საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-04-24

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ, მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა თვითდასაქმებულების აღრიცხვიანობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რამხელა ხელფასი აქვს დასაქმებულს, გადასახადებს ყველა უნდა იხდიდეს, თუმცა კრიზისულ მდგომარეობაში, ადამიანების ამ პრინციპით გარჩევა არ მოხდება.

„სოციალური დახმარების სააგენტოს აქვს სპეციალური პროტოკოლი, რომლითაც არაფორმალურად დასაქმებული უმარტივესი გზით, როგორც კი შეძლებს, დაადასტუროს რაიმე სახით შემოსავალი, ეს შეიძლება იყოს მაგალითად დამლაგებლისთვის ორგანიზაციის წერილი, სადაც ის ალაგებდა, მოვაჭრისთვის, იმ ბაზრობის ადმინისტრაციის ელემენტარული წერილი სადაც ის შრომობდა, მძღოლისთვისაც მსგავსი, რაიმე სახის საბანკო ანგარიში, რომელიც ადასტურებს, რომ ამ ადამიანს 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავალი უფიქსირდებოდა, იქნება საკმარისი, რომ სოციალური დახმარება გავცეთ; რადგან პანდემია გლობალური გამოწვევაა და ქვეყანაში სოციალურად მძიმე ფონი შექმნა არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთათვისაც, ამიტომ ასეთი ელემენტარული დოკუმენტები საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სოციალური დაცვის სააგენტომ გაითვალისწინოს და შესაბამისი დახმარება გასცეს", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დახმარების ხასიათი იყოს მდგრადი და არა პოპულისტური. 


„კომპანიებს რაც შეეხება, დეკლარაციის ჩაბარების დროს, მაგალითად 15 მაისს, იქ გამოჩნდება წინა დეკლარაციასთან შედარებით კომპანიამ ადამიანი შეინარჩუნა, თუ არა, გაუშვა უხელფასო შვებულებაში, თუ არა. მე მინდა ასევე გითხრათ, რომ ეს დახმარება შეეხება ადამიანებს, რომლებიც კომპანიამ  უხელფასო შვებულებაში გაუსვა. ჩვენ გვესმის, რომ ფორმალური დასაქმების და ახალი სამუშაო ადგილების ნაწილში არა მხოლოდ საქართველო, მსოფლიო დგას გამოწვევის წინაშე, ამიტომ ჩვენ დახმარების ხასიათიც არის 6 თვიანი და ვცდილობთ, მდგრადი ხასიათი მივცეთ. შეგვეძლო პოპულისტურად გამოვსულიყავით და გვეთქვა, რომ ვეხმარებით ერთჯერადად ამდენით, არა, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს დახმარება იყოს მდგრადი, ესაა საუკეთესო პრაქტიკა, საუკეთესო გამოცდილება. ჩვენ გვესმის, რომ ეს არის იმ აუცილებლის მინიმუმი, რომელიც დღეს ქვეყანას შეუძლია და გავითვალისწინოთ ყველამ, რომ მთავრობის და თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა, ეს მწირი რესურსი რომელიც ჩვენ დავაგროვეთ, რომ სოციალური დახმარებების სახით გავცეთ პირველ რიგში უნდა გამოვიყენოთ ეფექტურად და სამართლიანად. ესაა ჩვენი მიდგომა და ვეცადეთ, მაქსიმალურად სოციალურად მგრძნობიარე ყველა ფენა მოგვეცვა, რასაც დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ მიზანს მივაღწევთ,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა უპასუხა პენსიონერთა დახმარებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას და აღნიშნა, რომ შენარჩუნდება პენსიის ზრდა ივლისიდან 30 ლარით, 70 წელს გადაცილებულთათვის - კიდევ უფრო მეტით, გარდა ამისა, პენსიონერებს, რომლებიც მოხვდებიან შესაბამის სოციალურ ჯგუფებში, ყველა განსაზღვრული დახმარება შეეხებათ.

გიორგი გახარიას თქმით, მთავრობის ძირითადი მიდგომაა, რომ სოციალურად აღრიცხვად ჯგუფებს გაუწიოს დახმარება და მოიცვას მაქსიმალური რაოდენობა.

„პენსიონერების ნაწილში მე დეტალურად ვისაუბრე იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში იქნება შეტანილი და რომლებიც ამუშავდება 2021 წლის იანვრიდან. პენსიონერებისათვის პენსიის ზრდა ჩვენ უკვე ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს წელს. ზოგიერთივით შემეძლო ეს მეორედ მეთქვა და გამომეტანა, მაგრამ არ გავაკეთე მარტივი მიზეზის გამო. ბევრი დაანონსებული საკითხი, მათ შორის, ხელფასის ზრდა, სამწუხაროდ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან და საბიუჯეტო შემოსავლებიდან გამომდინარე გავაუქმეთ, გადავდეთ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტს სერიოზული პრობლემები შეექმნება შემოსავლების ნაწილში და როდესაც ვამბობთ, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება -4% და საბიუჯეტო შემოსავლები შეგვიმცირდება 1.8 მლრდ-ით, რეალურად ეს ის პროგნოზია, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან უკვე განხილულია, დადასტურებულია. თუმცა, არავინ იცის ეს ციფრები იქნება უფრო მძიმე ბიუჯეტისთვის, თუ ასეთი. ჩვენ სხვადასხვა სცენარებისთვის ვემზადებით,"- აღნიშნა პრემიერმა.

რაც შეეხება დაქირავებით დასაქმებულების დახმარებას, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, სახელმწიფო დახმარებაის ვადის ათვლა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან, ხოლო გადარიცხვები მაისიდან დაიწყება.

„გადარიცხვები დაიწყება მაისიდან, მაშინ, როდესაც შემოსავლების სამსახურს ექნება პირველი ინფორმაცია კომპანიებისგან ჩაბარებული დეკლარაციების სახით და მაშინ, როდესაც ჩვენ დავინახავთ, რომ ადამიანმა სამუშაო და შემოსავალი დაკარგა," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრი ასევე გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოების და დასავლური მედიის პოზიტიურ გამოხმაურებას კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე და აღნიშნა, რომ საკმაოდ თავმდაბლად აფასებს ამ ყველაფერს, რადგან ქვეყანა ჯერ ბრძოლის შუაშია, ხოლო საბოლოო შედეგების შეჯამება ადრეა.

„საბოლოო გამარჯვების ნიშანი იქნება ეკონომიკის, სამუშაო ადგილებისა და იმ სასტარტო ნიშნულის აღდგენა, რომლითაც 2020 წელი დავიწყეთ. მერწმუნეთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება საკმაოდ ოპტიმისტურად გამოვიყურებით საბოლოო შედეგების შეჯამება ჯერ ადრეა. პანდემიის საბოლოო დამარცხებას შესაძლოა 1 კვირა, 1 თვე და 1 წელიც არ ეყოს, მაგრამ საბოლოო გამარჯვების ნიშანი მაინც იქნება ეკონომიკის, სამუშაო ადგილების აღდგენა, იმ სასტარტო ნიშნულის აღდგენა რომლითაც დავიწყეთ 2020 წელი, ესაა მთავრობის ხელსუფლების და მთლიანად გუნდის მიზანი. ბალანსი აქ ძალზედ მნიშვნელოვანია, არანაირი ფასი არ ექნება პანდემიასთან ეფექტურ გამკლავებას, თუ ჩვენ დავკარგეთ ეკონომიკის აღდგენის პოტენციალი, კრიტიკულად გაგვეზარდა სოციალურად დაუცველების რაოდენობა, თუ ჩვენი ეკონომიკის სწრაფი აღდგენის რესურსი აღარ დარჩა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ კითხვას უფრო თამამად შევძლებ, რომ დავუბრუნდე სადღაც შემოდგომისთვის," - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმაზე და განაცხადა, რომ ყველა სახის ონლაინ-ვაჭრობა, ისევე როგორც მიტანის ნებისმიერი სერვისი ორშაბათიდან სრულად გაიხსნება.

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ეს შეზღუდვა რამხელა დისკომფორტის მომტანი იყო, თუმცა მინდა, მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს, რომ უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად. თუ ჩვენ არ გვქონდა რეაქცია და არ გამოვიჩინეთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, როდესაც ვხედავთ, რომ ვიღაც არაკეთილსინდისიერად ასრულებს დაკისრებულ პასუხისმგებლობას და ფუნქციას, თუნდაც კურიერი, მძღოლი, ამაზე ყველაფერზე უნდა გვქონდეს რეაქცია, აქ არ არის საუბარი ჩვენს ჯანმრთელობაზე, საუბარია საზოგადოების ჯანმრთელობაზე. ყველა სახის ონლაინ ვაჭრობა და სერვისები გახსნილია ყველა იმ კომპანიისთვის, რომელმაც ელემენტარული შემოწმება გაიარა. ასეთი კომპანია ბევრია. ეკონომიკის სამინისტრო მზად არის, როგორც კი მიმართავენ კომპანიები, გაივლიან შემოწმებას და არანაირი პრობლემა არ იქნება,"- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიამ ასევე პრესკონფერენციისას ისაუბრა საერთაშორისო პარტნიორებსა და დონორებთან წარმატებულ თანამშრომლობაზე, რომლის შედეგად ქვეყანას 3 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის რესურსზე სრულად თავისუფალი წვდომა აქვს.

პრემიერის განმარტებით, 3, 5 მილიარდი როგორც საბიუჯეტო, ისე გრანტსა და სასესხო კომპონენტსაც მოიცავს.

„მაგალითად 3 მლრდ აშშ დოლარის ფინანსური რესურსიდან, რომელზეც ჩვენ წვდომა გვაქვს გახსნილი, 1.5 მლრდ არის მთავრობისთვის განკუთვნილი, ნაწილი არის საგრანტო კომპონენტი, ნაწილი -მიზნობრივი. მაგალითად, დაახლოებით, 150-200 მლნ გროვდება ჯანდაცვის სისტემის გამართვისთვის. აქ ბევრი რამე დამოკიდებულია იმაზე, როგორ ეფექტურად ავითვისებთ ამ თანხას, ამიტომ ეს პროპორციები ცვალებადია,"- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა პრესკონფერენციაზე ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე და დიდი ქალაქების ჩაკეტვის თვალსაზრისით შეზღუდვები ძალაში რჩება, გამონაკლისი მხოლოდ ორშაბათს და სამშაბათს დაიშვება.

„ორშაბათიდან მსუბუქ ავტოტრანსპორტზე ყველანაირი შეზღუდვა მოიხსნება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დაწესებული იყო საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე და დიდი ქალაქებისთვის - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი. დიდი ქალაქების ჩაკეტვის თვალსაზრისით, გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ ორშაბათს და სამშაბათს, 27 და 28 აპრილს, რათა ქალაქიდან სააღდგომოდ გასულმა მოქალაქეებმა რეგისტრაციის ან ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნება შეძლონ.

„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი შეზღუდვების დაწესება დაემთხვა სააღდგომო დღესასწაულებს და ჩვენი ბევრი მოქალაქე იყო გასული ან საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილიდან რაიონში, გავაკეთებთ გამონაკლისს ორი დღით. ორშაბათს და სამშაბათს ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, დაბრუნდნენ თავიანთი რეგისტრაციის ან სამუშაო ადგილებზე. შესაბამისად, სატრანსპორტო საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე და ქალაქების ჩაკეტვის თვალსაზრისით არსებული შეზღუდვები ოთხშაბათიდან აღდგება. ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოქალაქეებს მოვუხსნათ შექმნილი დისკომფორტი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. მთავრობის მეთაურის განმარტებით, აკადემიური წელი არ გამოცხადდება და ჩატარდება ეროვნული გამოცდებიც. ამასთან, ცალკე მოეწყობა განათლების სისტემის ამუშავების შესახებ პრეზენტაცია.

„განათლების სამინისტრომ შეძლო, ეფექტურად გამკლავებოდა ამ შეზღუდვებს და დისტანციური სწავლების მეთოდები როგორც საშუალო სკოლაში, ასევე უმაღლესი განათლების ნაწილში საკმაოდ ეფექტურად დანერგა. ეს გვაძლევს საშუალებას, დადასტურებულად ვთქვათ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. ამასთან ერთად, ეროვნულ გამოცდებსაც არაფერი ემუქრება. შესაძლებელია, მხოლოდ იყოს გადავადება, მაგრამ ეროვნული გამოცდების მექანიზმი სრულად იქნება შენარჩუნებული", - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრს მედიის წარმომადგენლებმა ასევე დაუსვეს კითხვა უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის განხილვასთან დაკავშირებით.

გიორგი გახარიას განცხადებით, სტრატეგიული პარტნიორის მიერ საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.

„უკრაინელი ხალხი ჩვენთვის მოძმე ხალხია, უკრაინის სახელმწიფო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და გრძელვადიან პერსპექტივაში ამას ვერაფერი შეცვლის, ვერანაირი ვიწრო პოლიტიკური კონიუნქტურა. სტრატეგიული პარტნიორის მიერ საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ისევე, როგორც ჩემთვის პირადად კატეგორიულად მიუღებელია ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის უკრაინის რომელიღაც რესტორანში თმებით თრევა და „ომონის" თუ პოლიციის მეშვეობით მისი იქიდან გამოყვანა. მსგავს ნაბიჯს, რა თქმა უნდა საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოყვება. ჩვენ ჯერ ელჩი არ გამოგვიწვევია, მაგრამ თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, მინიმუმ კონსულტაციებისთვის მას გამოვიწვევთ",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პოსტკრიზისულ გეგმასა და 6-თვიანი დახმარების ვადის შესაძლო გაგრძელებასთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 6 თვე არის დღეს შესაძლებელი პროგნოზის მაქსიმალური ზღვარი და იმის იქით რაიმე პროგნოზის გაკეთება არასერიოზული, პოპულისტური და უპასუხისმგებლო იქნებოდა.

„სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება -სოციალურად იზრუნოს თავის მოქალაქეებზე აქვს მუდმივად და ვერანაირი კრიზისი ამ ვალდებულებას ვერ გააუქმებს, ეს ფუნდამენტური, საბაზისო პირობაა. ადამიანს, რომელმაც დაკარგა შემოსავალი, შეიძლება ეს ბევრად უფრო მეტი იყო, ვიდრე 1200 ლარი, თან 6 თვეში, ამაში დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო ეუბნება, მე იმ მინიმუმით გეხმარები, რა შესაძლებლობაც ჩემს ეკონომიკას აქვს და გეხმარები იმ ვადაში, რა ვადაშიც ჩემი გათვლებით ჩვენ ეკონომიკური და სამუშაო ადგილების აღდგენა უნდა დაგვეწყოს, მაგრამ ესაა დღევანდელი მოცემულობა. დღეს ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი მზა რეცეპტი წარმატების გარანტიის მატარებელი ამ კრიზისიდან გამოსვლისა. ასეთი ქვეყნები არ არსებობს, ყველას აქვს თავისი სპეციფიური სუბიექტური მდგომარეობა. ყველა, კონკრეტული გამოწვევებიდან და მისი საზოგადოების სოციალური სტრუქტურიდან, ეკონომიკის სტრუქტურიდან გამომდინარე დგამს ნაბიჯებს, ამიტომ აქ მზა რეცეპტები და აკადემიური ქმედებების ან მენეჯმენტის შესაძლებლობები არ არსებობს. ვართ ექსტრემალურ მდგომარეობაში. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ზრუნვის სახით თითოეულ მოქალაქეს და სოციალურ ჯგუფს, რომელმაც დაკარგა შემოსავალი, ვეხმარებით მინიმუმით, არ შევდივართ დეტალებში, ამის დრო არ არის, მაგრამ ვეხმარებით სამართლიანად, რომ დავფაროთ შესაძლებლად ყველა ფენა, ამასთან, ვეხმარებით კრიზისულ ეტაპზე მეწარმეებს, რომ შეინარჩუნონ სამუშო ადგილები. ბიზნესის განვითარებაზე, ახალი ბაზრების გახსნაზე და ახალი პროდუქტების გამოტანაზე ჯერ არ ვსაუბრობთ და ვერ ვისაუბრებთ, არასერიოზული იქნება. ვეხმარებით, რომ შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები, ჰქონდეთ საკმარისი ლიკვიდობა, რომ გადარჩნენ. ვამბობთ, რომ ვებრძვით ეპიდემიას და იმედი გავქვს, რომ 6 თვეში შევძლებთ ეკონომიკური სრული აღდგენის ეტაპზე გადავიდეთ, რასაც ვუწოდებთ ეკონომიკური აღორძინების პროგრამას, რომელსაც ცალკე დაფინანსება დასჭირდება. იმ ეკონომიკური აღდგენის  პროგრამისთვის ფინანსური რესურსი ცალკე გვექნება მოსაძიებელი. იქ სულ სხვა ეკონომიკური გათვლები და გეგმა იქნება. რაც შეეხება შეკითხვას, 6 თვის მერე რას ვაკეთებთ, ამ ხნის შემდეგ ჩვენ მინიმუმ დაბრუნებულები უნდა ვიყოთ 2020 წლის დასაწყისის ნიშნულის ნახევარზე მაინც. ყველა იმ ნაბიჯში, რასაც ჩვენ ვუწოდებთ შეზღუდვების შემსუბუქებას, ან ეკონომიკის გახსნას, კრიტიკულად მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორი: პირველი - ყველა გადაწყვეტილება ეტაპიდან ეტაპზე გადასვლის შესახებ მიიღება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შეფასების შემდგომ; მეორე - ყველა ეტაპიდან სწრაფი უკან გადახვევის რესურსი უნდა არსებობდეს; მესამე - ახალ ეტაპზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღება ასეთივე გაფართოებული მსჯელობის შედეგად. ეს ის აუცილებელი პირობებია, რომლის გარეშეც საერთოდ ყველანაირ გახსნაზე საუბარი უკიდურესად დიდი რისკის შემცველია. უნდა ვიყოთ იმდენად ფრთხილები, რამდენადაც შესაძლებელია. სხვანაირად ყველა იმ მეტ-ნაკლებად პოზიტიურ შედეგს, რომელიც დღემდე გვაქვს, წყალს გავატანთ და ამის ფასი გახდება ნული,"- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ადამიანებს, რომლებიც დარჩნენ სახლში და შემდგომ მათ, ვინც ბრძოლის წინა ხაზზეა.


„გვესმის, რომ უდიდესი დისკომფორტის მომტანია ეს შეზღუდვები მოქალაქისთვის, ისიც გვესმის, რომ მათ შეეცვალათ ყოველდღიური ცხოვრების წესი, მაგრამ ეს იძულებითი ნაბიჯებია, ამიტომ მე მადლობას ვუხდი პირველ რიგში იმ ადამიანს, რომელიც სახლში დარჩა და ეს წესები შეასრულა და მერე იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ბრძოლის წინა ხაზზე არიან, რადგან წესების შესრულება უკიდურესად მნიშვნელოვანია. სხვანაირად შემდგომ ეტაპებზე გადასვლა, ან ეკონომიკის აღორძინებაზე საუბარი წარმოუდგენელია, შეუძლებელი იქნება. 6 თვეც აქედან გამომდინარეობს და ესაა მდგრადობისა და დღეს შესაძლებელი პროგნოზის მაქსიმალური ზღვარი. იმის იქით რაიმე პროგნოზის გაკეთება იქნებოდა არასერიოზული, პოპულისტური, უპასუხისმგებლო," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაური ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას და აღნიშნა, რომ სადაც კრიტიკა მისაღებია, მთავრობა მას მიიღებს, ხოლო სადაც - არა, არ მიიღებს.

„ოპოზიციის მხრიდან კრიტიკას მიჩვეულები ვართ. თუ ეს კრიტიკა საგნობრივი და ობიექტურია, რა თქმა უნდა ჩვენ ამ კრიტიკას ყურადღებას ვაქცევთ. ბევრი სხვადასხვა სახის კრიტიკა იყო. მაგალითად, ჩვენ თვითონ გადავდგით გარკვეული ნაბიჯები იმისთვის, რომ დახმარების ხელი გაგვეწოდებინა ოკუპაციის ხაზს მიღმა მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების და თანამემამულეებისთვის. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, როგორც ჯანდაცვის ნაწილში ასევე, სოციალურ ნაწილში მაქსიმალურად დავეხმაროთ ადამიანებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზის მიღმა ცხოვრობენ. ვიღაცეები გამოდიან და პოპულისტურად რაღაც-რაღაცეებს მოგვიწოდებენ, ეს არასერიოზულია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საპენსიო ფონდთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ საპენსიო ფონდში დაგროვილ თანხაზე ხელის ხლება დღეს უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იქნებოდა.  


„საპენსიო ფონდისთვის ხელის ხლება დღეს, იქნება უკიდურესად უპასუხისმგებლო  ნაბიჯი. რაც შეეხება, როგორ იქნება დახარჯული თანხა ან ბიუჯეტის შემცირება რომელ პროექტებს შეეხო, ძალიან კარგად იცის ოპოზიციამ, რომ კრიზისული ბიუჯეტის წარდგენის დრო არის მაისი. ეს ბიუჯეტი ვერ აუვლის გვერდს პარლამენტში განხილვებს და აუცილებლად პარლამენტში იქნება განხილული ყველაფერი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, არც ერთი ნაბიჯი, განსაკუთებით 28 იანვრის შემდგომ, როდესაც გლობალურ პანდემიასთან ბრძოლა დაიწყო, საქართველოს მთავრობას თვითნებურად არ გადაუდგამს და ყველა ნაბიჯი იყო ხანგრძლივი განხილვებისა და დისკუსიების შედეგი, როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან, ისე გუნდში, ხელისუფლების ყველა შტოსთან.

„თუ სადმე ჯანსაღ საგნობრივ ნაწილს დავინახავთ, ყველაფერს ვიყენებთ. სპეციალური ეკონომიკური გუნდის ფორმატში ბევრი მსჯელობაა, ვმსჯელობთ საინვესტიციო საბჭოს ფარგლებში, ექსპერტებიც ბევრჯერ მოვიწვიეთ. ბევრი ოპოზიციურად განწყობილი ექსპერტიც გვიგზავნის მის მიერ დამუშავებულ ინფორმაციას, ასევე გვაწვდის ბევრი სხვადასხვა სახის ინსტიტუტი. ჩვენ ყველაფერს ვკითხულობთ, ისევე, როგორც ვაკვირდებით საუკეთესო პრაქტიკებს, რომელიც მიმდინარეობს დღეს გახსნის ტაქტიკის თვალსაზრისით ევროპაში და სხვა ქვეყნებში.  ამიტომ იქ სადაც კრიტიკა მისაღებია მივიღებთ, იქ სადაც მისაღები არ არის არ მივიღებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხელისუფლების ობიექტური სურვილია, უფრო მეტად დაეხმაროს თითოეულ მოქალაქეს, მაგრამ ეკონომიკის რესურსს უკიდურესი სიფრთხილით მიდგომა სჭირდება.

„ეს გაურკვეველი მდგომარეობა ჩვენ გვაყენებს იმ მდგომარეობაში, რომ ის რესურსი, რომელიც ეკონომიკას აქვს, უკიდურესი სიფრთხილით გამოვიყენოთ, რათა ყველაზე მძიმე სცენარებისთვის მზად ვიყოთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც გვესმის რომ ეს დღეს საკმარისი არ არის და არავინ იცის კიდევ რა სახის ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს. ეს გაურკვევლობა არის ყველაზე დიდი რისკის მომტანი და ყველაზე დიდი პრობლემა. მთავრობისთვის აუცილებლობაა, იყოს პასუხისმგებლიანი, პრაგმატული და ეფექტური. ოპოზიციას, სამწუხაროდ, შეუძლია, მისცეს თავს უფლება, იყოს პოპულისტური და ზოგ შემთხვევაში ამპარტავანიც. ამაზე ზოგჯერ ვბრაზდებით, ზოგჯერ ვიღიმებით, ზოგჯერ არ ვაქცევთ ყურადღებას, ზოგჯერ - ვითვალისწინებთ", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე კომენტარი გააკეთა გადასახადების განულებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ინიციატივაზე და აღნიშნა, რომ ეს დღეს აქტუალური არ არის.

„ჩვენთვის საბიუჯეტო შემოსავლებსაც აქვს გარკვეული მნიშვნელობა. ჩვენ დღეს კრიზისის ეტაპზე ვართ და პრიორიტეტია ორი რამ - იმ მოქალაქის სოციალური პირდაპირი ფინანსური დახმარება, რომელმაც შემოსავალი დაკარგა და მეწარმის და ბიზნესის დახმარება ჯერჯერობით მხოლოდ სამუშაო ადგილის შენარჩუნების ნაწილში და იმ კუთხით, რომ შენარჩუნდეს თავად კომპანიაც. რა შეღავათებს გავუკეთებთ, რა ფინანსურ დახმარებას გავუწევთ ეკონომიკური აღორძინების ეტაპზე, ამაზე დღეს არ ვსაუბრობთ", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას განმარტებით, დღეს აქცენტი კეთდება სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ინსტრუმენტებზე, რომლის რესურსებზე ხელმისაწვდომობა უკვე არსებული ბენეფიციარებისთვის მარტივდება და ასევე - სოფლის მეურნეობაზე.

„ჩვენ აგრარული ქვეყანა ვართ, კრიზისისას ქალაქებიდან მოქალაქეების დიდი რაოდენობა მიდის სოფელში. სწრაფად რომ მივეხმაროთ ადამიანებს, ვეუბნებით, რომ ერთწლიანი კულტურის მოყვანისთვის, საბრუნავ საშუალებებს დავუფინანსებთ. საგრანტო პროგრამებს, თუ იყო 20 მილიონი, გავზრდით 40 მილიონამდე. ეს ინდუსტრიული სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხი კი არ არის, რომელიც ეკონომიკური აღორძინების ეტაპზე უნდა განვიხილოთ, არამედ ფერმერის და გლეხის სოციალური დახმარების ინსტრუმენტია, რათა ადამიანს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ სოფელში დარჩეს ერთი, ორი ან სამი წლით, მივეხმაროთ მიწის დამუშავებაში. ახლა ვსაუბრობთ ადამიანის მიზნობრივ დახმარებაზე. ბიზნესის და კომპანიების დახმარება ამ ეტაპზე ხდება მხოლოდ სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და ლიკვიდობის მიწოდების თვალსაზრისით. დანარჩენი ყველაფერი, ახალი პროექტების და განვითარების ხელშეწყობა, შემდგომი, ეკონომიკური აღორძინების ეტაპის საკითხია", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა ავიამიმოსვლის არდგენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას და აღნიშნა, რომ ამის პროგნოზირება რთულია.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული სეგმენტი პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, თუ როგორი იქნება ეპიდემიის განვითარების მობილობა, შესაბამისად, ამ სეგმენტების გახსნების ეტაპებში ჩასმა შეუძლებელია.

„რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი სეგმენტია, რომელზეც მე დღეს განზრახ არ ვისაუბრე - ეს არის მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა, გეგმური ოპერაციების აღდგენა, ეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ისეთი მსხვილი ელემენტებია, რომლებიც პირდაპირ ზემოქმედებენ ყოველდღიურ მობილობაზე  და პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, როგორი იქნება ეპიდემიის განვითარების მასშტაბი, ამიტომ, ამ სეგმენტების გახსნების ეტაპებში ჩასმა შეუძლებელია. ზუსტად ასეა საჰაერო მიმოსვლა. დღეს ვერავინ გეტყვით მსოფლიოში, როდის გაიხსნება საავიაციო ბიზნესი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მივესალმებით, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ეს, იმიტომ, რომ ტურიზმი ჩვენთვის განმსაზღვრელია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ასევე უპასუხა კერძო სკოლების გადასახადთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფოს ყველაზე დიდი გამოწვევა და ამოცანაა, რომ ის მწირი რესურსი, რომელიც აქვს, ეფექტურად გადაუნაწილოს თითოეულ მოქალაქეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უკიდურესად გაჭირვებულს.

„ჩვენ სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს ვეხმარებით, ამიტომ დავამატეთ ამ დახმარებაში, რაღაც ეტაპზე, მრავალშვილიანი ოჯახები, შეზღუდული შესაძლებლობები მქონე პირები და ა.შ. კონკრეტულად კერძო სკოლების გადასახადის გადახდას რაც შეეხება, ამის დაკონკრეტებას ჩვენ ახლა ვერ შევძლებთ, უპასუხისმგებლობა იქნებოდა ჩვენი მხრიდან და შეუძლებელია მსგავს დეტალებში დღეს ჩასვლა. ეს გამოწვევა გლობალურია და ეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, არ აქვს მნიშვნელობა რამხელა შემოსავალი აქვს, უკიდურესად გაჭირვებულსაც და საშუალო შემოსავლის ადამიანსაც. ამიტომ გავაკეთეთ ჩვენ, რომ სოციალურად დაუცველების ქულების მიხედვით, 65 000-დან 100 000 ქულამდე ადამიანებს დახმარების 6-თვიანი სპეციალური ინსტრუმენტები შევთავაზეთ, ეს ის რაოდენობაა ქულების, რომელსაც სისტემურად სახელმწიფო აქამდე არ ეხმარებოდა, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ეს ადამიანები ან არაფორმალურად დასაქმებულები იყვნენ, ან იყვნენ უმუშევრები და ამით ვცადეთ, რომ მაქსიმალურად დიდი რაოდენობა მოქალაქეებისა მოგვეცვა და საუბარია საკმაოდ დიდ რაოდენობაზე", - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ პრესკონფერენციისას ასევე ისაუბრა ფერმერთა დახმარების პროგრამაზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავალებული აქვს, უახლოეს პერიოდში სპეციალური ღონისძიებების ნუსხა წარმოადგინოს ფერმერების დასახმარებლად.

„მინდა გამოვყო მეწარმეების ცალკე ჯგუფი - ფერმერები. შემდეგი სერიოზული დარტყმა ვისზეც იქნება, ეს იქნება სოფლის მეურნეობა და ფერმერები. ჩვენი სოფლის მეურნეობის ადგილობრივი ფერმერობის მოთხოვნის სტრუქტურა სრულად იყო დამოკიდებული ტურიზმზე. არა მხოლოდ ჩვენს შიდა მოთხოვნაზე, არამედ იმ მოთხოვნაზე, რომელსაც აგენერირებდა ტურიზმი, რომელიც დღეს არ არის. ჩვენი სოფლის მეურნეობა ბოლო წლების განმავლობაში ტურისტული ნაკადების ასეთი ზრდის შედეგად აწყობილი იყო ყოველწლიურ ზრდაზე და იმაზე, რომ ტურიზმიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე წამოსული მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. დღეს ეს მოთხოვნა აღარ არის. რა თქმა უნდა მოკლე პერიოდში ამის ექსპორტით ჩანაცვლება ძალიან რთული იქნება. რა თქმა უნდა, ტურიზმიდან დაგენერირებულ მოთხოვნას ჩვენი შიდა მეურნეობები ვერ დააკმაყოფილებს. ჩვენი შიდა მეურნეობების მოთხოვნის სტრუქტურაც შეიცვალა, იმიტომ, რომ ფინანსურად ადამიანებს რომ გაუჭირდათ, მათი მოთხოვნის სტრუქტურაც შეიცვალა, პირველადი იქ უკვე სხვა პროდუქტები ხდება. ამიტომ, სოფლის მეურნეობისა და ფერმერობის ნაწილში გამოწვევა იქნება სერიოზული, განსაკუთრებით იმ სასოფლო-სამეურნეო დარგებზე, რომლებიც შიდა მოთხოვნას აკმაყოფილებდნენ, ამიტომ შემდგომი დახმარების ობიექტი იქნება სოფლის მეურნეობა და ფერმერობა. აქ აუცილებლად პირველი, ფასების რადიკალური ვარდნა იქნება მათ პროდუქციაზე და გასაღების პრობლემა შეიქმნება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავალებული აქვს, უახლოეს პერიოდში სპეციალური ღონისძიებების ნუსხა წარმოადგინოს, იმისთვის, რომ ფერმერებს დავეხმაროთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრს ასევე კითხვა დაუსვეს მსუბუქი ავტომანქანების მოძრაობის აკრძალვის პერიოდში გაცემული საშვების რაოდენობაზე, რასთან დაკავშირებითაც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მისთვის ნაწილობრივ გასაგებია ამ საკითხის ირგვლივ კითხვის ნიშნები, თუმცა არსებობს უამრავი დაწესებულება და სერვისი, რომლის გაჩერებაც უბრალოდ არ შეიძლება.

„ობიექტურიც არის, როდესაც არის შეზღუდვა მსუბუქი  ავტომანქანებით გადაადგილებაზე, დილით იღვიძებ და ქალაქში ამდენი მანქანა მოძრაობს, რა თქმა უნდა, მიგაჩნია, რომ არასამართლიანია. მეც ასე მიმაჩნია, მაგრამ, სამწუხაროდ, საგანგებო მდგომარეობაში ვიმყოფებით და კონტროლის ინსტრუმენტები არ არის ისეთი ეფექტური, როგორც თითოეულ ჩვენგანს გვგონია", -  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ მეორეს მხრივ, არის უამრავი დაწესებულება და სერვისი, რომლის გაჩერებაც უბრალოდ არ შეიძლება.

„სასურსათო მაღაზიის გამყიდველებიდან დაწყებული, სააფთიაქო ქსელების მენეჯმენტით დამთავრებული. გუშინ მაგალითად დაემატა ასობით მანქანა საინკასაციო იმისთვის, რომ პენსიები დაგროვდეს. აღდგომის ღამეს, რა თქმა უნდა, ჩემთვისაც წარმოუდგენელია და შეუძლებელი იყო, საეკლესიო მსახურებისთვის არ მიგვეცა საშუალება, რომ ეკლესიამდე მისულიყვნენ. ეს არის ის კომპრომისები და ის ბალანსი, რომლის საშუალებითაც, ჩვენ ვეძებთ გზას, გავუმკლავდეთ ამ ეპიდემიას. ეს ჩვენი გზაა. სხვა ქვეყნებს თავისი გზა აქვთ. ჩვენს შემთხვევაში არის ის, რომ სააღდგომო მსახურება ეკლესიაში, მამაოების თანხლებით მაინც უნდა ჩატარდეს. თუმცა ის სურათი, რომელიც მაგალითად სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ თბილისში იყო, მეც არ მომეწონა. მეც უკიდურესად გაღიზიანებული ვიყავი და მქონდა უდიდესი უსამართლობის გრძნობა. პირადად მე, როდესაც სამსახურში მოვდიოდი, ყოველ დილით რამდენიმე მანქანის ნომერს ვამოწმებინებდი, ყველას საშვი ჰქონდა - დისტრიბუცია, სამედიცინო მომსახურება, სააფთიაქო ქსელები, ჟურნალისტები", -  განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ყველაზე დიდი რაოდენობის, ათასობით  საშვი აქვს მედიას.

 „ზოგიერთმა უპასუხისმგებლო ვითომ მედია და სინამდვილეში პოლიტიკოსმა, მერე ეს გამოიყენა ლაივების დასადებად და ადამიანების გაღიზიანების მიზნით. მესმის, რომ იდეალური არაფერია და აქ შეცდომები იყო. მეც ეს სამართლიანი გაღიზიანების გრძნობა მქონდა. შეუძლებელია, იდეალურად მომუშავე ინსტრუმენტის 2-3 დღეში გაკეთება. აქ, ერთმანეთს ცოტა უნდა დავუთმოთ. იქ, სადაც ამის აუცილებლობაა, ვაღიარებ და ვიტყვი, რომ კი, აქ შეიძლებოდა ამის უკეთესად გაკეთება, მაგრამ ეს ხომ არ იყო ძირითადი ამოცანა", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ  ძირითადი მიზანი და ამოცანა იყო მობილობის მკვეთრად შემცირება.

„ერთი რამე გაითვალისწინეთ, ეს არ იყო ჩვენი ახირება, რომ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა გაგვეგრძელებინა კიდევ ერთი კვირით. ჩვენ ბევრი ვიმსჯელეთ და დიდი დისკუსიები გვქონდა ექიმებთან და ეპიდემიოლოგებთან. უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, აღდგომის დღესასწაულების შემდგომ, ადამიანების შეკრების ის ხარისხი, რომელიც გვქონდა, არის უბრალოდ რისკის შემცველი და მობილობის დაბალი დონის ერთი კვირით შენარჩუნება აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური აფეთქების რისკი შეგვემცირებინა. აქედან მოდიოდა ეს ერთი კვირა. ბზობის შემდგომ ვნახეთ რა სურათიც იყო და აღდგომის შემდგომაც რომ ეს აფეთქება არ ყოფილიყო, იმიტომ გავაკეთეთ ის, რაც გავაკეთეთ. ეს ელემენტარულია. ვიღაც შეიძლება გამოვიდეს, რომ მაშინ ეს უნდა გექნათ, ის უნდა გაგეკეთებინათ, ასე ბევრის თქმა შეიძლება. კრიტიკა მისაღებია, მაგრამ ობიექტური და გონივრული და არა პოპულისტური და ჭორაობის დონეზე", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასურსათო უსაფრთხოებას და მომარაგებას არანაირი პრობლემა არ აქვს და მოთხოვნის განსაკუთრებული ზრდის არანაირი საფუძველი არ არსებობს. გიორგი გახარიას თქმით, სასურსათო მარაგები გადაზღვეულია, ისევე, როგორც 9 ძირითადი მოხმარების პროდუქტზე დაზღვეულია ფასების ზრდა.

„სასურსათო უსაფრთხოებას და მომარაგებას არანაირი პრობლემა არ აქვს. ეს არის სრულად გადაზღვეული, როგორც რაოდენობრივად, ასევე ფასებით და აქ ყველას შეგვიძლია, მშვიდად ვიყოთ, ამ მიმართულებით რისკები არ არსებობს", - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა ცხელი ხაზის - 144-ის მუშაობის პროცესში არსებულ ხარვეზებზე დასმულ კითხვას და აღნიშნა, რომ ამ კუთხით მოქალაქეების კრიტიკა ობიექტური იყო, თუმცა ამ პრობლემას გარკვეულწილად ობიექტური საფუძვლებიც ჰქონდა.

გიორგი გახარიამ ასევე განმარტა, რომ 144, როგორც ინსტრუმენტი მოქალაქისა და მთავრობის პირდაპირი კავშირისთვის, საგანგებო მდგომარეობის შემდგომაც იარსებებს.

„მოქალაქეების კრიტიკა 144-თან დაკავშირებით იყო ობიექტური; ერთმანეთს დაემთხვა რამდენიმე ფაქტორი და ეს გამოწვევაც იყო ობიექტური, თუმცა პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან. იყო 2-3 დღე, როდესაც 144-ზე ზარების რაოდენობა ასცდა 300 ათასს და ამ ნაკადის მენეჯმენტი შეუძლებელი იყო. 144, როგორც ინსტრუმენტი და იდეა მოქალაქისა და მთავრობის პირდაპირი კავშირისთვის, გპირდებით, იარსებებს, განვითარდება და უახლოეს პერიოდში გახდება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი არა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, არამედ შემდგომაც. როდესაც ამ პანდემიასაც დავძლევთ, ეკონომიკურ აღორძინებაზეც გადავალთ და როდესაც მოქალაქეს უბრალოდ დასჭირდება ხელისუფლების და მთავრობის დახმარებამ აკრეფს 144-ს. თუმცა იმაზე, რაც ცხელ ხაზთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში ხდებოდა, კრიტიკა და შენიშვნები მისაღებია", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური