საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

პროგრამის ,,50 დღის ანგარიში: ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე” პრეზენტაცია

19 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ საზოგადოებას გააცნო პროგრამა: ,,50 დღის ანგარიში: ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე".

- ,,მინდა განგიმარტოთ, რა კომპონენტებს მოიცავს 50-დღიანი პროგრამა. პროგრამის შემუშავებაში, პრაქტიკულად, მთავრობის სრულმა შემადგენლობამ მიიღო აქტიური მონაწილეობა. რამდენიმე დღეში შეიქმნება ვებ-გვერდი და მასზე განთავსდება ამომწურავი ინფორმაცია. შეიქმნება სტრუქტურული სურათი იმისა, რას გულისხმობს თითოეული შემადგენელი კომპონენტი, ანუ მაქსიმალურად მოკლედ და მკაფიოდ გადმოიცემა შინაარსი, მისი მნიშვნელობა და საზოგადოებისთვის საინტერესო გარკვეული დეტალები.

მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ჩვენი პროექტი და ინიციატივა დალაგებულია სამი ძირითადი თემის მიხედვით: 1. დასაქმება და ინვესტიციები; 2. სოფლის აღორძინება და 3. პენსიები, სოციალური დახმარება, განათლება. ამ სამი თემის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, მივაღწევთ მიზანს - საქართველო სიღარიბის გარეშე. შესაბამისად, ეს არის ის მთავარი აქცენტები, რაც აქტუალური იქნება ჩვენთვის მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში.

დასაქმების და ინვესტიციების მნიშვნელობაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, ეს თემა საყოველთაოდ ცნობილია. აუცილებელია, დავასაქმოთ ჩვენი მოსახლეობა, განურჩევლად მათი ასაკისა. ლაპარაკია 200 ათასი, ან უფრო მეტი, ახალი სამუშაო ადგილის შექმნაზე. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში 1 750 000 სამუშაო ადგილია და, შესაბამისად, ამდენივე დასაქმებული ადამიანი. ჩვენი მიზანია ამ მაჩვენებელმა 2 მილიონს მიაღწიოს. ერთი სამუშაო ადგილის შექმნა 25-50 ათასი დოლარი ჯდება, რაც, გულისხმობს იმას, რომ დასაქმების პრობლემის საბოლოოდ გადასაწყვეტად საჭიროა დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის დამატებითი საინვესტიციო კაპიტალის შემოსვლა ქვეყანაში.

მინდა გითხრათ ერთი სასიამოვნო რამ - მიმდინარე წლიდან სრულად აღდგენილია საინვესტიციო ნაკადი. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს, ერთი მხრივ, სიტუაციის სტაბილურობას და მის შენარჩუნებას, ხოლო მეორე მხრივ, ინვესტორების დარწმუნებას ეკონომიკის შემდგომი ლიბერალიზაციის თვალსაზრისით რეფორმების გაგრძელებაში. მათ 5 იანვრის არჩევნების შემდეგ აშკარად დაინახეს, რომ რეფორმები გრძელდება და გაეცნენ იმ საკანონმდებლო პაკეტებს, რომლებიც მთავრობამ 9 იანვარს პარლამენტს წარუდგინა. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ამ 2 თვის განმავლობაში საინვესტიციო ნდობა და ნაკადი სრულად აღდგა. ჩვენი დათვლებით, ბოლო 7 კვირის განმავლობაში ქვეყანაში შემოსულია დაახლოებით 450 მლნ. დოლარი ახალი საინვესტიციო კაპიტალი. ჩვენ კონსერვატიულ პროგნოზს ვაკეთებდით და ვვარაუდობ-დით, რომ წელს, საარჩევნო დინამიკიდან გამომდინარე, სულ შეიძლებოდა მილიარდამდე ინვესტიცია განხორციელებულიყო, რაც არ არის დაბალი მაჩვენებელი. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯერ დაუსრულებელ ორ თვეში უკვე 470 მილიონზეა ლაპარაკი, ყველა წანამძღვარი გვაქვს ოპტიმიზმის, თუ, რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ სტაბილურობას. ალბათ, მოზიდული საინვესტიციო კაპიტალის მოცულობა წელს 1,5 მილიარდ დოლარს მიაღწევს. შეიძლება არც ეს იყოს მაქსიმუმი, თუ მთავრობა განახორციელებს ევროობლიგაციების სადებიუტო ემისიის პროექტს, მაშინ დამატებით 500 მილიონი დოლარის საინვესტიციო რესურსი შემოვა ქვეყანაში.

კონკრეტულად ვილაპარაკოთ და გავყვეთ პროგრამის პირველ გვერდს (დასაქმება და ინვესტიციების ხაზი). ამ მიმართულებით, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც იანვარში გაკეთდა, იყო საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება და მისი პარლამენტში წარდგენა. არაერთხელ მითქვამს, ეს პაკეტი თავისი შინაარსით და მოცულობით არის უპრეცედენტო. რამდენიმე კვირაში დასრულდება საპარლამენტო განხილვები და ქვეყანა მიიღებს აბსოლუტურად ახლებურ საკანონმდებლო ბაზას ფინანსური მოწყობისათვის.

იანვარში უკვე ამოქმედდა იაფი სესხის პირველი კომპონენტი - საგადასახადო კრედიტი.

თებერვალში ამოქმედდება პროფესიული გადამზადების ახალი პროგრამა. ეს არის ინოვაციური, სრულიად ახლებური ხედვის პროგრამა.

თებერვალში იწყება აგრეთვე იაფი სესხის მეორე კომპონენტი - ექსპორტის წახალისება.

სერიოზული მუშაობა ჩატარდა სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტის სრულყოფისათვის, მისი როგორც ორგანიზაციული მოწყობის, ისე ფუნქციების შემდგომი დახვეწისათვის. სტატისტიკა, რომელიც საზოგადოების თუ საინვესტიციო წრეების ნდობას იმსახურებს, არის სასიცოცხლოდ აუცილებელი და ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. ამის გარეშე შემდგომი საინვესტიციო წინსვლა, საინვესტიციო აღმავლობა წარმოუდგენელია. ამიტომ ჩვენ ამ საკითხს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ.

მარტში დაიწყება მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობაში ინვესტორთა მოზიდვის ფართომასშტაბიანი პროგრამა, რომელზეც მუშაობს ენერგეტიკის სამინისტრო. ქვეყანას უხვად არსებული ჰიდროელექტროგენერაციის რესურსების სრულად ათვისებას, სავარაუდოდ, მილიარდ ევრომდე საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვა დასჭირდება. ჩვენ გვაქვს ოპტიმიზმის სრული საფუძველი - მომდევნო ორნახევარი წლის განმავლობაში ავითვისებთ ამ რესურსებს. შედეგად, დაახლოებით 4-5 წელიწადში, ქვეყანა მიიღებს საექსპორტო შემოსავლის სრულიად ახალ წყაროს და შესაძლებელია, დაახლოებით, მილიარდ დოლარამდე საექსპორტო შემოსავალი გაჩნდეს. ჩვენ არ გვაქვს ნავთობი და გაზი, მაგრამ გვაქვს ჭარბი ჰიდროენერგორესურსები და ბაზრები, პირველ რიგში, თურქეთი, სადაც მათი გატანა იქნება ძალიან მომგებიანი. ბუნებრივია, ეს სერიოზულად გააუმჯობესებს ქვეყნის მიმდინარე ანგარიშს, სერიოზულად გაზრდის ექსპორტს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ ახალი ჰესების მშენებლობაზე ათასობით ადამიანი დასაქმდება.

პრეზიდენტის დავალების შესაბამისად, ვიწყებთ სერიოზულ მუშაობას საკუთრების ხელშეუხებლობის შემდგომ განსამტკიცებლად. ეს მოიცავს, პირველი, საკონსტიტუციო დონეზე დამატებით ცვლილებებს, რასაც იუსტიციის სამინისტრო ჩვენთან ერთად განახორცილებს და, მეორე - კიდევ უფრო მჭიდრო მუშაობას ადგილობრივი თვითმმართვე-ლობის რგოლებთან, ფიზიკური პირებისათვის მათი ქონების დაკანონების პროცედურების მაქსიმალურად გასამარტივებლად. ეს პროცესი მიზნად ისახავს ზედმეტი ბიუროკრატიზმის თავიდან აცილებას.

აპრილში პრიორიტეტული იქნება ფოთის პორტის და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტენდერის დასრულება და საბოლოო გამარჯვებულის შერჩევა. ამჯერად დაწყებულია ტენდერის მეორე ფაზა, მოსალოდნელია მესამე ფაზაც. უკვე მივიღეთ უფრო ხელაყრელი წინადადებები სოლიდური რეპუტაციის მქონე სტრატეგიული ინვესტორისგან და კვლავაც გრძელდება მათთან მუშაობა. თითქმის ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს ინვესტორთა ამ მცირე წრესთან. პროცესის ფორმალურ დასრულებას აუცილებლად სჭირდება პარლამენტის მიერ ფინანსური პაკეტის მიღება. ამ პაკეტში ბევრი მომენტი უკავშირდება საგადასახადო კოდექსს, რომლის გარეშეც თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ვერ ამოქმედდება.

აპრილშია ნავარაუდევი ევროობლიგაციების სადებიუტო ემისია.

მაისში დაიწყება იაფი კრედიტის პროგრამის კიდევ ერთი კომპონენტი - ,,100 ქართული ბიზნესპროექტი-2008". ჩვენ ჯერჯერობით ამ პროექტის მომზადების ადრეულ სტადიაზე ვართ. ამას სჭირდება გარკვეული დრო და ლოჯისტიკური სამუშაოების წარმართვა.

გავყვეთ სოფლის აღორძინების თემას. მაქსიმალურად ვეცადეთ, შეგვემჭიდროვებინა გრაფიკი და პირველ 3 თვეში გვემუშავა ყველა იმ პროექტზე, რაც მნიშვნელოვანია, დაგეგმილია და გათვალისწინებულია ბიუჯეტით. ბუნებრივია, სეზონური ფაქტორებიდან გამომდინარე, საგაზაფხულო პერიოდი არის ძალიან მნიშვნელოვანი. რის გამოც, ვცდილობთ, ყველა ეს პროგრამა მარტის ბოლომდე განვახორციელოთ.

იანვარში დაიწყო რეგიონების მიხედვით 350 ტრაქტორის განაწილება, რაც გათვალისწინებული იყო ,,სოფლის მექანიზაცია 2008"-ის პროგრამით.

დავიწყეთ ბევრად უფრო ინტენსიური დიალოგი ჩვენს რუს კოლეგებთან რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების მიზნით. ჯერ მიმდინარეობს დიალოგი და კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. თუმცა, იმ პროგრესით თუ ვიმსჯელებთ, რომელიც მიღწეულია პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თვალსაზრისით, ალბათ ხვალ ან ზეგ გამოვაცხადებთ უკვე მიღწეულ შეთანხმებებს. იმედს ვიტოვებ, ემბარგოს მოხსნასთან დაკავშირებით უახლოს კვირებში ჩვენ გვექნება პროგრესი.

თებერვალში იწყება იაფი კრედიტის პროგრამის კიდევ ერთი კომპონენტი - რეგიონალური ტურიზმისა და ხალხური რეწვის განვითარების პროექტი. საამისოდ გათვალისწინებულია 10 მილიონი ლარის იაფი სესხების გაცემა. პროგრამაში ჩართულია როგორც კომერციული ბანკები, ისე სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ეს არის სოფლად ახალი მცირე და საშუალო საწარმოების შესაქმნელად განკუთვნილი საინვესტიციო და საკრედიტო რესურსი.

ჩატარდა და კვლავ მიმდინარეობს სარწყავი სისტემების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით სერიოზული სამუშაოები. საირიგაციოსარწყავი სისტემები ნიშნავს ჩვენი ფერმერების, გლეხების შრომის უფრო მეტ პროდუქტიულობას, უფრო უხვ მოსავალს, რისი ეკონომიკური მნიშვნელობაც დიდია.

მარტში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დაიწყებს ათასამდე სოფლის ექიმის აღჭურვას საჭირო მოწყობილობებითა და ინვენტარით. ეს მნიშვნელოვანი პროექტია იმ თვალსაზრისითაც, რომ პრაქტიკულად თითქმის ყველა სოფლის მკვიდრს საშუალება ექნება მიიღოს პირველადი სამედიცინო დახმარება მაქსიმუმ 30 წუთში.

მარტში იწყება მიწის პირველი ლოტების გამოცხადება სოფლის მეურნეობის 100 ახალი საწარმოს პროგრამით. ეს არის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 100 საკმაოდ მსხვილი მიწის ნაკვეთის სატენდერო წესით გასხვისებას. ეს ტენდერი იქნება საინვესტიციო პირობებით, ანუ მასში მონაწილეობას მიიღებენ ის ინვესტორები, ვინც ამ მიწის ხელსაყრელ ფასში შეძენის სანაცვლოდ დადებს პირობას, რომ, როგორც მინიმუმ, ერთ მცირე ახალ საწარმოს შექმნის სოფლად. დავასრულეთ მოსამზადებელი სამუშაოები. საჭირო იყო ყველა ასეთი მიწის ლოტის აღრიცხვა, სათანადო იურიდიული პროცედურების დაცვა. ეს სამუშაოები დასრულებულია და მარტში დაიწყება პირველი ლოტების გამოცხადება.

ასევე მარტში დაიწყება და დასრულდება გლეხებისათვის უფასო საწვავის დარიგება.


მესამე მიმართულება ეს არის პენსიები, სოციალური დახმარება, განათლება.

დეკემბრის ბოლოდან წარმატებით ფუნქციონირებს პროგრამა ,,ღირსეული დასაწყისი". ამ პროგრამით წლის განმავლობაში დაახლოებით 12 500 ოჯახი ისარგებლებს და, ამდენივე ახალშობილს ბიზნესისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით 1000 ლარი გადაეცემა საჩუქრად.

თებერვალში მომზადდა იაფი სესხის კომპონენტი - ,,ცოდნის კარი", რომელიც უფრო ხელმისაწვდომს ხდის საკრედიტო რესურსს უცხოეთში სწავლის გაგრძელებით დაინტერესებულთათვის. ლაპარაკია, იმაზე, რომ სახელმწიფო, ბანკებთან ერთად, თანადაფინანსების პრინციპით, გამოყოფს სესხებს უცხოეთში სწავლის მსურველთათვის. ახალგაზრდებს შეუძლიათ ინფორმაციისთვის მიმართონ განათლების სამინისტროსა და კომერციულ ბანკებს.

თებერვალში იწყება გალის რაიონის პედაგოგებისა და ობოლ ბავშვთა სახლების აღმზრდელების ჯანმრთელობის დაზღვევა. ბუნებრივია, ეს მნიშვნელოვანი პროექტია. ცნობილია, რომ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ეს პროგრამა უკვე 2007 წლის ბოლოს განხორციელდა. ამ ეტაპზე დღის წესრიგში გალის რაიონია.

მარტში დასრულდება პროგრამა ,,100 ახალი საავადმყოფოს" პირველი ეტაპი, რაც ნიშნავს ყველა იურიდიული ხელშეკრულების გაფორმებას, ინვესტორთა მიერ ყველა საინვესტიციო პროექტის მომზადებას, რათა უკვე შეძლონ სამშენებლო პროცედურებზე გადასვლა.

გარდა ამისა, გრძელდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანდაცვის სისტემის სამედიცინო-სადაზღვევო პრინციპზე გადაყვანა. ეს ნიშნავს სადაზღვევო პოლისების დარიგებას. ჩვენ უკვე შარშან 200 ათასი ამ კატეგორიის ადამიანს გადავეცით პოლისები. წლის მანძილზე გათვალისწინებულია კიდევ 500 ათასი კაცის დაზღვევა. ეს პროცესი მარტში დაიწყება და რამდენიმე ეტაპად განხორციელდება წლის განმავლობაში.

მარტში დაიწყება საპენსიო რეფორმის პირველი ეტაპი. ლაპარაკია მინიმალური პენსიის გაზრდაზე 70 ლარამდე. მარტში შეგვეძლება უფრო დეტალურად ვილაპარაკოთ ამ საკითხზე. პენსიების ზრდა ნავარაუდევზე (ოქტომბერი) ადრე დაიწყება. ხოლო ოქტომბერში უკვე მეორე ეტაპზე გადასვლა იქნება შესაძლებელი.

აპრილში მომზადდება პროექტი და გაიზრდება დევნილი მოსახლეობისთვის შემწეობები. ეს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შეეხება ყველაზე გაჭირვებულ დევნილებს.

მაისში განხორციელდება პროგრამა: ,,ჩემი პირველი კომპიუტერი", რომელიც სკოლის წარჩინებული მოსწავლეებისთვის საჩუქრად კომპიუტერების გადაცემას ითვალისწინებს და დაახლოებით 7000-მდე წარჩინებული მოსწავლე მიიღებს ამ საჩუქარს.


ეს არის ჩვენი 50 დღიანი პროგრამის ძალიან მოკლე პრეზენტაცია. თითოეულ კომპონენტს დათმობილი აქვს ერთი სლაიდი მისი მოკლე ანოტაციით," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი