საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქი აშენდება

2016-09-12

   4

ქუთაისი საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას იბრუნებს - საქართველოს შუაგულში, კავკასიის რეგიონში უდიდესი, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ლაბორატორიებით აღჭურვილი საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იწყება. ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისა და თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ცენტრის საერთო ბიუჯეტი, ამ ეტაპზე, 1 მილიარდ ევროს შეადგენს და მას სრულად აფინანსებს ფონდი „ქართუ".

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქუთაისის არჩევა ახალი საუნივერსიტეტო ქალაქის ადგილად, არ არის შემთხვევითი, რადგან საუკუნეების წინ სწორედ ქუთაისში ფუნქციონირებდა უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ცენტრი - გელათის აკადემია.

დღეს 12 სექტემბერია და შეუძლებელია არ გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღე და პატივი არ მივაგოთ მის უკვდავ სულს. როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა, „მეცნიერება და განათლება უნდა იყოს ქართველი კაცის თოფ-იარაღი". და დღეს ჩვენი შეხვედრაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. დღეს საძირკველი ეყრება საქართველოში ეპოქალური მნიშვნელობის პროექტს. აქ, ქუთაისში, ფუძნდება უდიდესი და ყველაზე თანამედროვე საგანმანათლებლო ცენტრი, აშენდება საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც უპრეცედენტო საგანმანათლებლო ცენტრი იქნება მთელ ჩვენს რეგიონში. ქუთაისის არჩევა ახალი საუნივერსიტეტო ქალაქის ადგილად არ არის შემთხვევითი. ქუთაისია ის ქალაქი, სადაც საუკუნეების წინ არსებობდა გელათის აკადემია, რომელმაც იმ ეპოქაში თავის თავზე იტვირთა უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქცია,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის განმარტებით, ქუთაისისთვის ისტორიული საგანმანათლებლო კერის ფუნქციის დაბრუნების იდეა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, რომელმაც საზოგადოებას მოსაზრება პირველად 2011 წელს გაუზიარა,როდესაც თავისი „პირველი წერილი" გამოაქვეყნა, თუმცა თავად იდეა ბევრად უფრო ადრე გაჩნდა.

„დღეს ჩვენ იმის მოწმე ვართ, რომ ოცნება რეალობად იქცა და ბევრი ქვეყნისთვის მართლაც მიუწვდომელი პროექტი საქართველოში იწყებს ხორცშესხმას. მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ბიძინას ამისათვის. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალი, და ამას ყველა ერთხმად აღნიშნავს. ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა, რომელსაც გზის გახსნა და თანამედროვე ცოდნის მიცემა სჭირდება. უნივერსიტეტის არსებობა შეუნარჩუნებს ქვეყანას ინტელექტუალურ რესურსს და კიდევ უფრო მეტი განვითარების საშუალებას მისცემს მათ.დარწმუნებული ვარ, სწორედ ეს უნივერსიტეტი იქნება ის საგანმანათლებლო ბაზა, რომელიც მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებსა და მეცნიერებს გამოუშვებს. ეს იქნება ის ხალხი და ის თაობები, რომლებიც გარღვევას მოახდენენ ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და განვითარებაში,"- აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, 60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი 140 ჰექტარზე გაშენდება, შენობების საერთო ფართი კი 1 მილიონი კვადრატული მეტრი იქნება. მისივე თქმით, მშენებლობის დროს გამოყენებული იქნება მაღალი ეკოლოგიური სტანდარტები, განახლებადი ენერგიების სისტემები, „მწვანე ტექნოლოგიები" და ყველაფერი გაკეთდება საიმისოდ, რომ მშენებლობის ადგილზე არსებული ბუნება სრულად იქნას შენარჩუნებული.

სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საუნივერსიტეტო სწავლებაზე და ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის მთავარი პროფილი ტექნოლოგიური და ტექნიკური მეცნიერებები იქნება. მან იმედი გამოთქვა, რომ უახლესი ინფრასტრუქტურა, უმაღლესი კვალიფიკაციის ქართველი და უცხოელი პროფესორ-მასწავლებლები, თანამედროვე სასწავლო და კვლევითი პროგრამები, მსოფლიოს წამყვან უნივერისტეტებთან ერთობლივი სასწავლო პროგრამები და ერთობლივი კვლევები უნიკალურ შესაძლებლობებს მისცემს როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუდენტებს.

„უნივერსიტეტს ამ უმნიშვნელოვანესი მისიის განხორციელებაში გვერდში დაუდგებიან ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, იაპონიის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტები. ბევრ მათგანთან უკვე დაწყებულია ინტენსიური თანამშრომლობა.დარწმუნებული ვარ, აქ შეიქმნება ისეთი გარემო, როგორიც სახელგანთქმულ ამერიკულ და ევროპულ უნივერსიტეტებშია, რაც მათ მსოფლიო ლიდერებად აქცევს. ასეთი დონის საუნივერსიტეტო ქალაქი უცხოელ სტუდენტებზეც იქნება გათვლილი, უცხოელი სტუდენტებიც მოისურვებენ განათლების მიღებას. საქართველოში ამჟამადაც ბევრი უცხოელი სწავლობს. მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა, რის საშუალებასაც გვაძლევს უსაფრთხო გარემო, ჩვენი სტუმართმოყვარეობა, ტოლერანტობა, ცხოვრების მაღალი დონე და ამავე დროს სწავლის შედარებით დაბალი საფასური. დარწმუნებული ვარ, ეს საუნივერსიტეტო ქალაქი გამორჩეული იქნება თავისი პოტენციალით და იქცევა რეგიონალური მნიშვნელობის საგანმანათლებლო ჰაბად,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ საუნივერსიტეტო ქალაქის დაარსება სრულ თანხვედრაშია ქვეყნის განვითარების სახელმწიფო ხედვასთან. მისი განმარტებით, დღეს მთავრობა უკვე მუშაობს იმისათვის, რომ განათლების სისტემა გახდეს თანამედროვეობას მორგებული, ეკონომიკის საჭიროებებზე ორიენტირებული, სრულად იქნას გამოყენებული ადამიანური რესურსები ქვეყნის სწრაფი განვითარებისა და ხალხის კეთილდღეობისთვის.

„მოგეხსნებათ, რომ მსოფლიოში დღეს უკვე ტენდენციად იქცა საუნივერსიტეტო ქალაქებში ბიზნესინკუბატორების, ინოვაციური პარკების, სტარტაპ-კომპანიების ჩამოყალიბება და განვითარება. ბევრი გამოგონება და წარმატებული ბიზნესი სწორედ უნივერსიტეტების წიაღში იბადება და ვითარდება. იცით, რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ სტარტაპების პროექტების სახელმწიფო დაფინანსება, ქართველი მეწარმეებისა და ახალგაზრდა ინოვატორების ხელშეწყობა და, დარწმუნებული ვარ, რომ ამ უნივერისტეტშიც ბევრი საინტერესო პროექტი დაიბადება. გარდა უზარმაზარი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ფუნქციისა, საუნივერსიტეტო ქალაქი თავად ქუთაისის განვითარებაშიც შეიტანს უზარმაზარ წვლილს. ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს ის პოზიციები, რომლებიც მას ტრადიციულად ჰქონდა. ეს იყო ინდუსტრიული ქალაქი, სადაც მუშაობდნენ საუკეთესო ინჟინრები, ტექნოლოგები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. მე მჯერა, რომ ამაში საუნივერსიტეტო ქალაქი გადამწყვეტ სიტყვას იტყვის. ბუნებრივია, ასეთი მასშტაბის პროექტების განხორციელება ქუთაისელებისთვის და ამ რეგიონის მოსახლეობისთვის დასაქმების დამატებით შესაძლებლობებს გააჩენს. ბევრი ადგილობრივი უკვე მშენებლობის პროცესში დასაქმდება, ხოლო როდესაც საუნივერსიტეტო ქალაქი დაიწყებს ფუნქციონირებას, საჭირო გახდება სათანადო კადრები და, შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილებიც გაჩნდება,"- აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი და თბილისის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი - ეს ორი უდიდესი პროექტი ერთად, სერიოზულ ბიძგს მისცემს ქვეყანაში უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარებას. მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა იდეის ავტორს, ფონდ „ქართუს"დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს, ისევე როგორც თბილისში მდებარე ტექნოლოგიურ ინსტიტუტს, საჩუქრად გადასცემს სახელმწიფოს.

„ორივე ამ გრანდიოზული პროექტის ღირებულება ერთი მილიარდი ევრო გახლავთ და მას მთლიანად აფინანსებს ფონდი „ქართუ". მთელ ციკლს, საუნივერსიტეტო ქალაქის დაპროექტებიდან და მშენებლობიდან დაწყებული, მისი აღჭურვითა და ფუნქციონირებით დამთავრებული, უზრუნველყოფს ფონდი „ქართუ". და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება, სანამ უნივერსიტეტს და სახელმწიფოს არ ექნება საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ საკუთარი ძალებით შეინახონ საუნივერსიტეტო კომპლექსი. მინდა კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამ ისტორიული პროექტებისთვის, რომელიც ნამდვილად ექნება უდიდესი მომავალი და მთლიანად შეცვლის განათლების სისტემას. ეს არის მისი მხრიდან ძალიან დიდი საჩუქარი ქართველი ხალხისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის ჩადებული ინვესტიცია, რომელიც ათმაგად, ასმაგად დაგვიბრუნდება ყველას, მთელ საქართველოს!"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაციას ფონდ „ქართუს"დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოში აკრედიტებული კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები, საერთაშორისო და სამეცნიერო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და მეცნიერები დაესწრნენ.

საქართველოს საუნივერსიტეტო ქალაქი მოიცავს: მთავარ კამპუსს, რომელშიც გაერთიანდება სასწავლო სივრცეები, მრავალდარგობრივი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, სტუდენტების და მოწვეული პროფესორ-მასწავლებლების საცხოვრებელი სივრცეები, ასევე სპორტულ ინფრასტრუქტურას, გასართობ და სარეკრეაციო ზონას.

60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი გაშენდება 140 ჰექტარ ფართობზე, შენობების საერთო ფართი იქნება 1 მილიონი კვადრატული მეტრი.

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი უზრუნველყოფს ქვეყანას ყველა იმ დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რომლებიც ესაჭიროება საქართველოს ეკონომიკას სწრაფი განვითარებისთვის. უნივერსიტეტის ძირითადი მიმართულებები იქნება: ტექნოლოგიები, კომპიუტერული მეცნიერებები, ინჟინერიის სხვადასხვა დარგები, აგრონომია, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და მათი ინტერდისციპლინარული თანამედროვე პროგრამები. ასევე შეთავაზებული იქნება სხვა დარგების საბაკალავრო და სამაგისტრო ხარისხის სპეციალობები, რომელთა საჭიროებას განსაზღვრავს სახელმწიფო.
ერთიანი საგანმანათლებლო სისტემის ნაწილი იქნება თბილისში განლაგებული საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი და ადრონული თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, მისი უნიკალური კვლევითი ინფრასტრუქტურით.

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის, თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ინსტიტუტის და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დაპროექტებას, მშენებლობას, აღჭურვას და ფუნქციონირების დაფინანსებას უზრუნველყოფს ფონდი „ქართუ". ორივე მეგაკომპლექსი დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში და როგორც ტექნოლოგიური ინსტიტუტი თბილისში, ისე ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი იქნება სახელმწიფო დაწესებულება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური