საქართველოს მთავრობა – 2011 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ახალი ავტობაზრობა გახსნა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ახალი ავტობაზრობა გახსნა2011 წლის 2 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ახალი ავტობაზრობა გახსნა.

როგორც ნიკა გილაურმა აღნიშნა, საქართველოში ავტომობილები საექსპორტო პროდუქციაში ნომერი პირველ პროდუქტია. პირველი კვარტლის განმავლობაში ექსპორტის 20%-ს ავტომობილები წარმოადგენს. 5-6- წლის წინ საქართველოს საექსპორტო პროდუქციის 50%-ზე მეტს ჯართი შეადგენდა. დღეს პირველ ადგილზე ავტომობილებია, მეორე ადგილზე - ფეროშენადნობები და აზოტოვანი სასუქები. საქართელოში ჩატარებული რეფორმების გამო ჩამოყალიბდა სხვა ტიპის ეკონომიკა.

პრემიერ-მინისტრმა „იბერია ჯგუფს" და ყველა იმ ადამიანს, ვინც პროექტის განხორციელებაზე მუშაობდა მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ: „ესპროექტი არის იმის კიდევ ერთი დამადასტურებელი მაგალითი, რომ საქართველო გადაიქცა რეგიონულ ცენტრად. ამას თვითონ კერძო სექტორი აკეთებს უკვე სახელმწიფოს ხელშეწყობით.

საქართველოს საექსპორტო პროდუქციიდან უკვე პირველ ადგილზე გადავიდა ავტომობილების ექსპორტი. არ ვართ ავტომობილების მწარმოებლები, აქ არც მათი აწყობა მიმდინარეობს, მიუხედავად ამისა ძალიან ბევრ კომპანიას, ტრეიდერს, ბევრ ადამიანს საქართველოში ჩამოყავს თავისი ავტომობილები, საქართველოდან ყიდის ავტომობილებს.

საქართველო ამ მიმართულებით რეგიონში უკვე ლიდერად ჩამოყალიბდა. რა შეიცვალა? - საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა არ შეუცვლია. დღეს კი (ავტომობილები) არის ერთერთი მთავარი საექსპორტო პროდუქცია, რომელიც ასაქმებს ძალიან ბევრ ადამიანს. ეს კი ჩვენი მიზანია.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ახალი ავტობაზრობა გახსნა
შეიცვალა მხოლოდ ერთი რამ - რეგულაცია. გავამარტივეთ ყველაფერი. ის, რომ მსოფლიოში ვართ ერთერთი ყველაზე მარტივი ქვეყანა ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, ამას ემსახურება და ეს კონკრეტული მაგალითი ამის დამადასტურებელი ნიშანია.
გავამარტივეთ პროცედურები, გავამარტივეთ იმპორტის და ექსპორტის, გაფორმების, შესყიდვის პროცედურა. აბსოლიტურად ყველაფერი იმისთვის, რომ მომხმარებელმა თავი კომფორტულად იგრძნოს.

შედეგად გვაქვს ის, რომ რეგიონში ამ მიმართულებით ნომერი პირველი ვართ. შეგიძლიათ საქართველოში აქ მოხვიდეთ და ერთ საათში იყიდოთ მანქანა, გააფორმოთ, კრედიტი აიღოთ, საწვავი ჩაასხათ, ნომერი აირჩიოთ და წახვიდეთ.

ასეთი მარტივი და სწრაფი მომსახურება ამ რეგიონში არსად არ არის. დღეს ძალიან ბევრი ადამიანი არა მარტო საქართველოდან, არამედ აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, შუა აზიის ქვეყნებიდან ჩამოდის საქართველოში. საქართველოში შედარებით უფრო იაფად იძენს მანქანებს, საქართველოში ძალიან მარტივად და სწრაფად აფორმებს ყველაფერს.

ეს ყველაფერი ხელს უწყობს იმას, რომ ეს ბიზნესი კიდევ უფრო გამყარდეს, გაიზარდოს და კიდევ უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს მასში."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური