საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას ამოსაბეჭდი ვერსია

2021-12-18

მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მივესალმები საპატრიარქოს წარმომადგენლებს, პატივცემულ ელჩებს, თბილისის მერს, პარტიის თავმჯდომარეს.

ძვირფასო მეგობრებო! დღეს, მსურს საზოგადოებას მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში წარვუდგინო და შევეხო იმ ძირითად საკითხებს, თუ რა დამხვდა, როდესაც პრემიერ-მინისტრის პოსტი დავიკავე, რისი გაკეთება შევძელით ჩვენ ყველამ ერთად და რა სამომავლო გეგმები გვაქვს.

პირველ რიგში, მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს, მადლობა იმ ნდობისა და ერთგულებისთვის რომელიც მათ გამოგვიცხადეს არჩევნებში. ხალხი არის ძალაუფლებისა და ლეგიტიმაციის წყარო, ამიტომ, ჩვენ, ხელისუფლებამ ეს მიღებული მანდატი ჩვენს მიერ გაკეთებული საქმით, ერთგულებითა და თავდადებით, შექმნილი სიკეთეებით ხალხსვე უნდა დავუბრუნოთ.

ქვეყნისა და ხალხის სამსახურში ყოფნა უდიდესი პატივია, მაგრამ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ამავდროულად, ეს არის შესაძლებლობა, იზრუნო ჩვენი ხალხისა და ქვეყნისათვის, ეს არის შესაძლებლობა, ბოლომდე დაიხარჯო, ერთგულად ემსახურო ჩვენს ქვეყანას, დაიცვა ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ჩვენი სარწმუნოება, ეკლესია, ოჯახის ინსტიტუტი და უკეთესობისკენ შეცვალო ჩვენი ხალხის ყოველდღიური ცხოვრება, გააუმჯობესო მათი მდგომარეობა და ხალხისთვის მოიტანო განვითარება და კეთილდღეობა. ეს შესაძლებლობაა და ამავდროულად ჩვენი ვალდებულებაა მეგობრებო!

ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და იმ დიდ პოლიტიკურ გუნდთან ერთად გავუძღვე მთავრობას, რომელიც იცავს პირველ რიგში ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ინტერესებს, ჩვენს სარწმუნოებას, ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ეროვნულ ფასეულობებს და რომლისთვისაც ადამიანი უმთავრესი ღირებულებაა. რაც მთავარია, ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც ხალხის ნაწილია და ზუსტად იცის, რა გამოწვევების წინაშე იმყოფება საზოგადოება. გამოწვევები და პრობლემები რა თქმა უნდა, ბევრია ქვეყანაში: ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა - ქვეყნის გაერთიანება, უმუშევრობა და სიღარიბე, დესტრუქციული ძალების მიერ შექმნილი პოლარიზაცია და უამრავი სხვა პრობლემა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, ამიტომ ამ გამოწვევებს ჩვენ ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით უნდა მივხედოთ და ეს შესაძლებელია მხოლოდ სწორი ხედვით, გონივრული, პრაგმატული, ეროვნულ ინტერესებზე მორგებული პოლიტიკითა და შრომით, დაუღალავი შრომით, თავდადებული, 24 საათიანი მუშაობაა საჭირო, იმისათვის რომ ყველა ეს სირთულე, ყველა ეს პრობლემა გადავლახოთ და ქვეყანა და ხალხი გავიყვანოთ სამშვიდობოზე.

ჩემი გამოსვლის დასაწყისში მოკლედ შევეხები იმას, თუ კიდევ რა გამოწვევების წინაშე იდგა ჩვენი ქვეყანა, როდესაც ჩვენმა გუნდმა წარმადგინა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.

მოგეხსენებათ, რომ მთავრობის ჩაბარება კრიზისულ მომენტში მომიწია, როდესაც პოლიტიკური ტემპერატურა საკმაოდ მაღალ ნიშნულზე ხელოვნურად იყო აწეული და დესტრუქციული ძალები სახელმწიფოზე შეტევას ცდილობდნენ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები კი საპარლამენტო საბოტაჟს ეწეოდნენ. ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ თუ სახელმწიფოს სახელმწიფოდ ყოფნის პრეტენზია აქვს, მან უმთავრესი პრინციპები უნდა დაიცვას, უნდა დაიცვას კანონის უზენაესობა და შეასრულოს ვალდებულებები. სამწუხაროდ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ზოგიერთი პოლიტიკოსები ამ პრინციპებს არ აღიარებდნენ, შესაბამისად, შეურაცხყოფდნენ ქართველ ხალხსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს. ჩემს მიერ მთავრობის ჩაბარებისთანავე, ამ პრინციპების მტკიცედ დაცვა დავიწყეთ, ქვეყანაში დავამყარეთ წესრიგი და ყველას კუთვნილი ადგილი მივუჩინეთ და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. ჩვენ არავის დავუხრით თავს, მაგრამ არც არავის ვუყურებთ ზემოდან, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც ჩვენს ამაყ და თავისუფლების მოყვარულ ხალხს ეკუთვნის და ამას ყველამ სათანადო პატივი უნდა სცეს. ჩემი პრემიერობის პირობებში, არცერთი მოქალაქე არ იდგება კანონზე მაღლა და არცერთი მოქალაქე არ იდგება კანონზე დაბლა, მაგრამ როცა საქმე ეხება კანონისა და კონსტიტუციის დაცვას ჩვენ ნებართვას არავის შევეკითხებით, კანონი ყოველთვის აღსრულდება!

მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც, რომელიც ოპოზიციამ რეფერენდუმად გამოაცხადა და წინასაარჩევნო პროცესში სიცრუისა და ძალადობის მთელი რესურსი ჩადო. ეს ანტისახელმწიფოებრივი ძალები სამოქალაქო დაპირისპირებასაც კი გეგმავდნენ, თუმცა სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე იყო, არის და იქნება. შესაბამისმა სამსახურებმა მაღალი პროფესიონალიზმი გამოავლინეს და მოსალოდნელი სისხლისღვრა, მოსალოდნელი დესტაბილიზაცია საზოგადოებას თავიდან ავარიდეთ. ჩვენმა გუნდმა გამორჩეულად საქმიანი და მშვიდობიანი საარჩევნო კამპანია ჩაატარა, მოსახლეობას მასშტაბური და ამავდროულად რეალისტური, დროში გაწერილი გეგმები წარუდგინა და 63 მუნიციპალიტეტში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გამოხატა მტკიცე ნება და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა, რომ ქვეყანა არასდროს დაბრუნდება ძალადობრივ, უსამართლო და მჩაგვრელ წარსულში. „ქართული ოცნება" არის ერთიანი და ძლიერი გუნდი, პატრიოტი და პროფესიონალი ადამიანებისგან შემდგარი ერთობა, რომელიც ხელისუფლებაში მესამე ვადით არის წარმოდგენილი და 2012 წლიდან მოყოლებული ხალხის ნდობას იმსახურებს. ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც საქართველოს შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების, მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტიაა.

სამწუხაროდ, პოლიტიკურთან ერთად, მწვავე ეკონომიკური კრიზისიც დამხვდა. ამას ემატებოდა გლობალური პანდემია, რომელმაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიც წარმოშვა, რაც ბუნებრივია, საქართველოზეც მძიმედ აისახა. უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი, შემოსავალი, ბევრმა ბიზნესსუბიექტმა შეაჩერა ფუნქციონირება და ეკონომიკური საქმიანობის რიგი სფეროები გაჩერდა. საქართველოში არაფორმალური ეკონომიკის წილი მთლიან შიდა პროდუქტში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია და ამ პრობლემამ სახელმწიფო განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დააყენა, რადგანაც კრიზისის შედეგად შექმნილი ზიანის რეკომპენსირება არაფორმალურად დასაქმებული ადამიანებისთვის რთულად ადმინისტრირებადი აღმოჩნდა. ამიტომ, გუნდთან ერთად, არსებულ შეზღუდვებს ხელახლა გადავხედეთ და ჯანმრთელობის დაცვისა და ეკონომიკურ ინტერესებს შორის სწორი ბალანსის დაცვით, ეკონომიკის აღდგენას და სტიმულირებას შევუწყვეთ ხელი, რამაც ხელშესახები შედეგები მოგვცა. ეკონომიკა რამდენიმე თვეა სწრაფი აღდგენის გზაზე დგას და ამ ნაბიჯების შედეგად, ლარის კურსიც ეტაპობრივად გამყარდა. მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი იანვარსა და თებერვალში მოგეხსენებათ, რომ მინუსებში იყო, მარტიდან კი ყოველთვიური ეკონომიკური ზრდა დადებით მაჩვენებელში გადავიდა და ბოლო რვა თვიდან ოთხ თვეში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, წლის ბოლოს ჩვენი პროგნოზით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება, რაც არამარტო რეგიონის, არამედ ევროპის მასშტაბითაც უპრეცედენტოა ირლანდიის შემდეგ. ვფიქრობ, საზოგადოება ეკონომიკის მართვის მიდგომებსა და შედეგებს შორის კონტრასტს, ბოლო პერიოდში არსებული პარამეტრების გაუმჯობესებას ნათლად ხედავს, თუმცა რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო, რათა დადებითი ტენდენციები თითოეულმა ოჯახმა საკუთარ თავზე იგრძნოს. 2022 წელს დაგეგმილი გვაქვს მინიმუმ 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო ეკონომიკის მთლიანი მოცულობა დაახლოებით 65 მილიარდი ლარი იქნება, რაც ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის გადაანგარიშების მიხედვით ისტორიულ მაქსიმუმზე გაგვიყვანს და 5500 დოლარს გადააჭარბებს. ამავდროულად, სახელმწიფო ვალსა და საბიუჯეტო დეფიციტსაც შევამცირებთ.

მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია საჯარო სექტორში ხელფასების მინიმუმ 10%-იანი ოდენობით მატება, რაც მომდევნო წლებშიც სისტემატიურად გაგრძელდება.

2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პენსიონერთა პენსია 260 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის, იქ არსებული დანამატის გათვალისწინებით, პენსია იქნება 312 ლარი; 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია შეადგენს 300 ლარს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში, ამავე კატეგორიის პირთა პენსია 360 ლარი იქნება;

ასევე, ომში მონაწილე ვეტერანთა ყოველთვიური დახმარება 22 ლარიდან 100 ლარამდე გაიზრდება. ასევე, 2021 წლის ივლისიდან გაორმაგდა სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების დახმარებაც, რომელმაც 100 ლარი შეადგინა თითოეულ ბავშვზე.

სამწუხაროდ, დამხვდა რეალობა, სადაც რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, ქვეყანაში არ არსებობდა ვაქცინების საკმარისი მარაგი. მთავრობის მეთაურის მოვალეობის შესრულების პირველივე დღეებიდან აქტიურად დავიწყე ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობა, წარმატებული მოლაპარაკებები ვაწარმოეთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან, მე პირადად მქონდა მოლაპარაკებები ვაქცინების მწარმოებელ კომპანია „ფაიზერის" პრეზიდენტთან, ასევე ნაყოფიერი იყო ჩემი კომუნიკაცია ჩინეთის პრემიერთან, რათა საქართველოს ვაქცინების საკმარისი მარაგები მსოფლიოში იმ დროს არსებული დეფიციტის მიუხედავად რაც შეიძლება სწრაფად მიეღო. საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან მჭიდრო კომუნიკაციამ შედეგი გამოიღო და როგორც კერძო მწარმოებელი კომპანიების, ისე ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და პრეზიდენტ ბაიდენის, აგრეთვე ჩინეთის პრემიერის ხელშეწყობით, საქართველომ საკმარისი რაოდენობის ვაქცინები მიიღო.

ჩვენი მოსახლეობისთვის ჩამოვიტანეთ 5 მილიონამდე ვაქცინა, მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდა 2 მილიონი დოზა „ფაიზერი", 1 700 000 დოზა „სინოფარმი", 1 100 000 დოზა „სინოვაკი", „ასტრაზენეკა" და ა.შ. მოქალაქეებს მივეცით თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება, თუ რომელი მწარმოებლის ვაქცინით აიცრებიან. ასევე, ევროკავშირმა აღიარა ქართული კოვიდ-სერტიფიკატები და საქართველო შეუერთდა ევროკავშირის შესაბამის ერთიან ციფრულ სისტემას.

მთავრობამ აქტიური საინფორმაციო კამპანია აწარმოვა და როგორც წამახალისებელი ინიციატივების, ისე არაპირდაპირი შეზღუდვების შემოღებით, ვაქცინაციის პროცესს ხელი შევუწყვეთ. დღეისთვის 2 მილიონზე მეტი აცრა გაკეთდა და მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, თუმცა რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, ვისაც ჯერ კიდევ არ ჩაუტარებია ვაქცინაცია, ავიცრათ, რადგან ეს არის ერთადერთი უსაფრთხო და ეფექტიანი გზა დავიცვათ საკუთარი თავი და ჩვენი ახლობლები და ერთად დავამარცხოთ პანდემია.

წელს საკმაოდ წარმატებული საგარეო პოლიტიკა ვაწარმოვეთ, საერთაშორისო ასპარეზზე მივიღე მონაწილეობა უმაღლესი დონის ფორუმებსა და შეხვედრებში. ორი დღის წინ მე დავბრუნდი ბრიუსელიდან, სადაც მონაწილეობა მივიღე აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის კონკრეტული, ხელშესახები შედეგებით დასრულდა. სამიტის პოლიტიკურ დეკლარაციაში ასახულია ჩვენთვის პრიორიტეტული ძირითადი საკითხები და აღიარებულია ჩვენი ევროპული არჩევანი და მისწრაფებები.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ნატოს გენერალურ მდივანთან მქონდა შეხვედრა. განვიხილეთ ჩვენი ურთიერთობების დღის წესრიგი. ნატოს წევრობა, რასაც მხარს უჭერს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, ჩვენი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო - საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოში შესასვლელად და ამიტომ, მნიშვნელოვანია, მომზადდეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ნატოს გენერალურმა მდივანმა განსაკუთრებულად აღნიშნა ჩვენი ძალისხმევა საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელსაც ავღანეთში მრავალი წლის განმავლობაში ვახორციელებდით, ასევე ნატოს გენერალურმა მდივანმა ავღანეთიდან ათასობით ადამიანის ევაკუაციის პროცესში მონაწილეობისთვის მადლიერება გამოხატა.

ასევე, მსურს კიდევ ერთხელ შევეხო საკითხს, რომელიც ეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. როგორც იცით, ბრიუსელში კომპანია "Rothschild & Co"- სთან მნიშვნელოვან შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი. მე მინდა მოსახლეობას განვუმარტო, რომ კომპანია "Rothschild-ი", მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ჯგუფია, მსოფლიოში რიგით მეორე და ევროპაში პირველი, რომელიც საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის განვითარებაზე იწყებს მუშაობას, ასევე ინვესტიციების, ინვესტორების და დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვის მიმართულებით იმუშავებს.

საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგში კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან სხვადასხვა სფეროში არსებული ურთიერთობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. საქართველო რეგიონში ამერიკისა და ევროკავშირისთვის საიმედო პარტნიორია. ამ ფაქტს საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მონაწილეობით მეზობელ ქვეყნებთან წარმატებული შუამავლობის მაგალითიც ადასტურებს. გახსოვთ, რომ ჩემს მიერ წარმოებული წარმატებული მედიაციით, წელს ივნისის თვეში, აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობებს შორის უმნიშვნელოვანესი შეთანხმება შედგა - აზერბაიჯანის მთავრობამ ომის დროს დატყვევებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა, ხოლო სომხეთმა, თავის მხრივ, აზერბაიჯანს გადასცა დანაღმული ტერიტორიების რუკები. სწორედ ეს არის დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობისა და რეგიონის გეოპოლიტიკურ პროცესებში აქტიური მონაწილეობის ნათელი მაგალითი.

„:ქართული ოცნება" არის ის ხელისუფლება, რომლის პირობებში საქართველო ისე ახლოს არის ევროპასთან, ამერიკასთან, როგორც არასდროს. დიდი პატივი იყო ჩემთვის და ბედნიერი ვარ, რომ სწორედ მე მხვდა პატივი ხელი მომეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე. სწორედ „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა ევროპასთან უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა, რასაც წინ უძღოდა ჩემი პირველი პრემიერობის დროს ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მიხედვით ნაკისრი ყველა ვალდებულების წარმატებით შესრულება.

ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც რუსეთთან გაუაზრებელი და ავანტიურისტული პოლიტიკის წარმოებაზე უარი თქვა და ჩვენს შორის არსებული მთავარი პრობლემის - ოკუპაციის, ტერიტორიული მთლიანობის საკითხისა და დეოკუპაციის მოგვარების ერთადერთ გზად მშვიდობიანი და პრაგმატული პოლიტიკა გამოაცხადა, რომელიც ჩვენი პარტნიორების ჩართულობით, საერთაშორისო დიალოგის ფორმატების გავლით ხორციელდება.

სანამ სამომავლო მასშტაბურ გეგმებზე გადავალ, მინდა შევეხო ბოლო დროს დაანონსებულ რამდენიმე ინიციატივას და ჩვენს მოსახლეობას მათი მნიშვნელობა შევახსენო.

პირველ რიგში, მინდა შევეხო შრომისა და სოციალურ პოლიტიკას. სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ტოტალური პრივატიზაციისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლის შედეგად, განიავდა სახელმწიფო ქონება, დაინგრა, მოიშალა ყველაფერი, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები ჩამოიშალა, ცოდნისა და პროდუქციის წარმოება კრიტიკულ ნიშნულამდე დაეცა. ამის შემდეგ, ვერც მოჩვენებითმა დაჩქარებულმა რეფორმებმა და ტოტალური დერეგულაციის პოლიტიკამ ვერ ამოავსო სოციალური უთანასწორობა და რიგითი მოქალაქეების ყოფა თვისობრივად ვერ გააუმჯობესა, ვერ მოგვარდა ჩვენი მოსახლეობის მთავარი პრობლემა - უმუშევრობა და სიღარიბე. 2012 წელს, „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სოციალური პოლიტიკის, ჯანდაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმებით, სახელმწიფოს როლის ზრდით, რომელიც როგორც ბიზნესის სტიმულირებაში, ისე რიგითი მოქალაქეებისთვის სხვადასხვა გრანტებისა თუ თანადაფინანსების მექანიზმების შექმნაში გამოიხატა, ეკონომიკური პარამეტრები არსებითად გაუმჯობესდა და უთანასწორობის დონე მკვეთრად შემცირდა. საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავე პოზიციების დაკავებისა თუ რეალური ცხოვრების გაუმჯობესების მიუხედავად, ჩვენს ეკონომიკას კვლავაც გააჩნია სტრუქტურული პრობლემები. ერთ-ერთი ასეთი პრობლემა სოციალური პოლიტიკაა, რომელიც დაახლოებით 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქიდან თითქმის 300 000-მდე შრომისუნარიან მოქალაქეს უმუშევრობისა და უმოქმედობისკენ უბიძგებს. ამიტომ, ჩვენ უნდა შევქმნათ საზოგადოებრივი სამუშაო ადგილები და ამ ადამიანებს ქვეყნის აღმშენებლობაში ჩავრთავთ, მათ მივცემთ მოტივაციას, სოციალური დახმარების მიღებასთან ერთად, დაიწყებენ სამუშაოს, შეძლებენ აიმაღლონ კვალიფიკაცია ან ახალი პროფესია აითვისონ. მასშტაბური სამუშაო ძალის დასაქმება და მათი ჩართვა ეკონომიკაში საშუალებას მოგვცემს, ეტაპობრივად შევამციროთ სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, შემწეობის ნაცვლად მათ უკეთესი ხელფასი უნდა მივცეთ, დავასაქმოთ, ჩავრთოთ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და შრომისუნარიანი ადამიანები კონკურენტულ, მოტივირებულ მოქალაქეებად ვაქციოთ, რომლებიც შრომის ბაზარზეც სრულფასოვნად ჩაერთვებიან. მე მინდა აღვნიშნო, რომ მასშტაბური დასაქმების პროცესში, სოციალურად დაუცველ ადამიანებს შემწეობა არ მოეხსნებათ, არამედ მათ სანაცვლოდ მიეცემათ ხელფასი, კონკრეტული საზოგადოებრივი საქმისთვის. ფაქტია, რომ მხოლოდ შემწეობის იმედზე ყოფნა, უმუშევრობა, მოტივაციის არარსებობა ადამიანებს უბიძგებს, ჩაერთონ აზარტულ თამაშებში, ჩაებან ნარკომანიის მანკიერ წრეში და როგორც საკუთარი თავები, ისე მათი ოჯახები გააუბედურონ. მეგობრებო, ეს უნდა შეჩერდეს.

რამდენიმე კვირის წინ მე წარმოვადგინე კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც ონლაინ კაზინოების, სათამაშო ბიზნესისთვის საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღებას ითვალისწინებს, რაც სექტორის გადასახადების დასაბეგრ ბაზას 65-70%-ით გაზრდის. ამასთან ერთად, აიკრძალება აზარტული თამაშების რეკლამა და 25 წლამდე მოქალაქეებს აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ.

აღნიშნული შეზღუდვა შეეხებათ სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან, ყველა საჯარო მოხელეს, პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით და ასევე პირებს, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. „შავ სიაში" სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ოჯახის წევრების მოთხოვნით. ჯამში, აზარტულ თამაშებზე წვდომა 1 მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს შეეზღუდება.

ეს ინიციატივა არა სექტორის შეფერხებას, არამედ ჩვენს მოქალაქეებზე, ჩვენს ახალგაზრდებზე, მომავალ თაობებზე ზრუნვას ნიშნავს. რაც შეეხება სექტორს და ე.წ. „ლენდ კაზინოებს", ჩვენ აქ განსხვავებული მიდგომა გვაქვს. ბიზნესს ექნება ხელშეწყობა და სტიმულირება, რათა ეკონომიკური აქტივობა და ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. მაგალითისთვის, ჩემი ინიციატივით, გონიოში ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, რომელიც 300 ჰექტარს მოიცავს, სპეციალურ ეკონომიკურ ზონას შევქმნით, სადაც ახალი ფინანსური ცენტრიც აშენდება და ტერიტორიაზე სასტუმროები და კაზინოებიც განთავსდება. აღნიშნული პროექტის განხორციელება უკვე 2022 წლიდან გვინდა დავიწყოთ.

კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც ჩემი დავალებით გადაიდგმება, იქნება ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვის მკაცრად გაკონტროლება. დღეს ეს ძალიან მწვავე და მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც აუცილებლად მოგვარდება.

ასევე, ვგეგმავთ ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირებას, რათა მედიკამენტების გაზრდილ ფასებზე არსებული მიდგომა შეიცვალოს და მოქალაქეების მიერ წამლებზე ჯიბიდან გაღებული დანახარჯები შემცირდეს. ამ მიმართულებით დაწყებულია საუბარი ბიზნესთან და ჩვენი მოსახლეობა ცვლილებებს მალე იხილავს.

ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ადამიანის უფლებების დაცვა. მომდევნო წლიდან პარლამენტს წარედგინება ადამიანის უფლებათა ახალი სტრატეგია, რომლის მიზანია ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტის განმტკიცება.

საქართველო განაგრძობს წარმატებებს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში. მაგალითად, Trace International - ის კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით წელს საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა და მსოფლიოს საუკეთესო 30 ქვეყანას შორის დასახელდა, ხოლო პირველი ადგილი დაიკავა იმ კომპონენტში, რომელიც აფასებს მთავრობასთან მიმართებაში კორუფციის დაბალ რისკს. ეს ჩვენი ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმის შედეგია არაერთი მიმართულებით, როგორიცაა ანტიკორუფციული კანონმდებლობა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და მთავრობის ღიაობა.

ასევე "გლობალური კორუფციის ინდექსი 2021"-ის შესაბამისად, საქართველომ 9 ადგილით გააუმჯობესა საკუთარი პოზიცია, რაც მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგია ჩვენი ქვეყნისთვის.

მთავრობის ეფექტიანობის გლობალური ინდექსის მიხედვით საქართველო წელს მსოფლიო ბანკის წევრ 20 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა. ინდექსი ეფუძნება ისეთ ინდიკატორებს როგორებიც არის: ბიზნესგარემო, ინფრასტრუქტურა, სახელმწიფო სერვისები, კორუფციის ინდექსი, ფინანსური სტაბილურობა.

მთავრობის ეფექტიანობით საქართველო შავიზღვისპირეთსა და კავკასიაში ლიდერობს. რეიტინგში საქართველომ გაუსწრო ძალიან ბევრ მოწინავე ქვეყანას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მე მინდა ასევე მოკლედ შევეხო მთავრობის მიერ შემუშავებულ ათწლიანი გეგმებიდან ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებს, რომელთა განხორციელებაც უკვე მომდევნო წლიდან დაიწყება. ეს პროექტები არსებითად ახალ ეტაპზე გადაიყვანს საქართველოს განვითარებას და ყველა მიმართულებას გააძლიერებს. ფაქტია, რომ მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ განვითარებულა, რომელსაც არ ჰქონია დროში გაწერილი კონკრეტული, რეალისტური გეგმა. წელს, ჩემი დავალებით, ყველა სამინისტროს დონეზე დამუშავდა არსებული გამოწვევები და წარვუდგინეთ საზოგადოებას ათწლიანი სამოქმედო გეგმები. მე კიდევ ერთხელ მინდა შევეხო მათ და მომდევნო წელს განსახორციელებელ პროექტებზე გავამახვილო ყურადღება.

ეკონომიკის მიმართულებით, „აწარმოე საქართველოს" ფარგლებში, საწარმოებისა და სასტუმროების სესხის თანადაფინანსების პროგრამით ჯამურად, უკვე ისარგებლა 735-მა საწარმომ, 1000-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა ამ წლების განმავლობაში. 2 მილიარდ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა და 26 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

2022 წელს გაგრძელდება ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების გაფართოება. თუკი პროგრამის ამოქმედებიდან, დღემდე ინდუსტრიული და საკრედიტო საგარანტიო სქემით ჯამურად 1 400 - მდე ბიზნესმა ისარგებლა, ჩვენ დაგეგმილი გაქვს, რომ უახლოეს ორ წელიწადში კიდევ 1 500 ბიზნესს დავეხმაროთ განვითარებასა და ფინანსური რესურსის მოძიებაში. მომავალ წელს ამ მიმართულებით ბიუჯეტში დაახლოებით 270 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

წელს,1 სექტემბრიდან უკვე ამოქმედდა პროგრამები „ბიზნეს ექსპორტი" და „ბიზნეს უნივერსალი". ისინი 350 ბიზნეს საქმიანობაზე ვრცელდება და ბენეფიციარები, სესხის პროცენტისა და საკრედიტო საგარანტიო სქემის სარგებლობასთან ერთად, გრანტსაც მიიღებენ. საექსპორტო და იმპორტჩამნაცვლელებელ წარმოებებთან ერთად ასეთივე მხარდაჭერით ისარგებლებენ აგროტურისტული და ეკოტურისტული ბიზნეს-პროექტები.

წელს მიკრო გრანტების პროგრამით, 689 პროექტი დაფინანსდა და დამატებით 2500 ადამიანი დასაქმდა.

ასევე წელს ბიზნესის მხარდაჭერის სესხის სუბსიდირების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდა 327 პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 520 მილიონ ლარამდე ჯამური ინვესტიციის მოზიდვას და დაახლოებით 5200-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნას. „აწარმოე საქართველოში" პროგრამის საკრედიტო - საგარანტიო სქემით უკვე ისარგებლა 184-მა ბენეფიციარმა და შედეგად შეიქმნა 2 500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.

წელს ასევე ამოქმედდა იპოთეკური სესხების სუბსიდირების ახალი პროგრამა, რომლითაც უკვე ისარგებლა 900-მდე ჩვენმა თანამოქალაქემ, ოჯახებმა. პროგრამის ბენეფიციარები არიან მრავალშვილიანი ოჯახები ან ოჯახები, ვისაც ეყოლათ ახალშობილი. შედეგად თითოეულმა მათგანმა შეძლო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და ბინების შეძენა ჩვენი პროგრამის დახმარებით.

ჩემი დავალებით, მიმდინარეობს მუშაობა ახალ ტურისტულ პროექტებზე. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება ახალი ტურისტული ლოკაციები და კონკრეტული პროექტების განხორციელება უკვე ახალი წლიდან დაიწყება.

პროექტები განხორციელდება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. 2022 წლიდან მასშტაბური პროექტი დაიწყება და დაახლოებით 5 000 ადამიანს გადავამზადებთ, აღმოვუჩენთ მხარდაჭერას კვალიფიკაციის ამაღლებაში, რათა ისინი საერთაშორისო ბაზრისთვის კონკურენტულ სამუშაო ძალად ჩამოვაყალიბოთ. მომავალ წელს გაგრძელდება ინოვაციური ეკო-სისტემის განვითარების პროცესიც. ამასთან, პირველად საქართველოს მთავრობა სესხს აღარ აიღებს სტარტაპების დასაფინანსებლად და სტარტაპები დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა დონორს, რომლებიც წლების განმავლობაში აფინანსებდნენ ჩვენი ეკონომიკის ამ მნიშვნელოვან მიმართულებას.

გაგრძელდება გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უკვე განხორციელდება 17 000 ახალი აბონენტის გაზიფიცირება 107 დასახლებულ პუნქტში.

სვანეთში, ზურულდის მთაზე დასრულდა და სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს ახალი საბაგირო კომპლექსი. ზამთრის სეზონზე ექსპლუატაციაში გაშვებული იქნება გონდოლას ტიპის უახლესი საბაგირო კომპლექსი. სრულყოფილად იფუნქციონირებს კოხტას საბაგირო, რომლის რეკონსტრუქციაც უკვე განხორციელდა.

წელს ხელი მოეწერა ხელშეკრულებებს ელექტროსადგურების მშენებლობაზე:
მათ შორისაა, 27 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, რომელთა დადგმული სიმძლავრე იქნება 152 მგვტ და ინვესტიცია იქნება დაახლოებით 230 მლნ აშშ დოლარი;
ვმუშაობთ მზის ელექტროსადგურების განვითარების პროექტებზეც, ასევე ქარის პროექტებზეც. მაგალითად წელს ჩვენ დავიწყეთ, მოვაწერეთ ხელი ქარის პროექტებს, რომელთა ჯამური სიმძლავრე უნდა იყოს 206 მგვტ, ხოლო აღნიშნული სიმძლავრის საშუალებით ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება იქნება დაახლოებით 812 მლნ. კვტ.სთ.

ასევე წელს გაფორმდა დამატებით ორი ქარის სადგურზე ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლაზე ხელშეკრულება შემდგომში მშენებლობის ფლობისა და ოპერირების მიზნით, აღნიშნული პროექტების ჯამური დადგმული სიმძლავრეა დაახლოებით 30 მგვტ და გამომუშავებული იქნება 108 მლნ. კვტ.სთ.

დასრულდება კვლევა და გადავალთ პილოტირებაზე უახლესი ტექნოლოგიის - მწვანე წყალბადის გამოყენების მიმართულებითაც. აქტიური ღონისძიებები დაიწყება მომხმარებლებში ენერგოეფექტური მიდგომების დასანერგადაც.

ფინანსთა სამინისტროს მიმართულებით, მომდევნო წლების განმავლობაში, ჩვენი ძირითადი ამოცანა იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და ფისკალური მდგრადობა. აღსანიშნავია, რომ წელს, უკვე წლის ბოლომდე დღგ-ის დაბრუნების მაჩვენებელი გადააჭარბებს 1.9 მლრდ ლარს, რაც 1.1 მილიარდით მეტია იმაზე, რაც იქნებოდა ძველი სისტემის შემთხვევაში.
ვალის მართვის სტრატეგიული მიზნებია, მთავრობის ვალის შემცირება, ლარში ვალის წილის ზრდა მთავრობის მთლიან ვალში, მთავრობის ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება, საგარეო სესხების განვითარებაზე ორიენტირებულობის ზრდა. წელს უკვე ყოველწლიურად ვამცირებთ საბიუჯეტო დეფიციტს. მთავრობის ვალის მაჩვენებელი 2024 წელს ჩამოცდება მშპ-ს 50%-ს.
განხორციელდება სახელმწიფო საწარმოების კომპლექსური რეფორმა, რის შემდგომაც მოხდება რისკების ზრდის ნაცვლად, ეკონომიკის ზრდის ხელშემწყობი საწარმოების ფორმირება.

განათლების მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა „ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს. დღემდე აშენდა 174 ახალი სკოლა, ხოლო სრულად რეაბილიტირდა 257 საჯარო სკოლა. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ წელს აშენდა 64 და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამდენივე სკოლას.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის განსავითარებლად ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ცენტრი ჩვენი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილისა და მისი ფონდის, ფონდ „ქართუს" მიერ არის დაფინანსებული და მასში ორი ციკლოტრონი განთავსდება, რომლებიც მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა კომპანიამ (IBA) ააწყო და ამ ეტაპზე ტესტირების პროცესს გადის. ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის. მეორე ციკლოტრონი განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში. პროტონული თერაპიის ცენტრი პირველ პაციენტს უკვე 2024 წელს მიიღებს.

გაისად უკვე შეიცვლება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მოქმედი სისტემაც. კერძოდ, ჩვენ ვგეგმავთ, რომ დაინერგოს სამინისტროს ინიციატივით შემუშავებული კლასტერული აკრედიტაცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების ხარისხის განვითარებასა და საერთაშორისო დონეზე საქართველოში გაცემული კვალიფიკაციების აღიარებას.
7 დეკემბერს ბრიუსელში საზეიმოდ მოეწერა ხელი საქართველოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ის შეთანხმებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკის ობსერვატორიის რეაბილიტაციის დასრულებისთვის გაისად გამოიყოფა დამატებით 10 მილიონი ლარი, რაც უზრუნველყოფს ობსერვატორიის სრულ მოწესრიგებას, ტელესკოპების აღდგენასა და ახალი ტელესკოპის შეძენას. აბასთუმანში ასევე შეიქმნება თანამედროვე მეცნიერების მუზეუმი. ძალიან მალე ობსერვატორიაში საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭო შეიქმნება, რომელიც ობსერვატორიას განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს. 2022 წლის თებერვლიდან, მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ პირველად ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება, რომელსაც ამერიკელი მეცნიერი და ქართველოლოგი პროფესორი სტივენ ჯონსი უხელმძღვანელებს.

რაც შეეხება ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით მთავრობის მიღწევებსა და მიმართულებებს. მთავარი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, იქნება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომლის დაფინანსება 20 მილიონი ლარით გაიზრდება 2022 წლიდან. ასევე დაგეგმილია თბილისისა და რეგიონების სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების, პერსონალის ანაზღაურების გათანაბრება, რაც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჯანდაცვის რეფორმის მიმართულებით.
გაისად უკვე დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის დაფინანსდება სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემები. მომდევნო წლიდან სკოლებში სკოლის ექიმის მომსახურების მიწოდება და სამედიცინო კაბინეტების ფუნქციონირება სამინისტროს მიერ შემუშავებული სტანდარტის შესაბამისად განხორციელდება. ასევე გეტყვით, რომ დაახლოებით 3000-ზე მეტ დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა ბინები წელს და ამდენივეს გადაეცემა გაისად. უკვე ვახსენე პენსიები და სხვადასხვა ინსტრუმენტები, რომელთა საშუალებითაც მომდევნო წელს ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება.

რაც შეეხება თავდაცვის მიმართულებით გამოკვეთილ პრიორიტეტებს. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, ნატოსთან თავსებადობის გაზრდა და ამ ორგანიზაციაში საბოლოო ინტეგრაცია. სამხედრო მოსამსახურეებისთვის და მათი ოჯახებისთვის ღირსეული სოციალური პირობების შექმნა იყო და არის ჩვენი მთავარი ამოცანა.

სამხედროებისათვის პირობების გაუმჯობესების მიზნით უკვე იანვრიდან დამატებით იგეგმება ხელფასების დამატებით ზრდა - დაბალი რგოლის სამხედრო მოსამსახურეებისათვის 20%-ის, ხოლო მაღალი რგოლისათვის 10%-ის ოდენობით.

ხელფასების ზრდა შეუქცევადი გახდება და რა თქმა უნდა, ეს წლების განმავლობაში სისტემატიურად გაგრძელდება. ჩვენ ვაპირებთ მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანოთ თავდაცვის კოდექსშიც.

უკვე გაისად დასრულდება „ჯარის ქალაქის - Army City" მშენებლობა. პროექტის მიხედვით, მახათას მთაზე 7-სართულიანი 39 კორპუსი უკვე აშენდა და სრულდება ძალიან მალე, რამდენიმე თვეში და დაახლოებით 1090 სამხედროს გადაეცემა ბინები, უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებითა და შიდა განვადებით.

ჩვენ ბოლო 2 წელიწადში თითქმის ყველა სამხედრო ბაზის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა და რეაბილიტაცია მოვახერხეთ. დაიწყო სამხედრო ავიაციის აღდგენის პროცესი და წარმატებით მიმდინარეობს არსებული საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის სამუშაოები.

ძლიერდება ქართული სამხედრო მრეწველობა. წელს უკვე ჩვენ გავხსენით ნატოს სტანდარტის ავტომატური შაშხანის GI-4-ის წარმოება საქართველოში, რომელიც არის ქართულ-ებრაული საწარმო - „დელტა სიეიეი" და რომელიც „დელტას" ბაზაზე გაიხსნა და გამოუშვებს ნატოს სტანდარტის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღებს.

დაიწყო საქართველოს თავდაცვის ძალებისათვის უპილოტო საფრენი აპარატების განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. უახლოეს პერიოდში იგეგმება ქართულ-პოლონური და ქართულ-ებრაული საწარმოების პრეზენტაცია. „დელტა"-ს მეშვეობით ჩვენ უკვე გამოვუშვით სრულიად ახალი, მოდერნიზებული სადაზვერვო მანქანაც, რომელიც რამდენიმე დღის წინ საზოგადოებამ იხილა.
ჩვენ რამდენიმე თვეში, პარლამენტს წარვუდგენთ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებულ დოკუმენტს, როგორც ფუძემდებლური დოკუმენტის საბოლოო ვერსია. ასევე განახლდება საფრთხეების შეფასების დოკუმენტი და ეროვნული თავდაცვის სტრატეგიაც, რომელსაც მთავრობა დაამტკიცებს უახლოეს 3-4 თვეში. ვგეგმავთ ასევე კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში კანონპროექტის პარლამენტისთვის წარდგენას თებერვალში.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას და სოფლის მეურნეობას. მე მინდა პირველ რიგში სოფლის მეურნეობაზე ვთქვა. ჩვენი მიზანია, რა თქმა უნდა, მეწარმეთა და ფერმერთა გაძლიერება ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის შესაქმნელად.

ამ მიმართულებით ჩვენ მიღწევებზე მეტყველებს სტატისტიკური მონაცემები. „აგროკრედიტის პროგრამაში" ჯამში ბიუჯეტიდან დაიხარჯა 560 მილიონი ლარი, ხოლო 2022 წელს 121 მილიონი ლარი დაიხარჯება.

მე მინდა ასევე გითხრათ, რომ წელს დაახლოებით 20 ათასი კაცით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა, ხოლო სოფლად დაქირავებულთა რაოდენობის ზრდამ 40000 კაცს გადააჭარბა. 23 მილიონიდან 96 მლნ-მდე გაიზარდა ღვინის ექსპორტი, ხოლო მიღებული შემოსავლები გაიზარდა 75 მლნ-დან 220 მლნ აშშ დოლარამდე. ბოლო 8 წელიწადში ყურძნის რეალიზაციით ჩვენმა მევენახეებმა 1,8 მლრდ ლარი მიიღეს.

სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებით მთელი ქვეყნის მასშტაბით, გაშენებულია 14 000-ჰექტრამდე ახალი მრავალწლოვანი ბაღი. სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, შექმნილია 250-ზე მეტი ახალი; გადაიარაღებულია და ფუნქციონირებს 1000-ზე მეტი საწარმო.

წელს ასევე დავიწყეთ სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების მასშტაბური პროექტი, რომელიც სოფლად ჯამში 150 მილიონი ლარის ღირებულების სხვადასხვა ზომის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მობილიზებას გულისხმობს.
ჩვენი ხელისუფლების პირობებში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 368 პროექტი. შედეგად, წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 45 000 ჰექტარიდან 160 000 ჰექტარამდე გაიზარდა. მათ შორის, სარწყავი წყალი მიეწოდა ისეთ სოფლებს, სადაც 20-30 წლის განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები არ მორწყულა არასოდეს.

მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა გარემოს დაცვის მიმართულებით. ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაცული ტერიტორიების ფართობი რეკორდულად 280 ათას ჰექტრამდე გაიზარდა. დღეისთვის დაცული ტერიტორიების ფართობი ქვეყნის მთელი ტერიტორიის 11.5%-ია.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას. მე მინდა გითხრათ, რომ აქაც რეკორდული ბიუჯეტი იქნება. წელს ვგეგმავთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების დაწყებას. მანამდე გეტყვით, რომ ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში დავიწყეთ ურბანული განახლების პროგრამები, რომელშიც პირველ ეტაპზე იხარჯება დაახლოებით 500 მილიონი ლარი და ჩვენ ამ პროექტს დავასრულებთ უახლოეს რამდენიმე თვეში. ბიუჯეტი იქნება მთლიანად 3.3 მილიარდი ლარი, რაც 16%-ით მეტია, ვიდრე იყო წელს და 28%-ით მეტია, ვიდრე იყო ინფრასტრუქტურის სამინისტროს მთელი ბიუჯეტი 2020 წელს.

ასევე მინდა გითხრათ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის კიდევ 50 კმ შევა ექსპლუატაციაში, რის შედეგადაც გადაადგილების დრო კიდევ 20 წუთით შემცირდება. აღმოსავლეთ-დასავლეთი დერეფნის დასრულების შემდგომ კი, ყველა მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლის შედეგად, მგზავრობის დრო განახევრდება და 8 საათის ნაცვლად, წითელი ხიდიდან-სარფამდე მგზავრობა დაახლოებით 4 საათში იქნება შესაძლებელი.

ასევე მინდა ვთქვა, რომ წელს ძალიან მნიშვნელოვანი გზებიც გავხსენით. ეს იყო იმერეთის და რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-იანი ახალი გზა, რომელმაც თბილისიდან ონამდე ჩასვლა მხოლოდ 3 საათში გახადა შესაძლებელი და უკვე საგრძნობლად გაზარდა რეგიონის ვიზიტორთა რაოდენობა. უწყვეტად მიმდინარეობს წყალმომარაგების მასშტაბური პროექტები. ამჟამად 150 დასახლებაში მიმდინარე პროექტებით 360 000 ადამიანს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება. აქედან 200 000 ადამიანს არასდროს ჰქონია წვდომა წყალმომარაგებაზე. 4 წელიწადში ყველა ქალაქში იქნება 24 საათიანი წყალმომარაგება.

მინდა ასევე მოკლედ შევეხო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებას. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებები გვაქვს წელს. მოგეხსენებათ, რომ ჩატარდება კალათბურთის ევროპის ჩემპიონატი „ევრობასკეტი", რომლისთვისაც ჩვენ რა თქმა უნდა, კარგად უნდა ვიყოთ მომზადებული. ძალიან ბევრ სხვა ტურნირს უმასპინძლებს საქართველო 2022 წელს. ჩატარდება ძიუდოს „გრანდ სლემი", ჭიდაობის, ფარიკაობის, რაგბის, კრივის, ზამთრის სპორტის სახეობების მიმართულებით ტურნირები.
მე ასევე მინდა ვთქვა, რომ კულტურული მემკვიდრეობა ჩვენი ქვეყნის საუნჯე და სავიზიტო ბარათია. მათი მოვლა-პატრონობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რაშიც მხოლოდ მაღალი კვალიფიკაციის პირები უნდა იყვნენ ჩართულები. ამ მიმართულებით ქალბატონმა თეამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უკვე.

საგარეო ურთიერთობების მიმართულებაზე ვრცლად ვისაუბრე. ძალიან წარმატებული საგარეო პოლიტიკა გვქონდა, მათ შორის რეგიონშიც არაერთი წარმატებული, ნაყოფიერი ვიზიტი გვქონდა. ამ მიმართულებით ვაგრძელებთ თანამშრომლობას და კიდევ უფრო გააქტიურდება ჩვენი ვიზიტები რეგიონში. მე მინდა ვთქვა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგების იმპლემენტაციაზე მუშაობა იქნება ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. ასევე მინდა ვთქვა, რომ ნატოს სამიტზე საქართველოს საკითხის სათანადო ასახვა იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი 2022 წელს; შავი ზღვის რეგიონში ალიანსის კიდევ უფრო აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის განმტკიცებას სტრატეგიული ქარტიით გათვალისწინებული ყველა მიმართულებით, განმტკიცდება და შენარჩუნდება ამერიკის შეერთებული შტატებთან უმაღლეს და მაღალ დონეზე არსებული პოლიტიკური დიალოგი და კოორდინაცია. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება საქართველო-აზერბაიჯანის, საქართველო-სომხეთის, საქართველო-თურქეთის პოლიტიკური, ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცება, არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და რეგიონის ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება.

რაც შეეხება პოლიციას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებას. მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს გაწეული საქმიანობისთვის. პოლიციის მიმართულებით ეფექტურ მუშაობაზე არაერთი საერთაშორისო, ავტორიტეტული ორგანიზაცია საუბრობს. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამერიკული ორგანიზაცია "Gallup"-ის ინდექსის მიხედვით, საქართველო გერმანიასთან, შვედეთთან და მალტასთან ერთად, მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მოხვდა. ეს რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიციის დამსახურებაა. ინდექსი ეფუძნება გლობალურ გამოკითხვას, რომლის მეშვეობითაც შეფასებულია ადამიანების პირადი უსაფრთხოება და მათი საკუთარი გამოცდილება დანაშაულსა და სამართალდამცავ ორგანოებთან მიმართებაში და ა.შ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ წელს დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაზრდილია 47%-მდე 30%-დან. ბატონ ვახტანგს აქვს გეგმები, რომ განვითარდეს ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, გაუმჯობესდება საპოლიციო სერვისები, მათ შორის მოსახლეობისთვის გაიზრდება ელექტრონულ სერვისებზე ხელმისაწვდომობა და ერთიანი მომსახურების ცენტრის მოწყობა ბათუმში, ქუთაისსა და თელავში. ასევე, მოხდება ავტოპარკის მნიშვნელოვანი განახლება.

იუსტიციის სამინისტროს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი და ამბიციური გეგმები. ბატონი რატი აქტიურად ჩაერთო წელს ამ მიმართულებით. ქვეყნის მასშტაბით მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი დაწყებულია. ეს არის სამ წლიანი პროექტი, რომელიც 1 200 000 ჰექტრის აზომვასა და რეგისტრაციას გულისხმობს. ასევე, გვაქვს ძალიან კარგი ინიციატივები ახალი პროდუქტების შექმნის მიმართულებით, ისეთი, როგორიც არის მაგალითად, კერძო სექტორი ბიზნესთან ასოცირებული სახელმწიფო სერვისების ერთი ფანჯრის პრინციპით ისარგებლებს, ერთ სივრცეში მიღებას შეძლებს. ჩვენ ვგეგმავთ, გავაგრძელოთ მუშაობა „ციფრულ იუსტიციის სახლზე" გადასვლაზე, რაც წარმოადგენს იუსტიციის სახლების განვითარების თანამედროვე და ციფრულ გაგრძელებას. მუშავდება ციფრული იუსტიციის სახლის მობილური აპლიკაციაც, რომელიც უახლოეს თვეებში წარედგინება ჩვენს მოსახლეობას. მისი დახმარებით მომხმარებელი შეძლებს, ნებისმიერი სერვისი მობილური აპლიკაციის საშუალებით, სახლიდან გაუსვლელად მიიღოს. ასევე გეტყვით, რომ ვგეგმავთ თანამედროვე მეოთხე თაობის ბიომეტრიული პასპორტს გაკეთებას, ამას უახლოეს რამდენიმე თვეში წარვუდგენთ საზოგადოებას და ვგეგმავთ ახალი თაობის პირადობის მოწმობის დანერგვას.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინაციით მიმდინარეობს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესი, რომელიც 2022 წელს დასრულდება და მორგებული იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე და ინტერესებზე; წარმოდგენილი იქნება ახლებური ხედვები და შესაძლებლობები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის.

გაგრძელდება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ხარისხიან განათლებაზე, ისევე როგორც სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის და პანდემიიდან გამომდინარე საჭიროებების დაკმაყოფილების ხელშეწყობაც. მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის გამყოფი ხაზის ორივე მხარეს სავაჭრო და ბიზნეს პროექტების მხარდაჭერა "მშვიდობის ფონდის" ფარგლებში. გავაგრძელებთ გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის დახმარების და საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური და საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობას.

მეგობრებო, ეს იმ პროექტების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომლებიც მთავრობის მიერ დასახული გეგმის მიხედვით 2022 წელს განხორციელდება.
დღეს, როდესაც ჩვენი საქმიანობის შედეგებს ვაჯამებთ და შემდგომ განვითარებაზე ვმსჯელობთ, მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც თავდაუზოგავად შრომობს ჩვენი ქვეყნის წინსვლისათვის. მადლობა თითოეულ საჯარო მოხელეს, თითოეული სამინისტროს ყველა თანამშრომელს, მადლობა ყველა მინისტრს გაწეული საქმისათვის, ხელისუფლების ყველა რგოლის წარმომადგენლებს, მადლობა პარლამენტს, პარლამენტის თითოეულ წევრს და ჩვენი ძლიერი გუნდის თითოეულ წევრს. მადლობას ვუხდი ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, ჩვენს ნამდვილ მეგობრებს დახმარებისთვის, მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. მადლობა საზოგადოების თითოეულ წევრს, ვისაც თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს წარმატებაში. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს საამაყო პოლიციელებს, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და მის ხელმძღვანელს, მადლობა ჩვენს გმირ ექიმებს, მადლობა ჩვენს ეკლესიას, საპატრიარქოს, მადლობა ჩვენს ხალხს!

მჯერა, ჩვენი საზოგადოება მთავრობის ინიციატივებს მხარს დაუჭერს და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, საქართველო განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ. ჩვენ კი, რა თქმა უნდა, ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ, უნდა ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და ხალხს მთელი გულით, თავდადებით, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ჩვენი მოსახლეობისთვის და ქვეყნისთვის. უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები, დავძლიოთ სიღარიბე, მშვიდობა და კეთილდღეობა უნდა მოვუტანოთ ჩვენს ხალხს, განვითარება და პროგრესი უნდა შევიტანოთ ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში. მომდევნო წლები უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების და აღმშენებლობის წლები! ყველას დიდი მადლობა, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიმშვიდეს და წარმატებულ ახალ 2022 წელს!


ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!