საქართველოს მთავრობა – ბრიფინგები და პრესკონფერენციები

საკადრო ცვლილება მთავრობაში

საკადრო ცვლილება მთავრობაში 2012 წლის 15 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საკადრო ცვლილების შესახებ განცხადება გააკეთა.

„მოგესალმებით. პირველ რიგში, სანდრო ურუშაძეს წელიწადნახევრის განმავლობაში გაწეული სამუშაოსთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ვთვლი, რომ ძალიან წარმატებული წელი იყო ჯანდაცვის სისტემაში. ბევრი რამე გაკეთდა, შეიცვალა ვექტორი.

უკვე აშენებულია და ფუნქციონირებს 90 ახალი საავადმყოფო, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. დამატებით 60 საავადმყოფო აშენდება 1 წლის განმავლობაში. დაიწყო ძალიან ბევრი ახალი რეფორმა.
ამ ეტაპზე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური ნაწილი, სოციალური რეფორმა. კონსულტაცია მქონდა თბილისის მერთან, გიგი უგულავასთან, სანდრო გააგრძელებს მუშობას თბილისის მერის მოადგილის პოსტზე. თბილისის მერიაში სოციალურ, ჯანდაცვის მიმართულებას გაუძღვება.

სანდროს შემცვლელად წარმოგიდგენთ ზურაბ ჭიაბერაშვილს. ბოლო წლების განმავლობაში ის დიპლომატიურ კორპუსში მუშაობდა, სტრასბურგში იყო საქართველოს ელჩი 5 წლის განმავლობაში. ძალიან წარმატებულ და მნიშვნელოვან პერიოდში იყო იქ, ბოლოს შვეიცარიაში იყო საქართველოს ელჩი და ძალიან წარმატებულად გაართვა თავი თავის მოვალეობას.

მისი მთავარი ფუნქცია იქნება სოციალური რეფორმა, სოციალური ნაწილი და იმ რეფორმების დასრულება, რომლებიც ჩვენ დავიწყეთ ჯანდაცვის სექტორში.

ჯანდაცვაში ბევრი რამ უკვე გაკეთებულია, თუმცა რეფორმები ბოლომდეა მისაყვანი. დარწმუნებული ვარ, ზურასთან ერთად ამას შევძლებთ.

ჯანდაცვა გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი უკვე არის. ჩემი მთავარი მიზანია, რომ იყოს ეკონომიკური და სოციალური ხელმისაწვდომობა მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს არის ჩვენი მიზანი და ამ მიზანს ემსახურება ჩვენი ჯანდაცვის რეფორმა.

ბატონი ზურა ძლიან კარგი მენეჯერია, მან ეს მრავალჯერ დაამტკიცა. ჩვენ გვჭირდება ისეთი მენეჯერი, რომელიც გაუძღვება რეფორმებს, რომლებიც განსახორციელებელია სოციალურ ნაწილში და მიიყვანს ბოლომდე ჯანდაცვის რეფორმას," - განაცხადა ნიკა გილაურმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური