საქართველოს მთავრობა – 2024 წლის სიახლეები

ირაკლი კობახიძისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის ერთობლივი განცხადებები

2024-05-16

.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი

მოგესალმებით ყველას მთელი გულითა და პატივისცემით. ძალიან მახარებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს და მის დელეგაციას ვმასპინძლობ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში. კიდევ ერთხელ თქვენ წინაშე და თქვენი თანდასწრებით მივესალმები მათ. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ მივიღეთ სამწუხარო ამბავი ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან, სლოვაკეთიდან. საშინელი თავდასხმა განხორციელდა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, ბატონი რობერტ ფიცოს წინააღმდეგ. ვუსურვებთ მას და სლოვაკ ხალხს ძალიან მალე ამ პრობლემის დაძლევას და ჩვენ განვაგრძობთ მშვიდობის დამრღვევი ნებისმიერი ფაქტის წინააღმდეგ დგომას.

მინდა, მივულოცო ქართველ მეგობარ ერს დამოუკიდებლობის დღე წინასწარ, 10 დღით ადრე და აქვე მინდა, მივულოცო საქართველოს პრემიერ-მინისტრს მისი დანიშვნა თებერვალში და წარმატებები ვუსურვო.
დღეს ორი მეგობარი, ორი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ლიდერი შევიკრიბეთ და ძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩვენ შორის. კიდევ ერთხელ მხარი დავუჭირე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და კეთილდღეობას. ასევე გამოვთქვი ჩემი უწყვეტი მხარდაჭერა ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე.

ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, მე ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ თქვენი მოსაზრებები გამაცანით საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. თურქეთში მიგვაჩნია, რომ ეს მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება. გასულ წელს ჩვენ სამი მილიარდი დოლარის მაჩვენებელს მივაღწიეთ ორმხრივი ვაჭრობის კონტექსტში, ჩვენ დავუთქვით ერთმანეთს, რომ ახალი სამიზნე ორიენტირი 5 მილიარდი იქნება. მიმაჩნია, რომ ჩვენ გაგვაჩნია იმის პოტენციალი, რომ ძალიან მალე ამ ნიშნულს მივუახლოვდეთ და ჩვენი ბიზნესშესაძლებლობები ავითვისოთ სრულად.

რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებში და განვაგრძობთ ძალისხმევას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის ამოქმედებაში, რომელიც არის შუა დერეფნის ხერხემალი და ისტორიული აბრეშუმის გზის გამოცოცხლება. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ფუნქციონირებადი გახდება და ამ შემთხვევას ვიყენებთ, ერთმანეთს ვუდასტურებთ მზაობას, რომ სხვა სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებზეც ვიმუშავებთ იმავე წარმატებით.

ბატონ პრემიერ-მინისტრს განვუცხადე, რომ მზად ვართ საქართველოს უმსხვილეს პროექტებში მივიღოთ მონაწილეობა - აეროპორტის მშენებლობაში, პორტების მშენებლობაში, ენერგეტიკის მიმართულებით, გადამცემი ხაზების მშენებლობაში; უსაფრთხოების კუთხითაც აღვუთქვით ერთმანეთს თანამშრომლობის სურვილი და დაპირება. ასევე ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორისტული ორგანიზაციების, განსაკუთრებით „ფეტას" და „პეკაკას" მიმართულებებით, დავპირდით ერთმანეთს, რომ ვითანამშრომლებთ. იმისათვის, რომ ამ უკანონო თურქულ ორგანიზაციებს ვებრძოლოთ, რაც ჩვენს მოქალაქეებს უქმნის საფრთხეს, მზად ვართ, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ ვითანამშრომლოთ, ძალისხმევა არ დავაკლოთ ამ მიმართულებას. ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს ტერორისტების დევნას და დასჯას.

პრესის წარმომადგენლებო, ჩვენი შეხვედრის დროს პრემიერთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე. ჩვენი შეფასებები გავუზიარეთ ერთმანეთს ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენებსა და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის როლზე. მთელი კაცობრიობა უნდა უჭერდეს მხარს პალესტინელი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის. ამისთვის დიდი ფასის გადახდა მოუწიათ და მთელი კაცობრიობა უნდა გაერთიანდეს კანონის და დიპლომატიის ფარგლებში. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული რეზოლუცია აჩვენებს, სად დგას საერთაშორისო თანამეგობრობა და მეც მიმაჩნია, რომ მხარდამჭერი მექანიზმები აუცილებელია პალესტინის გასამხნევებლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, საკვანძოა ამ ეტაპზე. ყველა ქვეყანას მოვუწოდებ, ვისაც არ უღიარებია პალესტინის სახელმწიფოებრიობა, ასე მოიქცეს.
ჩვენი საუბრის დროს გავუცვალეთ ერთმანეთს მოსაზრებები უკრაინა-რუსეთის ომის თაობაზე, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ხაზი გავუსვით მშვიდობის მნიშვნელობას, მათ შორის კავკასიაში და აღვუთქვით ერთმანეთს სურვილი, რომ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას.

ჩემი მოსაზრებაა, რომ სამშვიდობო შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არის ისტორიული შესაძლებლობა მთელი რეგიონისთვის.

ჩვენი ფეხბურთის ეროვნული ნაკრები საქართველოს ნაკრებთან ერთად არის ჯგუფში, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან პირველი მატჩით 18 ივნისს დორტმუნდში, გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში და ორივეს წარმატებას ვუსურვებ წინასწარ. ვიდრე დავასრულებ მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს და მის დელეგაციას ვიზიტისთვის კიდევ ერთხელ. იმედი მაქვს, რომ ჩვენი შეხვედრები სასურველ შედეგს გამოიღებს. დიდი მადლობა!

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე

ბატონო პრეზიდენტო, პატივცემულო მედიის წარმომადგენლებო, ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით.

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, პრემიერ-მინისტრის რანგში ოფიციალური ვიზიტით პირველად ვსტუმრობდე მეგობარ ქვეყანას, თურქეთის რესპუბლიკას, რომელთანაც საქართველოს აკავშირებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და, რა თქმა უნდა, ამ პარტნიორობას ყველა ძალიან ვუფრთხილდებით. ჩემთვის განსაკუთრებული პატივია ვსტუმრობდე ბატონ პრეზიდენტ ერდოღანს, რომელიც არის არა მხოლოდ პრეზიდენტი, არამედ რესპუბლიკის ნამდვილი ლიდერი, რომელიც მტკიცედ იცავს თურქეთის და თურქი ხალხის ეროვნულ ინტერესებს. თქვენი ლიდერობა არის სამაგალითო თითოეული ჩვენგანისთვის.

რა თქმა უნდა, ვგმობთ თავდასხმას პრემიერ-მინისტრ ფიცოზე და სლოვაკეთის პრემიერს ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას.

თქვენო აღმატებულებავ, მსურს, მადლობა გადაგიხადოთ გამორჩეული მასპინძლობისთვის. დღეს როგორც პირისპირ, ისე გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრისას განვიხილეთ საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტიური დღის წესრიგი, გავცალეთ მოსაზრებები მნიშვნელოვან რეგიონულ საკითხებზე, დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
ჩვენ გვქონდა საუბარი უმაღლესი და მაღალი დონის შეხვედრების დინამიკის შენარჩუნებაზე. პირადად ვთხოვე პრეზიდენტ ერდოღანს საქართველოში ჩამობრძანება. იმედი მაქვს, რომ ეს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში მალე შედგება.

საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და ფასეულია თურქეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზგასმით მინდა, აქაც განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პირადად პრეზიდენტს მისი მხარდაჭერისათვის საქართველოს და მისი ეროვნული ინტერესების მიმართ.
მის აღმატებულებას გავუზიარე ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან და შესაბამის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა ასევე საუბარი რეგიონში არსებულ ვითარებაზე და ჩვენს ერთობლივ ძალისხმევაზე ამ გამოწვევებთან გამკლავების კუთხით.

არაერთხელ გვითქვამს, და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას და ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობის და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში. ჩვენ მივესალმეთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე დაწყებულია სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ ორ სახელმწიფოს შორის საბოლოოდ გაფორმდეს სამშვიდობო შეთანხმება. თავის მხრივ, საქართველო მზად არის გააგრძელოს წვლილის შეტანა რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობაში.

უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში გვქონდა საუბარი უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, ომზე, რომელიც წარიმართება უკრაინაში, რაც საფრთხეს უქმნის ევროპისა და შავი ზღვის ფუნდამენტური უსაფრთხოების არქიტექტურას. აქვე ჩვენ აღვნიშნეთ თურქეთის დაუღალავი ძალისხმევა, წვლილი შეიტანოს დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგის შესაძლებლობის პოვნაში.

რა თქმა უნდა, ბატონ პრეზიდენტს მივაწოდე ინფორმაცია იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც წარიმართება ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა თვალსაზრისით.

ჩვენ ასევე განვიხილეთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები. აღინიშნა, რომ საქართველო ემხრობა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების აუცილებლობის იდეას, რაც შესაძლებელია მიღწეულ იქნას მოლაპარაკებების საშუალებით საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით.

თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ რეგიონული, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა სატრანზიტო ფუნქციის, დაკავშირებადობის მნიშვნელობა.

თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენ ვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა. რა თქმა უნდა, ვხედავთ ძალიან დიდ პოტენციალს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით. ასევე ჩვენ გვქონდა საუბარი საქართველოდან ექსპორტის და, ზოგადად, ორმხრივი ვაჭრობის მნიშვნელობაზე.

ვთვლით, რომ რეგიონული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და ის მიზნად უნდა ისახავდეს მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობას, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნების განვითარებას. ამ მხრივ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ეფექტურად და წარმატებით ითანამშრომლონ ქვეყნებმა, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ერთმანეთის ეროვნულ ინტერესებს და როგორ შეიძლება, ასეთი თანამშრომლობით განხორციელდეს რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტები.

ასევე ჩვენ გვქონდა საუბარი სხვადასხვა სტრატეგიულ პროექტზე, რომლებიც აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი განვითარება.

ასევე გვქონდა საუბარი თანამშრომლობის სხვა განზომილებებზე, როგორებიცაა თანამშრომლობა განათლების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში. რა თქმა უნდა, თანამშრომლობის თითოეულ ასპექტს ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

ბატონო პრეზიდენტო, ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ ცხადყო საერთო ინტერესი, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენი თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე, რაც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ხალხების ინტერესების რეალიზებისთვის. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ უღრმესი მადლობა გულთბილი მასპინძლობისთვის. დიდი მადლობა!