საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2011 წლის ვიზიტები

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში

2011 წლის 12 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური შეხვდა ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ, კარელ დე გუხტს, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და მოლდოვის პრემიერ-მინისტრს ვლადიმირ ფილატს.

„ეს არის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დაწყება, რაც არის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის ეკონომიკისთვის...ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ახალ-ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება...
მომავალი წლიდან საქართველოში თურქული, ჩინური, სომხური და ნებისმიერი სხვა არაევროპული კომპანიები დაიწყებენ ახალი საწარმოების მშენებლობას იმიტომ, რომ ევროპასთან საქართველოს გავლით გამარტივებულად ივაჭრონ. შესაბამისად, ეს იქნება ათასობით ახალი სამუშაო ადგილი საქართველოში...

... ბოლო 3 წლის განმავლობაში რუსეთის მხარე ცდილობს, რომ საქართველო იზოლაციაში მოაქციოს. დღევანდელმა დღემ დაამტკიცა, რომ მათი ეს მცდელობა აბსოლუტური კრახით დასრულდა. საქართველო ევროპასთან დღეს უფრო ახლოს არის, ვიდრე ოდესმე იყო.

დღევანდელი დღე ამტკიცებს იმას, რომ საქართველო ევროპის, სინამდვილეში კი, ევროკავშირის, სრულუფლებიანი წევრი ხდება, რადგანაც თავისუფალი ვაჭრობა საქართველოს და ევროკავშირის ეკონომიკური ინტეგრაციაა. იმ ფონზე, როდესაც რუსეთი საქართველოს ევროპისგან იზოლაციაში მოქცევას ცდილობს, პირიქით, ევროკავშირი აცხადებს, რომ საქართველო და ევროკავშირი ხელს მოაწერენ ერთობლივ თავიუსფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ეკონომიკების ინტეგრაციას.

იმ ფონზე, როდესაც რუსეთში მიმდინარე პოლიტიკური მდგომარეობა მთელი მსოფლიოს კრიტიკას იმსახურებს, კეთდება განცხადება, რომ საქართველო გახდება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მქონე ქვეყანა...
ეს არის ბრიუსელის და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერის გამოხატვა, რაც დამატებით კომფორტს აძლევს ინვესტორებს და ინვესტორების უფრო დიდი რაოდენობა წამოვა საქართველოში, როგორც ევროკავშირიდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან.

ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოდან ევროპაში შეტანილი პროდუქცია უფრო კონკურენტული იქნება, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან ევროპაში შეტანილი პროდუქცია, რაც საბოლოო ჯამში გამოიხატება იმაში, რომ საქართველოში უფრო მეტი ინვესტიციები ჩაიდება, საქართველოში წარმოება უფრო გაიზრდება და საქართველოდან უფრო მეტი პროდუქტი შევა ევროკავშირში," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში გამართული შეხვედრების შემდეგ.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური