საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი - მსოფლიო ბანკი მზად არის, გაუწიოს კონსულტაცია მთავრობას ათწლიანი სტრატეგიული გეგმების დამუშავების მიმართულებით ამოსაბეჭდი ვერსია

2021-06-18

...

მსოფლიო ბანკი მზად არის, გაუწიოს კონსულტაცია მთავრობას ათწლიანი სტრატეგიული გეგმების დამუშავების მიმართულებით - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა ბიერდესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში მსოფლიო ბანკის პორტფელის საერთო მოცულობა 2,7 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, რომელიც წლების განმავლობაში გამოიყო ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის, დაახლოებით 70-მდე პროექტის დასაფინანსებლად.

„მივესალმები ჩვენს ძვირფას სტუმარს, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ქალბატონ ანა ბიერდესს, რომელიც გვეწვია საქართველოში. ქალბატონ ანასთან მქონდა პროდუქტიული შეხვედრა. ჩვენ ვისაუბრეთ იმ ძალიან წარმატებულ თანამშრომლობაზე, რომელიც საქართველოს მსოფლიო ბანკთან აკავშირებს. ჩვენ განვიხილეთ ჩვენი პროექტები, ის ძალიან მნიშვნელოვანი პორტფელი, რომელსაც მსოფლიო ბანკი მართავს ჩვენს ქვეყანაში. მინდა შეგახსენოთ, რომ პორტფელის საერთო მოცულობა შეადგენს 2,7 მილიარდ ამერიკულ დოლარს, რომელიც წლების განმავლობაში გამოიყო ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის, დაახლოებით 70-მდე პროექტის დასაფინანსებლად. ამჟამად ბანკის მიმდინარე 13 აქტიური პროექტის მოცულობა შეადგენს დაახლოებით მილიარდ დოლარს, რაც მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. მე მადლიერებით მინდა აღვნიშნო მსოფლიო ბანკის ჩართულობა თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, განათლების მიმართულებით. ვისაუბრეთ ასევე პროფესიული განათლების საჭიროებებზე და ამ მიმართულებით ერთობლივად უფრო მეტი ძალისხმევის განხორციელებაზე. ასევე ენერგეტიკის მიმართულებით, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით, რომელზეც ერთობლივად ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ. ასევე ქალბატონ ანას გავაცანით ჩვენი ხედვა, რომელიც შეეხება მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმების მომზადებას. მთავრობა აქტიურად მუშაობდა ბოლო თვეების განმავლობაში ამ მიმართულებით. ჩვენ უკვე პირველი დრაფტი, დოკუმენტი, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი უკვე მათ შორის ჩვენი ძალიან წარმატებული დონორისთვის, მსოფლიო ბანკისთვის და მე მას ვთხოვე აქტიურად ჩართვა ამ პროცესში, რათა მეტი რჩევა და კონსულტაცია მივიღოთ ამ მიმართულებით, იმისათვის რომ კიდევ უფრო მკაფიოდ განისაზღვროს ყველა სექტორის მიმართულება, ჩვენი მთავრობის მიმართულება და პოლიტიკა. ეს შეეხება ათწლიანი სტრატეგიული გეგმების დამუშავებას, რაზეც მე მივიღე პოზიტიური პასუხი ქალბატონი ანასგან, რომ მსოფლიო ბანკი მზად არის, გაუწიოს კონსულტაცია მთავრობას ამ მიმართულებითაც", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან საქართველოს ეკონომიკაზე პანდემიის შედეგები განიხილა. ირაკლი ღარიბაშვილმა ანა ბიერდეს ვაქცინაციის პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
"მოგეხსენებათ, პანდემიის დროს მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი მთავარი დონორი იყო და ახლაც არის მნიშვნელოვანი პარტნიორი ამ პროცესში. ჩვენ აქტიურ დახმარებას გვიწევს მსოფლიო ბანკი ვაქცინაციის პროცესში, ვაქცინების შეძენის პროცესში და მე მინდა, ბანკს საჯაროდ მადლობა გადავუხადო ამ მიმართულებით. ჩვენ წარმატებით მოველაპარაკეთ, ვაქცინის მწარმოებელს უშუალოდ, როგორიც არის Pfizer-ი, ასევე ჩვენ მივიღეთ ვაქცინები COVAX-ის პლატფორმიდან - ასტრაზენეკა, Pfizer-ის პირველი პარტია, ჩვენ ახლა ასევე ველოდებით ჩინურ ვაქცინებს, რომელიც ასევე არის ჯანმოს მიერ ავტორიზებული და ამ მიმართულებით წარმატებით ვმუშაობთ. ასე რომ, კიდევ ერთხელ შევაჯამეთ ის წარმატებული თანამშრომლობის ფართო სპექტრი და არეალი, რაც ჩვენ წლებია გვაქვს. კიდევ ერთხელ მინდა, ქალბატონ ანას მადლობა გადავუხადო",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ანა ბიერდეს თქმით, მსოფლიო ბანკს დიდი სურვილი აქვს ახალი სტრატეგიის შემუშავებაში მიიღოს მონაწილეობა, რომელზეც საქართველოს მთავრობა მუშაობს.
„ჩვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მომავალზეც ვესაუბრეთ. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ახალი სტრატეგიის შემუშავებაში მივიღოთ მონაწილეობა. ქვეყნის ახალი სტრატეგია იწერება რეფორმების განვითარების კუთხით, რაც საქართველოს მთავრობას ასე ძალიან უნდა. ვფიქრობთ, ჩვენი დახმარება აქტუალური იქნება. საქართველო არის წარმატებული რეფორმატორი და საქართველო მალევე დაუბრუნდება რეფორმების დღის წესრიგსა და პროგრამას, რასაც ჩვენ დიდი სიამოვნებით დავუჭერთ მხარს. მიგვაჩნია, რომ გაციფროვნება და ციფრული ეკონომიკა ის მიმართულებაა, რომელზეც ჩვენ დავეხმარებით ქვეყანას. ჩვენ უკვე ვეხმარებით საქართველოს „Log in Georgia"-ს პროექტის ფარგლებში, რომელიც ძალიან ახლოს არის ჩემს გულთან. ეს პროგრამა გულისხმობს როგორც სოფლად, ასევე ქალაქად მრავალი ათასი ადამიანის ჩართულობას მაღალი სიჩქარის ინტერნეტში და ეს მიმართულება კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს"-განაცხადა ანა ბიერდემ.

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, საქართველომ პანდემიის მართვის პროცესში თავიდანვე გამოიჩინა თავი და ყველა საჭირო ზომა იქნა მიღებული. მისი თქმით, საქართველო პანდემიისთვის მზად იყო როგორც ჯანდაცვის, ისე ეკონომიკის კუთხით.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ საქართველოში დავბრუნდი. 2015 წელს ვიყავი პირველად. ბევრი რამ შეიცვალა მას შემდეგ და რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ბევრს ვფიქრობთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში. 2020 წელი განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა მთელი მსოფლიოსთვის , მათ შორის საქართველოსთვის და მინდა დავიწყო ჩემი სიტყვა იმით, რომ საქართველოს მივულოცო ასეთი კარგი მართვა. თავიდანვე გამოიჩინა თავი ქვეყანამ, ყველა საჭირო ზომა იქნა მიღებული და ნამდვილად მიგვაჩნია, რომ ქვეყანა მზად იყო ჯანდაცვის კუთხით ამ პანდემიისთვის. ეკონომიკურადაც მზად იყო იმიტომ, რომ მხარდაჭერა იყო უზრუნველყოფილი ოჯახებისადმი და დარგებისადმი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთ ბუფერული ზონა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკის დარგებისთვის იმიტომ, რომ თავიდან დაიწყო როგორც ჯანდაცვის კრიზისი, მაგრამ მალევე გამოჩნდა, რომ ეკონომიკური კრიზისიც გამოვლინდა. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ თავიდანვე გვთხოვეს დახმარება, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც მოგვმართა დახმარებისთვის და ჩვენ საგანგებო რეჟიმში უზრუნველვყავით დახმარება. ახლახანს მაგალითად ჯანდაცვის სფეროში, ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში უზრუნველვყავით დახმარება. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მრავალპლატფორმული დახმარება გვაქვს საქართველოსთვის. ერთ-ერთი წარმატებული პროგრამა და სტრატეგია საქართველოში ხორციელდება ვაქცინაციის კუთხით და ეს არის მხოლოდ ერთი არხი ან ერთი საშუალება, მრავალ არხობრივი დახმარებაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შესყიდვები სწორედ მოხდეს და მოხდეს ვაქცინაციის პროცესის მართვა. ჩვენ დიდი სიამოვნებით დავეხმარებით ქვეყანას შემდგომშიც, ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში. ამ კალენდარული წლის ბოლოსთვის 60 % არის სამიზნე მაჩვენებელი და იმედი მაქვს, გამოიყენებს ამ შესაძლებლობას ქვეყანა. ჯანდაცვის სფეროს გარდა, მსოფლიო ბანკი საქართველოს ეხმარება მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების გაძლიერებაში. ეს ის სფეროა, სადაც მთელ რეგიონში ძალიან დიდი მოთხოვნა არსებობს ჩვენი კლიენტი ქვეყნებიდან და ჩვენ საქართველოს დიდი სიამოვნებით ვეხმარებით ამ კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ამ კუთხით ჩვენთვის აქტუალური გახდა ეს დარგი",-განაცხადა ანა ბიერდემ.

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, საქართველოში ამბიციური პროგრამა და გეგმა არსებობს როგორც მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების, ასევე კონკურენციის და დინამიური ეკონომიკის განვითარების კუთხით. მისივე თქმით, მსოფლიო ბანკს გარემოს დაცვის და მდგრადი განვითარების მიმართულება აინტერესებს. ანა ბიერდეს თქმით, რეაგირების ის პროგრამა, რომელიც საქართველოში ხორციელდებოდა, ძალიან კარგი იყო, ეხმარებოდა ქვეყანას და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური