საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2021 წლის სხდომები

2021 წლის 31 მაისის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-05-31

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი განიხილა.

დღის წესრიგი

მე მინდა დღევანდელი სხდომა დავიწყო ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური ინფორმაციის მოწოდებით. მოგეხსენებათ, რომ დღეს გამოქვეყნდა აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელიც არის უპრეცენდენტოდ მაღალი, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აპრილის თვეში დაფიქსირდა 44.8% ეკონომიკური ზრდა, თითქმის 45%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც არის ნამდვილად უპრეცენდენტო და ძალიან პოზიტიური.

„იანვარ-აპრილის საშუალო ზრდა გამოვიდა 8%-ზე მეტი, 8.1%, რაც არის ძალიან სასიხარულო ინფორმაცია. გასული წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკაში ძალიან დაბალი კლება გვქონდა, ეს გასაგებია.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვთვლით, რომ წელს ეკონომიკა გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპით გაიზრდება, ვიდრე ჩვენს წინა პროგნოზებში გვქონდა ნავარაუდევი.

დღეს, მთავრობის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრი წარმოგვიდგენს მიმდინარე წლის და საშუალოვადიანი პერიოდის ეკონომიკური პროგნოზის მაჩვენებლებს. მნიშვნელოვანია, რომ განახლებული მაჩვენებლები გაცილებით უფრო პოზიტიურია. რამდენიმე მაგალითი მინდა, რომ მოგიყვანოთ; კერძოდ, აპრილში, ექსპორტი გაიზარდა 70%-ით, ფულადი გზავნილები - 144%-ით და ძალიან პოზიტიურია, რომ ბიუჯეტის შემოსავლების დინამიკა არის ასევე ძალიან დამაჯერებელი და ოპტიმისტური", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ტურიზმის აღდგენაზე და ხაზი გაუსვა, რომ ხვალიდან, სახმელეთო საზღვრების გახსნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით.

„ჩვენ ველოდებით ტურიზმის სწრაფ აღდგენას. ბუნებრივია, რომ ხვალიდან, სახმელეთო საზღვრების გახსნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ჩვენი ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით. დღეს წარმოდგენილი ახალი ფისკალური გეგმები ითვალისწინებს ბიუჯეტის დეფიციტის 7.1%-მდე შემცირებასაც. ამაზე, უფრო დეტალურად, ბატონი მინისტრი მოგვახსენებს.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებელია აღინიშნოს პოლიტიკური სტაბილურობის როლი ეკონომიკურ ცხოვრებაში. პოლიტიკური სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კერძო სექტორისთვისაც, ინვესტორების მოზიდვისთვის ჩვენს ქვეყანაში. დაახლოებით ერთი თვის წინ განთავსებული ევრობონდები, მოგეხსენებათ, ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთით, ინვესტორთა ნდობის კიდევ ერთი დადასტურებაა. ყველაფერი ეს მიუთითებს იმაზე, რომ დაწყებული არის ეკონომიკის ძალიან სწრაფი აღდგენა და ეს არის ძალიან მოსალოცი ამბავი", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ეს არის მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგი.

„ეს არის მთავრობის სწორი პოლიტიკის და ჩვენს მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგი. ბიზნესში არის ძალიან პოზიტიური განწყობები, ძალიან პოზიტიური მოლოდინები, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. როგორც ბატონმა მინისტრმა აღნიშნა, ზრდა არის დაფიქსირებული თითქმის ყველა მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა არის, რომ კიდევ უფრო ხელი შევუწყოთ ტურიზმის აღდგენას, განვითარებას. ის ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ - სახმელეთო საზღვრების გახსნა, ესეც ამ მიზანს ემსახურება და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ დინამიკით, ასეთი პოზიტიური დინამიკით გავაგრძელებთ მუშაობას,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური