საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ერთობლივი პრესკონფერენცია ამოსაბეჭდი ვერსია

2021-04-20

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:

მოგესალმებით,

მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოში კიდევ ერთხელ, - ძალზე მოკლე პერიოდში, ვმასპინძლობთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს.

ჩვენ მადლიერები ვართ პრეზიდენტ მიშელის პირადი ჩართულობის. მისი დღევანდელი ვიზიტი არის კიდევ ერთი თვალსაჩინო დადასტურება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო და მისი წარმატება ევროკავშირისთვის.

პრეზიდენტო მიშელ, თქვენ პირველად, ამ დარბაზში განაცხადეთ თქვენი ინიციატივის შესახებ, ეს მოხდა პირველ მარტს, რომელიც უკავშირდებოდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაციას, თქვენი უშუალო ჩართულობით, თქვენი პირადი წარმომადგენლის ჩართულობით. სწორედ ერთი თვის და 20 დღის შემდეგ, მე ვარ ბედნიერი და ამაყი, რომ შედეგი სახეზეა. შეთანხმება შედგა და შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნურად შექმნილი კრიზისი საქართველოში დასრულებულია. თქვენ ამისთვის გულწრფელ მადლობას იმსახურებთ. მინდა, ჩვენი მთავრობის სახელით, ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით, მადლობა გადაგიხადოთ იმ დიდი ძალისხმევისთვის, რომელიც თქვენ გაწიეთ ამ კონკრეტული შედეგის მისაღწევად. თქვენ დაამტკიცეთ, რომ ხართ ნამდვილი ლიდერი, შეგიძლიათ ევროკავშირის ეგიდით წარმატებული მედიაციის და მოლაპარაკების წარმოება კონკრეტული შედეგით დასრულებით.

ჩვენ ერთად შევქმენით წარმატებული მაგალითი, პრეცედენტი ევროკავშირის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობით, საქართველოსთან ერთად - პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ხელოვნურად იყო შექმნილი, ამოწურულია.

ასევე, მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო თქვენს წარმომადგენელს, ბატონ კრისტიან დანიელსონს, რომელიც თქვენი უშუალო მანდატით, თქვენი დავალებით იყო მოვლენილი საქართველოში. მან დიდი სამუშაო გაწია და იმუშავა ძალიან მჭიდროდ ჩვენს პარტიასთან, ასევე პოლიტიკურ პარტიებთან, ოპოზიციასთან.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს შეთანხმება შედგა; დღევანდელი დღით საქართველომ გაიმარჯვა. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი. ეს არის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების კონსოლიდაციას და იმ მთავარ გამოწვევებთან გამკლავებას, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე დგას.

საქართველო არის ევროკავშირის სანდო პარტნიორი. ბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ საქართველოს და ქართველი ხალხის ერთგულება ჩვენი ევროპული მისწრაფებებისა და ფასეულობებისადმი, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირთან თანამშრომლობის დღის წესრიგს და ამავდროულად ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედს წარმოადგენს.

შეხვედრაზე, პრეზიდენტ მიშელს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი მზაობა, მეტი ძალისხმევა მივმართოთ რეფორმების განხორციელებისკენ. რა თქმა უნდა, ხაზი გავუსვი ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებისთვის მზაობას, რათა მაქსიმალურად მოვემზადოთ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად.

შეხვედრაზე ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგზე და შემდგომ ნაბიჯებზე, როგორიცაა, მათ შორის, ევროკავშირის შიდა ბაზარზე შემდგომი ინტეგრაციისა და სექტორული პოლიტიკის დაახლოების მიზნით გადადგმული ნაბიჯები; ევროკავშირთან ფიზიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და გაძლიერება.

ასევე, რა თქმა უნდა, შევეხეთ საგარეო-პოლიტიკურ საკითხებსაც, კერძოდ საქართველო-რუსეთის კონფლიქტს და ოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.

და ბოლოს, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ მიშელს განსაკუთრებული, მართლაც უპრეცედენტო ჩართულობისთვის და მზაობისთვის, გააგრძელოს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა კომპლექსური რეფორმების გზაზე, - გზაზე, რომელმაც ჩვენ საბოლოო ევროკავშირის წევრობამდე უნდა მიგვიყვანოს.



ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი:

ძალიან მოხარული ვარ, რომ ისევ აქ ვიმყოფები, საქართველოში ჩემი პირველი ვიზიტიდან 6 კვირის შემდეგ. სასიამოვნოა აქ ყოფნა და შეხვედრა პოლიტიკურ ლიდერებთან, რომლებიც ერთად იმუშავებენ ინკლუზიურ პარლამენტში. მადლობა, ბატონო პრემიერო, ბოლო კვირების განმავლობაში ახლო კომუნიკაციისთვის, თქვენი ვიზიტისთვის ბრიუსელში და თქვენი გამბედაობისთვის, პოლიტიკური არჩევანისთვის და ამ ქვეყნის მომავლის შესახებ თქვენი ხედვისთვის.

ჩემს პატივისცემას გამოვხატავ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართაც, იმ ერთგულებისთვის, რომელიც გამოხატეს თავიანთი პოლიტიკური ინტერესების გვერდით გაწევით. ეს არ არის სისუსტე, ეს არის სიძლიერე და ეს არის ის გონივრული მიდგომა, რომელიც საჭირო იყო ამ ეტაპზე. ჩვენ ამ მომენტით უნდა ვისარგებლოთ, რათა პარლამენტში ერთად ვიმუშაოთ უკეთესი მომავლისთვის. რეფორმები არის ის, რაც საქართველოს სჭირდება, რაც უზრუნველყოფს თქვენი მოსახლეობის უკეთეს მომავალს, იმისთვის, რომ გაიხსნას გზა უფრო სიღრმისეული თანამშრომლობისთვის ევროკავშირსა და საქართველოს შორის.

ევროკავშირი საქართველოსთვის უძლიერესი პარტნიორია. ჩვენ გვაქვს საერთო ფასეულობები, ინტერესები დემოკრატიის და რეფორმების განხორციელების მიმართულებით. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. არსებული პანდემიის პირობებში, ეკონომიკური რეფორმების ფარგლებში ევროკავშირი 400 მილიონი ევროთი ეხმარება ქვეყანას და გამოხატავს უძლიერეს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ორმხრივი ურთიერთობები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს ძლიერი პარტნიორობა და თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში აქტუალურია. ბატონო პრემიერო, გარწმუნებთ, რომ ყველა ეს წარმატება ერთობლივად იქნება მიღწეული დემოკრატიის, სიძლიერის, კეთილდღეობის მიზნით და გისურვებთ ამ სიძლიერეს ევროპის მეგობრების რანგში. ეს ნდობა არის უცილობლად მნიშვნელოვანი. ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ოდესმე ყოფილა და იქნება.
დიდი მადლობა.


საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის კითხვა: - ბატონო პრეზიდენტო, როდესაც შექმნილია ახალი პოლიტიკური ვითარება, როდესაც საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყანაა და იგეგმება სამიტი, შესაძლებელია თუ არა, ევროკავშირმა იმსჯელოს საქართველოსთან დასაახლოებლად ახალი ინსტრუმენტების შეთავაზებაზე, მათ შორის იმ ფონზე, როდესაც ევროპარლამენტიდან გვესმის ასეთი ტიპის ინიციატივები - მაგალითად, დღეს კუბილიუსი საუბრობდა იმაზე, რომ როდესაც საქართველოს აქვს ნატოსთან თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა, ევროკავშირმა ასეთივე სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშაოს საქართველოსთვის. რამდენად რეალურია მსგავსი ინიციატივები და შესაძლოა, თუ არა ვიხილოთ ახალი წინადადებები, თან რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე?

ბატონო პრემიერო, როდესაც ქვეყანას გაცხადებული აქვს, რომ ვემზადებით 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად, რისთვის არის საქართველო მზად, თან იმ ფონზე, როდესაც კრემლიდან ხშირად გვესმის განცხადებები, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მოსკოვი განიხილავს რეგიონში გარკვეულწილად არეულობის შემოტანის მცდელობად?

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი:

დიდი მადლობა ამ კითხვისთვის.

საქართველოში მყოფი პოლიტიკური მოთამაშეების ამგვარი ძლიერი ჩართულობა და ლიდერობა ამიტომ არის მნიშვნელოვანი. უფრო მეტსაც გეტყვით, ევროპის და საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ბევრი იმუშავა ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში და სამომავლოდ 500 კონკრეტული პროექტი მზადდება სხვადასხვა მიმართულებით.

იმედი მაქვს, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში მჭიდროდ ვითანამშრომლებთ საქართველოს მთავრობასთან არა მხოლოდ რეფორმების განსახორციელებლად, არამედ ასევე ძლიერი და ამბიციური პროგრამის შესამუშავებლად მომდევნო წლებისთვის. გადაწყვეტილებას მივიღებთ შემდეგი პროგრამის შესახებ 2021-2027 წლებისთვის. მნიშვნელოვანი არჩევანი იქნება გასაკეთებელი.

და ბოლოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ სოციალურ-ეკონომიკური პრიორიტეტების და ქვეყნის კეთილდღეობის შესახებ, რადგან ეს მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე ევროპელი ლიდერებისთვის. ეს იმისთვის კეთდება, რომ ცხოვრების პირობები გაუმჯობესდეს ქვეყანაში. ყველამ ვიცით, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემია რთული გამოწვევაა. მას პოტენციურად უზარმაზარი ნეგატიური შედეგები მოაქვს. სწორედ ამიტომ, ეს დრო არის მომავალში ინვესტირების, მწვანე ეკონომიკაში ინვესტირების, ციფრული ეკონომიკის განვითარების დღის წესრიგში ინვესტირების, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის და სამუშაო ადგილების შექმნის მომენტი.

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვგრძნობ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდი ბევრს ითანამშრომლებს ჩვენთან ყველა პოზიტიური ძალისხმევის მხარდაჭერის მისაღებად, საქართველოში სიტუაციის გასაუმჯობესებლად, სოციალურ-ეკონომიკური დონის გასაზრდელად, რაც მნიშვნელოვანია რეგიონული თვალსაზრისითაც.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:

დიდი მადლობა კითხვისთვის.

საქართველოს არჩევანი, ჩვენი ევროინტეგრაციის არჩევანი, ეს არის, არა მხოლოდ ერთი კონკრეტული მთავრობის, ან პოლიტიკური გუნდის, არამედ ეს არის ჩვენი ქართველი ხალხის არჩევანი.

ჩვენი მოსახლეობის 80% მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მე მესმის თქვენი კითხვა. მესმის, რომ ეს, შეიძლება, რუსეთისთვის არ იყოს სასურველი სცენარი, მაგრამ ეს არის არჩევანი, რომელიც არის შეუქცევადი. ჩვენ ეს პროცესი შეუქცევადი გავხადეთ სწორედ ჩვენს მიერ 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულების, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერით. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ეს კითხვა არის ამოწურული. შესაბამისად, მით უმეტეს, ეს ჩვენი მისწრაფება, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, არც ერთი სახელმწიფოს, მათ შორის, არც რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის კითხვა: ბატონო პრეზიდენტო, რა გარანტია არსებობს იმისა, რომ შესრულდეს შეთანხმების ყველა ის პუნქტი, რაც თქვენი მედიაციით და აშშ-ის დახმარებით ასახულია დოკუმენტში, რადგან დღეს დილიდან გვესმოდა პოლიტიკური პარტიების პოზიცია, რომ მათ ჯერ კიდევ აქვთ კითხვები გარკვეული პუნქტების შესრულებასთან დაკავშირებით, მათ შორის საუბარი იყო ნიკა მელიას გათავისუფლებაზე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი:

დარწმუნებული ვარ, რომ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება და ბევრი პოლიტიკური ლიდერის მიერ დოკუმენტის ხელმოწერა ძალიან ძლიერი სიგნალია. ეს ძალიან ძლიერი გზავნილია, თუმცა ეს საკმარისი არაა. პოლიტიკურმა ლიდერებმა, მთავრობამ, უნდა ითანამშრომლონ იმის განსახორციელებლად, რაზეც გადაწყვეტილება იქნა მიღებული. საქართველოს პოლიტიკური ლიდერებისთვის ეს უპირველესი პრიორიტეტია.

საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმა, სამართლის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრება, ფუნდამენტური მნიშვნელობისაა იმისათვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობა არსებობდეს. ვგულისხმობ საქართველოს პარლამენტს, მთავრობას და პრეზიდენტის ინსტიტუტს. ეს ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. სწორედ ეს იქნება ხალხისთვის, მოქალაქეებისთვის და ქვეყნის მომავლისთვის საუკეთესო გარანტია.

ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ ყველაფერი მარტივად იქნება. რა თქმა უნდა, დემოკრატიული დებატები ხანდახან დაძაბულობასაც გულისხმობს. ის აზრთა განსხვავებულობას გულისხმობს პრიორიტეტებისა და გზების შესახებ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი გენეტიკური კოდი გახლავთ. გენეტიკური კოდი კი ერთობაშია. ამ ქვეყნის საერთო ინტერესები გვკარნახობს, რა გავაკეთოთ.

დარწმუნებული ვარ, რომ გუშინდელ შეთანხმებას სხვებიც შემოუერთდებიან. ეს გახლავთ საწყისი ნიშნული მეტი სიმშვიდისთვის, მეტი პოლიტიკური სტაბილურობისთვის და პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობის მხრიდან ძლიერი პოლიტიკური ნებისთვის, რათა ვიმოქმედოთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით.


ტელეკომპანია „იმედის" კითხვა: კითხვა ეხება დოკუმენტის აღსრულების ნაწილს. როდის დაიწყება მისი აღსრულება და ასევე, კითხვის მეორე ნაწილი ეხება დოკუმენტის შინაარსს, რომელიც გულისხმობს ოპონენტებს შორის ურთიერთთანამშრომლობას. რამდენად ელოდებით კონსტრუქციულ თანამშრომლობას ოპოზიციის მხრიდან?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:

გმადლობთ კითხვისთვის.
რაც შეეხება უშუალოდ შეთანხმების შესრულებას, მე შემიძლია დაგიდასტუროთ ჩვენი გუნდის სახელით, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან არავითარი შეყოვნება არ იქნება, ჩვენ მაქსიმალურად ვართ მოწოდებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შესრულდეს ყველა ის პირობა, რომელზეც ჩვენ ხელი მოვაწერეთ.
ჩვენი მხრიდან ყოველთვის იყო მზაობა და მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ჩვენ ვართ მოწოდებული და მომხრე კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმისა და რა თქმა უნდა, ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს პარლამენტში. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ დღეს ჩვენი ქვეყნისთვის არის მომენტი, როდესაც არის დრო გაერთიანების და არა დაყოფის. ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის წინაშე არის უამრავი პრობლემა, უამრავი გამოწვევა და ამ გამოწვევებს სჭირდება ერთიანი ძალისხმევით მუშაობა საქართველოს პარლამენტში, იმისთვის, რომ ქვეყანა რაც შეიძლება მოკლე ვადაში დაუბრუნდეს ნორმალური განვითარების, ნორმალური მუშაობის რიტმსა და რეჟიმს.


ტელეკომპანია „ტვ პირველის" კითხვა: პრეზიდენტო მიშელ, ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა, მიუხედავად ამისა, მმართველი პარტია არ ჩქარობს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის დაკავებული ლიდერის გათავისუფლებას. ჩვენ, მთელი დღის განმავლობაში ვისმენდით სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების, სამართალმცოდნეების განცხადებებს, რომ არსებობს არაერთი მექანიზმი, რის საფუძველზეც შეიძლება ნიკა მელია გაათავისუფლონ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. თქვენი აზრით, რას ელოდება „ქართული ოცნება" ?

ბატონო ირაკლი, რას აპირებთ, როდის მიიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და როდის დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას ნიკა მელია?

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი:

ამ შეთანხმების საფუძველზე ძლიერი ვალდებულებები იქნა ნაკისრი და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა შეასრულებს თავის წილ საქმეს. დარწმუნებული ვარ, ნაკისრი ვალდებულებები შესრულდება. აქ ნდობის საკითხიც იჩენს თავს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ამაში, რადგან სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერთან ბოლო საათებისა და დღეების განმავლობაში განვიხილე საკითხი და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ კეთილი ნება ძლიერია სწორი მიმართულებით ნაბიჯების გადასადგმელად, ხოლო სწორი მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა ამ შეთანხმების განხორციელებაზე გადის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:

პრეზიდენტ მიშელის სიტყვებს დავამატებდი, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ, ყველამ ერთად, დოკუმენტზე ხელმოწერით შევქმენით ყველა ის საფუძველი და მანამდეც იყო საფუძველი იმისთვის, რომ ბატონი მელია არ დარჩენილიყო საპატიმროში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, პასუხი გაცემულია კითხვაზე, შესაბამისად, ახლა ჯერი არის ოპოზიციაზე და მათ ქმედებაზე.

მინდა, ჩვენი მთავრობის, პოლიტიკური გუნდის სახელით პრეზიდენტ მიშელს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. ასევე, მინდა ბატონ ელჩს, კარლ ჰარცელს დიდი მადლობა გადავუხადო რამდენიმე თვის განმავლობაში მისი პირადი ჩართულობისთვის. მანამდეც, ფასილიტაციის პროცესში იგი აქტიურად იყო ჩართული და ძალიან წარმატებით მონაწილეობდა ამ პროცესში. დიდი მადლობა ამისთვის, ბატონო კარლ. ასევე, დიდი მადლობა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს ჩართულობისთვის და ყველას დიდი მადლობა ამ დღისთვის.
დიდი მადლობა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური