საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

მთავრობის მეთაურმა 2015 წლის 13-14 ივნისს, ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-06-13

ეს დღე ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, ეს არის დიდი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. ამ დღეს, 13 ივნისს, შეეწირა ჩვენი არაერთი მოქალაქე და დღეს ჩვენ გამოვხატავთ მათი ხსოვნის წინაშე პატივისცემას, პატივს მივაგებთ მათ. კიდევ ერთხელ მინდა, რომ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს ეს დიდი ტრაგედია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2015 წლის 13-14 ივნისს ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალთან განაცხადა. 

მთავრობის მეთაურმა, თბილისის მერ კახი კალაძესთან და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად, მემორიალი ყვავილებით შეამკო და სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამ ტრაგედიამ მთელი საზოგადოება გააერთიანა და ახალგაზრდებმა მაშინ წარმოუდგენელი სოლიდარობა აჩვენეს. 

„მეორეს მხრივ, ამ ტრაგედიამ, გახსოვთ კარგად, რომ გააერთიანა მთელი ჩვენი საზოგადოება, მთელი ჩვენი ხალხი, ერი, ჩვენი ახალგაზრდობა და არნახული, წარმოუდგენელი სოლიდარობა გამოხატეს მაშინ ჩვენმა ახალგაზრდებმა. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს დღე გვახსენებს, რომ მუდამ უნდა ვიყოთ მობილიზებული, უნდა ვიყოთ ყოველთვის მზრუნველი. ამ ოჯახებს, მთავრობამ მაშინ ყველაფერი გაუკეთა, ასე ვთქვათ მაქსიმუმი გააკეთა რაც გასაკეთებელი იყო იმ დროს და კიდევ ერთხელ მინდა, პატივი მივაგო მათ ხსოვნას," - აღნიშნა პრემიერმა. 

ვერეს ხეობის ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური