საქართველოს მთავრობა – სიახლეები

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა საჯარო მმართველობის განახლებული პრინციპების წარდგენის კონფერენცია გახსნა ამოსაბეჭდი ვერსია

2024-03-22

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა საჯარო მმართველობის განახლებული პრინციპების წარდგენის კონფერენცია გახსნა, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა (OECD) და ევროკავშირის (EU) ერთობლივი ინიციატივის, მმართველობისა და მენეჯმენტის ხელშეწყობის პროგრამასთან (SIGMA) ერთად, USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მოადგილემ, კატალინ გერმანმა და USAID-ის დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის უფროსის მოადგილემ, ლიზა კოვაკმა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მაღალი დონის პანელური დისკუსია საქართველოში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის ძირითადი მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ასევე, კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს განახლებული პრინციპების მნიშვნელობაზე რეფორმის უკეთ წარმართვის პროცესში.

კონფერენციაში სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის 80-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა, რომლებმაც თემატური დისკუსიების ფარგლებში, საჯარო მმართველობის განახლებული პრინციპები დეტალურად განიხილეს.

საჯარო მმართველობის რეფორმა საქართველოში 2015 წელს დაიწყო. რეფორმა OECD/SIGMA-ს მიერ შემუშავებულ ევროკავშირის საჯარო მმართველობის პრინციპებს ეყრდნობა და 5 ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს, ესენია: პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია; საჯარო სამსახური და ადამიანური რესურსების მართვა; ანგარიშვალდებულება; სახელმწიფო სერვისების მიწოდება და საჯარო ფინანსების მართვა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური