდე, შედარებისთვის, მინდა ჩვენს ოპონენტებს შევახსენო, რომ მათ დროს, 2007-12 წლებში, აშენდა მხოლოდ 68 კმ. გზა.
მომდევნო წლების განმავლობაში, საერთო ჯამში, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება 31 მილიარდი ლარი.
„განახლებული რეგიონების" პროექტის ფარგლებში 63 მუნიციპალიტეტი აითვისებს წელსვე 500 მილიონ ლარს. ეს ურბანული განახლების პროგრამა გაგრძელდება მომავალ წელს და შემდეგ, მომდევნო წლებში.
430 კმ-იანი მაგისტრალი 2030 წლისთვის, რა თქმა უნდა, იქნება დასრულებული.

წითელი ხიდი-სარფის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების მაგისტრალის მშენებლობის დასრულებით მგზავრობის დრო განახევრდება და ნაცვლად 8 საათისა, იქნება 4 საათი.


2025 წელს ყველა ქალაქს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება, ხოლო 2030 წელს მთელი ქვეყნის მოსახლეობას ექნება სრული წვდომა ლიცენზირებულ და ხარისხიან წყალმომარაგებაზე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა.

გაგრძელდება მაღალმთიანი დასახლებების მხარდაჭერა.

ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვა.
მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს მომდევნო წლების განმავლობაში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და ამისთვის კომპლექსური ღონისძიებების გატარება ჰაერის, წყლის, ნიადაგის დაბინძურების შესამცირებლად.
თანამედროვე ევროპულ მიდგომებს, რა თქმა უნდა, უნდა დაეფუძნოს დაცული ტერიტორიების გაფართოება და მართვა. მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაცული ტერიტორიების ფართობი 800 000 ჰექტარიდან 1 მილიონ ჰექტარამდე გაიზრდება, რაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 17%-ს შეადგენს. დაცული ტერიტორიების ეკოტურიზმიდან მიღებული შემოსავლები უნდა გახუთმაგდეს.
ჩვენი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე დაინერგება წყლის რესურსების მართვის ევროპული სისტემა. უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი მდინარეების ეკოლოგიური მდგომარეობა, უზრუნველყოფილი იქნება წყლის რაციონალური გამოყენება.
კიდევ უფრო გავამკაცრებთ ზომებს ბრაკონიერობის და ტყის გაჩეხვის აღმოსაფხვრელად.


დღეს ჩვენი ჯანდაცვის სექტორის ამოცანა პანდემიასთან ბრძოლა, მისი დასრულებაა. ამასთან, ჩვენ ვაგრძელებთ გრძელვადიან რეფორმებზე და პროექტებზე მუშაობას.

მომდევნო 10 წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს: ხარისხიან ჯანდაცვაზე და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ჩვენი მოქალაქეებისთვის; პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჰოსპიტალური ქსელის გაძლიერება; ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პერსონალის მოტივაციის გაზრდა; არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული ავადობის და სიკვდილობის განახევრება; ტუბერკულოზის და შიდსის ახალი შემთხვევების მინიმუმამდე შემცირება. ასევე, 10-წლიან პერსპექტივაში, ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდები 47-დან 30%-მდე უნდა შემცირდეს.
სოციალური პოლიტიკის მიზნებია სოციალური კოდექსის შემუშავება და მის ფარგლებში სოციალური, ჯანმრთელობის და სადაზღვევო რეფორმის გატარება.

კვლავ დიდ ყურადღებას დავუთმობთ განათლების ხარისხსა და ხელმისაწვდომობას - ამის თაობაზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ; განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა როგორც სკოლების რეაბილიტაციას, ზოგადად, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ჩვენი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციას საერთაშორისო დონეზე.

მომდევნო 10 წლის განმავლობაში უმაღლესი განათლება 2 მილიარდ 830 მილიონი ლარით, ხოლო მეცნიერება 2 მილიარდ 104 მილიონი ლარით დაფინანსდება.

ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და 2030 წლისთვის საშუალო დატვირთვის პირობებში 2200 ლარს გადააჭარბებს.

მომდევნო წლების განმავლობაში, ზოგადი განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდ 230 მილიონს გადააჭარბებს. უმაღლესი განათლების ბიუჯეტი - 270 მლნ ლარი, ხოლო მეცნიერების ბიუჯეტი 243 მლნ ლარი გახდება. პროფესიული განათლების ბიუჯეტი 554 მლნ ლარს მიაღწევს.


თავდაცვის მიმართულებით კიდევ ერთხელ მინდა ჩამოვაყალიბო ჩვენი გეგმები. ჩვენი გრძელვადიანი პრიორიტეტია ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, დაზვერვისა და თვალთვალის, საინჟინრო შესაძლებლობების განვითარება.
ჩვენი პრიორიტეტი უნდა იყოს სამხედრო მრეწველობის განვითარება.

უახლოეს მომავალში დელტას ბაზაზე, ებრაულ კომპანიასთან ერთად, დავიწყებთ ამერიკული M4-ის ტიპის შაშხანების წარმოებას.
მომავალი წლიდან, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, ვგეგმავთ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას ადგილზე, დელტას ბაზაზე.

სამხედროების ბინებით უზრუნველყოფის ჩვენი პროექტის ფარგლებში, უკვე გაისად 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს ბინას და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

2030 წელს ჩვენ გვექნება ეფექტიანი, თანამედროვედ აღჭურვილი საბრძოლო ძალა, რომელიც შეძლებს ადეკვატურად მოახდინოს საფრთხეებზე დროული რეაგირება.

განვითარდება და ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდება სამართალდაცვის სისტემა.

განხორციელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომლის მიზანია საგამოძიებო, საუბნო და ოპერატიული მიმართულებების სრული გამიჯვნა.

სრულად ამოქმედდება ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლითაც მკაფიოდ გაიმიჯნება გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილებები.

ასევე, იგეგმება ავტოპარკის და სპეციალური ტექნიკის შეძენა, მათ შორის სამაშველო სამსახურისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების და მესაზღვრეებისთვის 2 ახალი შვეულმფრენის შეძენა.
ქვეყნის მასშტაბით, ყველა ქალაქსა და საავტომობილო გზაზე ჭკვიანი კამერების განთავსება.

ძველი, ამორტიზებული შენობების ნაცვლად ჩვენ ავაშენებთ ახალ შენობებს. მაქსიმალურად მოცული იქნება რეგიონები, მათ შორის ძნელად მისაღწევ და მაღალმთიან ზონებში ავაშენებთ ახალ საპოლიციო და სამაშველო შენობებს.

აშენდება ახალი სასაზღვრო სექტორები და საზღვრის დაცვისთვის აუცილებელი ახალი ინფრასტრუქტურა, რითაც მაქსიმალურად იქნება დაფარული მთელი ქვეყნის საზღვრის ყველა მონაკვეთი.

დაგეგმილი გვაქვს სრულად განვაახლოთ და დავაკომპლექტოთ მოძველებული შეიარაღება და სპეციალური საშუალებები. სისტემა აღიჭურვება ახალი, თანამედროვე შეიარაღების სისტემებით.

ამოქმედდება ელექტრონული დისპეტჩერიზაციის პროგრამა, რაც გაზრდის დანაშაულზე და სხვა სამართალდარღვევებზე რეაგირების ეფექტიანობას.

ამოქმედდება ე.წ CRIME STOPPER, რაც მოქალაქეს საშუალებას მისცემს, პოლიციას ოპერატიულად მიაწოდოს კანონდარღვევის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ანალიტიკური სისტემების განვითარებას უზრუნველყოფს.

დაინერგება ადრეული გაფრთხილების SMS-სისტემა, რომელიც სახიფათო ტერიტორიაზე მყოფ აბონენტებს შეატყობინებს მომხდარი ან პოტენციური საფრთხის შესახებ.

ჩვენი გეგმის მიხედვით, 10-წლიან პერსპექტივაში დაგეგმილია შრომის ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა ყოველ ორ წელიწადში ერთხელ.
ვმუშაობთ ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ, უმაღლესი სტანდარტების ეროვნულ სტრატეგიაზეც, რომლის მიზანია დისკრიმინაციის აღმოფხვრა, ინკლუზიურობისა და თანასწორობის პოლიტიკის, გენდერული თანასწორობის გაძლიერება, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების შემცირება, ბავშვთა უფლებების დაცვა.

რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს გეგმებს, ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ უახლოეს წლებში მაქსიმალურად მოხდეს ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაცია და ეს პროცესი ბოლომდე მივიდეს;
ასევე, ჩვენი მომდევნო წლების ერთ-ერთი მთავარი გეგმა და ამოცანაა ევროპული სტანდარტის მცირე ზომის ციხეების შექმნა.

მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იქნება მოქმედი და ყოფილი პატიმრების დასაქმება.

არასრულწლოვანი პატიმრები განთავსდებიან საოჯახო ტიპის დაწესებულებებში.


კიდევ ერთი მთავარი მიზანი, რაც უნდა იყოს მომავალი წლების განმავლობაში, ეს არის მიწის ფონდის რეგისტრაციის დასრულება. სრულად დაზუსტდება მისამართები ყველა დასახლებულ პუნქტში.

დასრულდება სერვისების დიჯიტალიზაციის პროცესი.

კულტურის სფეროში შემდგომი 10 წლის განმავლობაში გაწერილია ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები:
უნდა გავზარდოთ ხელმისაწვდომობა კულტურაზე, ზოგადად, კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ მუშაობას, შემოქმედებითი საქმიანობის და ინდუსტრიების გაძლიერებას, სახელოვნებო განათლების განვითარებას და ხელმისაწვდომობას ჩვენი მოქალაქეებისთვის, ქართული კულტურის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ.
რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს მომდევნო წლების გეგმებს, ეს უნდა იყოს ბიზნესგარემოს ხელშემწყობი საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმები; ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული საგადასახადო სისტემის შემოღება; საგადასახადო დავების განმხილველი საბჭოს რეფორმა, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს ზოგადად საგადასახადო დავების გადაწყვეტას და გაზრდის ხარისხს.

კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმა; სახელმწიფო საწარმოების რეფორმა; სახელმწიფო ინვესტიციების მართვის რეფორმა; სახელმწიფო ვალის დონის თანამიმდევრული შემცირება პანდემიამდე არსებულ დონემდე.
რაც შეეხება საგარეო მიმართულებით ჩვენს გაწერილ გეგმებს, მინდა ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ამის თაობაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელება. გვაქვს გეგმა, შევიმუშაოთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაც; საწყის ეტაპზე შეიქმნება გალის და ახალგორის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის კონცეფციაც. 
ასევე, უზრუნველყოფილი იქნება რეგულარული თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მათ შორის სპეციალურად შექმნილი ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში.

სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული ხედვის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა: სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლებას - ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, მომდევნო 10 წლის განმავლობაში სახელმწიფო ენა იცოდეს არაქართულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულთა 99%-მა; ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სრულფასოვან ჩართულობას და კულტურათაშორისი დიალოგის განმტკიცებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

რაც შეეხება ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს ამოცანებსა და გეგმებს, შეგახსენებთ, 2024 წელს ჩვენ ვაპირებთ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის ოფიციალურად შეტანას, ამისთვის ჩვენ გვჭირდება, დავასრულოთ ევროკავშირთან საკანონმდებლო ჰარმონიზაცია; ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიება; აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის განმტკიცება. ჩვენი მიზანი უნდა იყოს მსხვილი ამერიკული ინვესტიციების მოზიდვა, ერთობლივი პროექტების განხორციელება, აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება.
ეს გახლავთ ძალიან მოკლედ ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების გეგმის მონახაზი. ჩვენ დავიწყებთ თითოეული სამინისტროს პრეზენტაციებს ივლისიდან, ყველას ექნება საშუალება - პარლამენტს, ექსპერტებს, მოწვეულ სპეციალისტებს, დონორებს, - ჩაერთონ ამ პროცესში. ეს პროცესი მაქსიმალურად გახსნილი და გამჭვირვალე იქნება. ჩვენი ამოცანაა, სექტემბრის ბოლოს აღნიშნული გეგმა დავასრულოთ, წარვადგინოთ და დავიწყოთ მისი იმპლემენტაციის მაქსიმალური კონტროლი და მონიტორინგი.
ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, მომდევნო ათი წლის განმავლობაში, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის 10 000 დოლარამდე გაზრდა. უმუშევრობის მაჩვენებელი უნდა გახდეს 9%, ჩვენი მინიმალური გეგმის მიხედვით.

ძლიერი საქართველო უნდა იყოს საერთო სახლი როგორც ქართველების, აფხაზების, ოსების, ისე ამ მიწაზე მცხოვრები ყველა ხალხისათვის, ყველა სტუმრისთვის, რომელიც ყველა ჩვენგანის ერთიანი ძალისხმევით უნდა აშენდეს და უნდა მივაღწიოთ ამ შედეგს. ჩვენ გვაქვს ამის ნიჭიც და პოტენციალიც. ჩვენ უნდა ვაქციოთ საქართველო ისეთ ქვეყნად, რომლისკენაც საუკუნეების განმავლობაში ისწრაფვოდნენ ჩვენი წინაპრები. ამისთვის ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური მშვიდობა, სტაბილურობა ქვეყანაში და გრძელვადიანი განვითარება, იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი, როგორც ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური კულტურის ერმა და ძლიერმა სახელმწიფომ.

კიდევ ერთხელ მადლობა ყურადღებისთვის!

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური