საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-05-01

  ..

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. საბჭოს მუდმივმა წევრებმა პირველ სხდომაზე პრემიერისგან გარკვეული დავალებები მიიღეს.

უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს სტრუქტურის შესახებ ისაუბრა. საბჭო აღჭურვილია სტრატეგიულ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის მანდატით.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო იქნება ყველა იმ უწყების მაკოორდინირებელი ორგანო, რომელიც ჩართულია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და განახორციელებს პრემიერ-მინისტრის ინფორმირებას ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მორიგი სხდომა ერთ თვეში გაიმართება.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დღევანდელ სხდომაში საბჭოს მუდმივი წევრები - შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების მეთაური მონაწილეობდნენ. სხდომას ასევე ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური