2020-01-22
გლობალური ლიდერი მულტინაციონალური ენერგეტიკული კომპანია ENEL-ი ენერგეტიკის სფეროში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების შესასწავლად საქართველოში სპეციალურ ჯგუფს გააგზავნის,- აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ფრანჩესკო სტარაჩიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას მიიღო, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
მთავრობის მეთაურმა ENEL-ის აღმასრულებელ დირექტორს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს და იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში.
ხაზი გაესვა ახალი ჰიდრო, ქარისა და მზის ელექტროსადგურების შექმნის კუთხით საქართველოში არსებულ პოტენციალს და ეკონომიკის ზრდის პარალელურად დამატებითი გენერაციის წყაროების განვითარების აუცილებლობას.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ძალიან ნათელი და დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ. საქართველოს ფინანსთა მინისტრისგან და პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური მრჩევლისგან მივიღეთ ინფორმაცია ენერგეტიკის სფეროს განვითარების შესაძლებლობების შესახებ და განვიხილეთ ენერგეტიკის მიმართულებით საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებს შორის ელექტროსისტემის ინტეგრაციისა და სატრანზიტო ქსელის განვითარებაზე გაწეული ღონისძიებების კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელების საჭიროება. გადავწყვიტეთ, ჩვენი წარმომადგენელი მივავლინოთ საქართველოში ამ საკითხების სიღრმისეული შესწავლის მიზნით",- განაცხადა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ENEL-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
გლობალური ლიდერი მულტინაციონალური ენერგეტიკული კომპანია ENEL-ი ინტეგრირებული ელექტროობისა და გაზის ოპერატორია, ოპერირებს 5 კონტინენტზე 30 ქვეყანაში და 73 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. კომპანიის წლიური შემოსავალი 76 მილიარდ ევროს აღწევს, დასაქმებულთა რაოდენობა კი 70 ათასია.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური