საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩვენ არ გვქონდა სამართლებრივი სახელმწიფო ამოსაბეჭდი ვერსია

2019-07-19

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" და სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩვენ არ გვქონდა სამართლებრივი სახელმწიფო და ადგილი ჰქონდა ადამიანების მკვლელობას, ადამიანების სიცოცხლის ხელყოფას, საკუთრების ხელყოფას და ადამიანების წამებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

რაც შეეხება „რუსთავი 2"-ის საქმეს, პრემიერის თქმით, არც ერთ ეპიზოდში სტრასბურგის სასამართლომ ხარვეზი არ დაადგინა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უზენაესია და მას ყველა უნდა დაემორჩილოს.

„გუშინდელი დღე იყო კიდევ ერთი გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ფსევდო დემოკრატიულ ძალებთან, რომლებიც წლების განმავლობაში ამტკიცებენ, რომ მათი მთავარი მიზანი გახლავთ საქართველოს ევროპული გზა. კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ ეს ფარსია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ, როგორ ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა", ჩირქი მოსცხოს იმ მთავარ პრინციპებს და ფასეულობებს, რომელსაც ეფუძნება ევროპული დემოკრატია. აქედან გამომდინარე, მსურს, კიდევ ერთხელ მივმართო ყველა იმ ძალას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპული არჩევანი და საქართველოში მყარი ევროპული სამართლებრივი სისტემის არსებობა, დააფიქსიროს თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. წინაღმდეგ შემთხვევაში, მათი პოზიცია ითარგმნება ძალიან მარტივად, რომ ადგილი აქვს შეტევას ჩვენს ევროპულ მისწრაფებებზე და იმ პრინციპებზე, რომელსაც ეფუძნება ევროპული დემოკრატია და ის ფასეულობები, რომლითაც ჩვენი საერთო სამშობლო უნდა ავაშენოთ. გუშინდელი დღე და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" და სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩვენ არ გვქონდა სამართლებრივი სახელმწიფო და ადგილი ჰქონდა ადამიანების მკვლელობას, ადამიანების სიცოცხლის ხელყოფას, საკუთრების ხელყოფას და ადამიანების წამებას. ეს არის მოცემულობა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ტელეკომპანია „რუსთავი-2"-მა პრემიერ-მინისტრს ასევე დაუსვა კითხვა, ზეიმობს თუ არა ნიკა გვარამიას წასვლას.

„ჩვენ ვზეიმობთ ქართველი სპორტსმენების გამარჯვებას, ქართველი ხელოვანების წარმატებას და მთელი ერი ვიზეიმებთ ერთად, როდესაც დავამარცხებთ ორ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევას - ოკუპაციას და სიღარიბეს", - აღნიშნა პრემიერმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, „რუსთავი 2"-ის მფლობელისა და გენერალური დირექტორის ცვლილების მოკლე ვადაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა კანონით დასჯადია და იუსტიციის სამინისტრომ განახორციელა ის პროცედურები, რომელიც მას კანონით ევალებოდა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ თემაზე ოპონენტების განცხადებები დემაგოგიაა, ვინაიდან იუსტიციის მინისტრმა ძალიან კონკრეტული განმარტება გააკეთა.

„ჩვენი ოპონენტების ე.წ არგუმენტი არის წმინდა წყლის დემაგოგია, ვინაიდან მას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. კერძო მესაკუთრემ ჩათვალა საჭიროდ ის, რაც ჩათვალა და იუსტიციის სამინისტრომ განახორციელა ის პროცედურები, რომელიც მას კანონით ევალებოდა. ეს არ იყო არჩევანი. ეს არის ვალდებულება და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რაც შეეხება „რუსთავი-2"-ის სარედაქციო პოლიტიკას, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების საკითხი არ დგას და მსგავს საუბრებს არანაირი საფუძველი არ აქვს.

„ამის გარანტია ის, რომ სწორედ „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მოხდა ძალიან დიდი მიღწევა - ჩვენ გვაქვს მედიაპლურალიზმი. ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი ამ უდიდეს მონაპოვარს განსაკუთრებით უფრთხილდება. რაც შეეხება საერთაშორისო საზოგადოებისა და ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებას, ჩახედეთ სტრასბურგის გადაწყვეტილების შინაარსს, სადაც ეს საკითხი ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირებულია. ჩვენ გუშინ სამწუხაროდ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რაზე არიან ორიენტირებული ჩვენი უპასუხისმგებლო ოპონენტები - ისინი ორიენტირებულნი არიან ნებისმიერი ინფორმაციისა და ნებისმიერი ფაქტის არასწორ ინტერპრეტაციაზე, არასწორ შეფუთვაზე. ეს არის სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და თითოეულმა ჩვენგანმა მას პატივი უნდა ვცეთ. მედიაპლურალიზმი ჩვენი ძალიან დიდი მონაპოვარია, მას განსაკუთრებით ვუფრთხილდებით და ამ საქმეს ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევის, მედიაპლურალიზმის შესაძლო ზიანთან არანაირი კავშირი არ აქვს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური