საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძემ ბაქოში ვიზიტის შედეგები შეაჯამა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-09-06

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბაქოში ვიზიტის შედეგები და იქ ხელისუფლების უმაღლეს დონეზე გამართული შეხვედრები შეაჯამა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ბაქოში ის ერთობლივი პროექტები განიხილეს, რომლებიც ახალ იმპულსს მისცემს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკურ ურთიერთობას.

„მოგეხსენებათ,ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, თუმცა მასში გარკვეული ხარვეზებია. ჩვენ უნდა გავაფართოვოთ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ჩარჩო აზერბაიჯანთან და მას უნდა დაემატოს მომსახურების სფერო. ორივე მხარეს აქვს მზადყოფნა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში 50-60 პროცენტით გავზარდოთ ვაჭრობა. და ეს ფაქტი უნდა იყოს სტიმული მეზობელ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობის ფარგლების ზრდისათვის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის თქმით, მხარეებმა კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აქტიურად განიხილება ახალი რეგიონალური პროექტები, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში, რომელიც საქართველოს ტრანზიტული პოტენციალის გამოყენების საშუალებას მისცემს.

ვიზიტისას მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი საწარმოების შექმნაზე, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს უფრო ეფექტიანად გამოიყენოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, როგორც ევროპასთან, ასევე ჩინეთთან.

„შევთანხმდით, რომ შემუშავდება ერთობლივი სამოქმედო გეგმა ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი მეგობარ ქვეყანაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური