საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ მაქსიმალურ ყურადღებას დავუთმობთ პოლიციელების სოციალურ გარანტიებს, მათზე და მათ ოჯახებზე ზრუნვას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, აღჭურვილობის, შეიარაღების განახლებას ამოსაბეჭდი ვერსია

2021-08-02

.  ..

მინდა, ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით, გამოვხატო მადლიერება პირადად ჩემი და მთელი გუნდის, მთელი მთავრობის სახელით, თითოეული პოლიციელის მიმართ, იმ გმირული სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ ეწევით ყოველდღიურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 10-წლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, პოლიციელობა ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაა.

„ეს არის მისია, რომელსაც თქვენ ატარებთ. ეს არის ამავდროულად ძალიან საამაყო, ვინაიდან, ემსახურებით რა, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ეს ძალიან საპასუხისმგებლოა. მინდა, ამავდროულად აღვნიშნო, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ ყველას გვავიწყდება, თუ რაოდენ მაღალი რისკის შემცველია პოლიციელობა. თქვენ რეალურად, ყოველდღიურად, 24-საათიან რეჟიმში გიწევთ მუდმივი სტრესის პირობებში მუშაობა, ოჯახებიდან მოწყვეტილი, კრიმინალთან ბრძოლის რეჟიმში, ეს ძალიან დიდ მსხვერპლს მოითხოვს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ქედი მოვიხარო ჩვენი გარდაცვლილი, გმირი პოლიციელების ხსოვნის წინაშე, მათი ოჯახების წინაშე, კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა მათ ასეთი გმირების აღზრდისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სახელმწიფო ვალდებულია, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ სათანადოდ იყოს დაფასებული თითოეული პოლიციელი და მათი ოჯახის სოციალური გარანტიები.
„ჩვენ მაქსიმალურ ყურადღებას დავუთმობთ პოლიციელების სოციალურ გარანტიებს, მათზე და მათ ოჯახებზე ზრუნვას. ბატონ მინისტრს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, გეგმა, თუ როგორ განავითაროს მისდამი დაქვემდებარებული უწყება. ძალიან ბევრი პროექტია დაგეგმილი, რომელიც შეეხება, იგივე ინფრასტრუქტურის განვითარებას, აღჭურვილობის, შეიარაღების განახლებას, პოლიციელებისთვის შესაბამისი სოციალური გარანტიების შექმნას. მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ამ პროექტების მხარდასაჭერად, ბიუჯეტიდან გამოიყოფა დამატებითი სახსრები, იმისთვის, რომ ყველა ეს პროექტი, პროგრამა იყოს დაფინანსებული. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით, როგორც რიგითი მოქალაქე, როგორც, ამ შემთხვევაში, მთავრობის მეთაური და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენს წინაშე გამოსვლა და მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი გმირობისთვის", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

უწყების 10-წლიანი განვითარების გეგმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა წარადგინა. ღონისძიებას, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.


მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური