საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საქართველოს პრემიერ-მინისტრს რუმინეთის პრეზიდენტმა უმასპინძლა
2019-04-15 საქართველოსა და რუმინეთის მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებზე, ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით არსებულ პოტენციალზე, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა პრეზიდენტის სასახლეში დღეს გამართულ შეხვედრაზე. ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. საუბარი შეეხო ენერგეტიკის სფეროში მსხვილი ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივას, რაც ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას შეუწყობს ხელს. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქართული მხარის მზადყოფნა, ორმხრივ ურთიერთობებს სტრატეგიული ხარისხი მიენიჭოს, რაც საქართველოსა და რუმინეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხების უკეთ გადაწყვეტას მოემსახურება. ხაზი გაესვა ევროკავშირის საბჭოში რუმინეთის პრეზიდენტობის აქტიური ძალისხმევის მნიშვნელობას „აღმოსავლეთ პარტნიორობის" იდეის მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|