საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
2021-12-08 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის გენერალურ მდივანს ჯაგან ჩაპაგაინს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი სირთულეები. ხაზი გაესვა საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების მნიშვნელობას და ადგილზე ადამიანის უფლებათა დაცვის აუცილებლობას. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ურყევად ახორციელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას. ამ კონტექსტში აღინიშნა „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო სტრატეგია", ასევე სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას და კონფლიქტით დაშორებულ თემებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად. შეხვედრას საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი ნათია ლოლაძე ესწრებოდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|