საქართველოს მთავრობა – 2024 წლის სიახლეები

ირაკლი კობახიძე - ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა, არაუგვიანეს 2030 წლისა საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ამოსაბეჭდი ვერსია

2024-05-11

ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ და ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების სურვილია ევროკავშირის განვითარების დონისა და კეთილდღეობის ანალოგიური ხარისხის მიღება.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ძალიან მნიშვნელოვან თარიღს, ეს არის ევროპის დღე. 1950 წლის 9 მაისს დაფუძნდა ევროკავშირი, როდესაც შუმანის შეთანხმებას მოეწერა ხელი და სწორედ აქედან იწყება ევროკავშირის და, ზოგადად, ევროპის განვითარების ოქროს ხანა, რომელმაც თითქმის 60 წელს გასტანა. სწორედ ამ მომენტიდან ევროპაში შეუქცევადად დამკვიდრდა ისეთი ღირებულებები, როგორებიცაა სამართლის უზენაესობა, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სოციალური სახელმწიფო და ჩაეყარა საფუძველი უწყვეტ მშვიდობას ევროპაში, რამაც შექმნა მყარი გარანტიები იმისათვის, რომ მუდმივად გაზრდილიყო კეთილდღეობის ხარისხი ევროკავშირში და ზოგადად ევროპაში. მახსოვს ევროპის შუაგულში, დუსელდორფში, ჩემ მიერ გატარებული 3 წელი. მახსოვს პირველი შთაბეჭდილება, რომელიც მაშინ მივიღე უშუალოდ ევროპული კულტურისა და კეთილდღეობის ხარისხის გაცნობით. ეს არის ძალიან დიდი შთაბეჭდილება და ჩვენი სურვილია, საქართველოშიც მივიღოთ განვითარების ზუსტად ეს დონე და კეთილდღეობის ანალოგიური ხარისხი. სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ და ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა. დარწმუნებული ვარ, ის ეკონომიკური თუ ღირებულებითი პრობლემები, რომლებიც დღეს დგას ევროკავშირის წინაშე, არის დროებითი და ჩვენი პასუხისმგებლობაა დიდი ევროპელი მოღვაწეების წინაშე, რომ თითოეულმა ჩვენგანმა შევიტანოთ წვლილი ევროკავშირის აღორძინებაში; ისეთი სახით ევროკავშირის აღორძინებაში, როგორადაც ის დაფუძნდა 1950 წლის 9 მაისს დიდი ევროპელი მოღვაწეების მიერ, როგორებიც იყვნენ რობერტ შუმანი, ჟან მონე, კონრად ადენაუერი, უინსტონ ჩერჩილი და სხვები. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწორედ ამ პასუხისმგებლობით,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპის მრავალფეროვნების კიდევ უფრო მეტად გამდიდრებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია.

„მჯერა, საქართველოს შეუძლია თავისი ღირსეული წვლილი შეიტანოს ევროკავშირის აღორძინებასა და განვითარებაში. საქართველო არის მცირე, მაგრამ ძველი კულტურისა და ტრადიციების მქონე ქვეყანა და ევროპის ერთ-ერთი ღირებულება სწორედ მრავალფეროვნებაა. მჯერა, საქართველოს შეუძლია განსაკუთრებული წვლილის შეტანა ევროპის მრავალფეროვნების კიდევ უფრო მეტად გამდიდრებაში, ევროპის განვითარებაში. რა თქმა უნდა, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. დღეს საქართველო არის მოწინავე, ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა თვალსაზრისით, იქნება ეს დემოკრატია, სამართლის უზენაესობა თუ ეკონომიკური განვითარების ტემპები. მთავარია, შევინარჩუნოთ ეს დინამიკა და ასეთ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, საქართველო ძალიან მალე გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ბრიუსელში ყოფნისას გავაკეთე ამბიციური განცხადება, რომ 2030 წლისთვის, თუკი ვინმე კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ეს იქნება სწორედ საქართველო. ამისთვის ყველაფერი კეთდება, გაკეთდება და მჯერა, რომ უახლოეს მომავალში, არაუგვიანეს 2030 წლისა, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. გილოცავთ დღევანდელ დღეს,"- განაცხადა პრემიერმა.

ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და თბილისის მერმა კახა კალაძემ. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, მთავრობის მეთაურმა საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში" ევროპის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური