საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

გიორგი გახარია ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-03-03

.....

-.

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. 
საქართველოს მთავრობის მეთაურმა სომეხ კოლეგას მისი მოწვევის მიღებისა და ოფიციალური ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება. 

„მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ საქართველოში. ჩვენ მთავრობების დონეზე ყოველდღიურად ვმუშაობთ, საქართველოსა და სომხეთს შორის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების გასაღრმავებლად. ჩვენ ყოველთვის ვთანხმდებოდით, რომ მაღალი დონის შეხვედრები არის ის საფუძველი, რომელიც მთავრობებს სამინისტროების დონეზე ეფექტური მუშაობის საშუალებას აძლევს. ჩემი ვიზიტი ერევანში ძალიან ნაყოფიერი და შთამბეჭდავი იყო და მის შედეგებზე დღეს ჩვენ სამუშაო რეჟიმში ვისაუბრებთ. დარწმუნებული ვარ, თქვენი დღევანდელი სტუმრობაც მოიტანს მეტ შედეგებს ჩვენს ხალხს შორის მეგობრული და ეფექტური თანამშრომლობისთვის. ჩვენ რთულ რეგიონში ვცხოვრობთ და ჩვენს მთავრობებსაც კარგად აქვთ გააზრებული, რომ მშვიდობა და სტაბილურობა არის საფუძველი ჩვენი ქვეყნების განვითარებისთვის. ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ მშვიდობაზე და შემდგომ ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ, კულტურულ განვითარებაზე, განათლებაზე და ყველა იმ სფეროზე, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ. საქართველოს, ქართველი ხალხის ურყევი გადაწყვეტილებით, მისი მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების გარანტი არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ჩვენ ამ მიმართულებით ვვითარდებით. დარწმუნებული ვარ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანია ჩვენს სახელმწიფოებს და ხალხებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება ყველა იმ სფეროში, რომელიც აღელვებს ჩვენს მოსახლეობას. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ გეგმის განსახორციელებლად დღეს კიდევ ერთ წარმატებულ ნაბიჯს გადავდგამთ", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 

საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა. 

„დიდი მადლობა ოფიციალური ვიზიტით მოწვევისა და თბილი მიღებისთვის.  ჩვენს ქვეყნებს ღრმა კულტურული ეკონომიკური და ისტორიული კავშირები აქვთ. ჩვენ ათასწლეულებია გვერდიგვერდ ვვითარდებით. საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების გაგრძელება სტრატეგიულ ჭრილში წარმოგვიდგენია. ჩვენ გვაქვს ურთიერთობების უფრო ფართო განვითარების შესაძლებლობები და სფეროები. ჩვენს ურთიერთობებს რეგიონული თვალსაზრისით, მეზობლებს შორის საქართველოსთან, განსაკუთრებულ ჭრილში განვიხილავთ. ჩვენი ხალხების ურთიერთობის განვითარების კიდევ უფრო გამამყარებელ ფაქტორად მიგვაჩნია ჩვენი ქვეყნების დემოკრატიული განვითარების გზა. აღნიშნული გარემოება სხვა მრავალ გარემოებასთან ერთად ჩვენი განვითარების კიდევ ერთი ქვაკუთხედია. ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში საქართველოსთან ურთიერთობები ხარისხობრივად სხვა დონეზე გადავიდა და გვჯერა, ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო გამყარდება. ჩვენ ჩვენი შეთანხმებების ყველა პუნქტს ვახორციელებთ. თბილად ვიხსენებ ჩვენს პირველ შეხვედრას ერევანში. დიდი სიამოვნებით ვსტუმრობ საქართველოს და ჩვენი შეხვედრები არის ის საფუძველი, რაც ჩვენს ორ ხალხს კიდევ უფრო აახლოებს", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. 

პირისპირ საუბრის შემდეგ გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

საუბრისას მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა ინტენსიური ორმხრივი პოლიტიკური დიალოგისთვის. 

ასევე, ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს და აქტიურ თანამშრომლობას ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, კულტურა, განათლება, ინოვაციები და სხვა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური