საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრი UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელ ნიკ ბერესფორდს შეხვდა
2021-12-10 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ნიკ ბერესფორდს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და UNDP-ს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და გაძლიერებაზე. აღინიშნა გაეროს განვითარების პროგრამის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაძლიერების, ეკონომიკური განვითარების, გარემოსდაცვითი მიმართულების მხარდაჭერისა და კრიზისების პრევენციის კუთხით. ასევე, ხაზი გაესვა UNDP-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო UNDP-თან თანამშრომლობას მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევის პროცესში. აღინიშნა საქართველოს ძალისხმევა მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის განსახორციელებლად და ამ პროცესში გაეროს განვითარების ახალი ქვეყნის დოკუმენტის მნიშვნელობა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|