საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

JICA-ის პრეზიდენტი განათლების რეფორმის კუთხით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოვლისმომცველ ხედვას პოზიტიურად და საინტერესოდ აფასებს ამოსაბეჭდი ვერსია

2019-03-15

---

იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს(JICA) პრეზიდენტი შინიჩი კიტაოკა განათლების რეფორმის კუთხით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოვლისმომცველ ხედვას მიესალმება და ამ მიმართულებით დაგეგმილ ნაბიჯებს პოზიტიურად აფასებს. 

როგორც დოქტორმა კიტაოკამ პრემიერ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საქართველოს ლიდერები მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან. 
საუბრისას ყურადღება გამახვილდა განათლების სფეროში დაგეგმილ მასშტაბურ რეფორმაზე და ამ პროცესში იაპონიასთან თანამშრომლობაზე. 
მთავრობის მეთაურმა JICA-ის პრეზიდენტს დეტალურად გააცნო საქართველოში მიმდინარე რეფორმები და მიაწოდა ინფორმაცია განათლების სექტორის დაფინანსების ზრდის შესახებ, რაც 2022 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს მიაღწევს. 
საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა სფეროში არსებულ თანამშრომლობას და საქართველოში JICA-ის მხარდაჭერით მიმდინარე წარმატებულ პროექტებს.
აღინიშნა, რომ ორმხრივ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ JICA-მ პირველი ოფისი კავკასიაში სწორედ თბილისში გახსნა. 
"მე ვიმყოფებოდი თქვენს ქვეყანაში 2 წლის წინ და ამ ვიზიტმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში. ჩვენ ვთანამშრომლობთ რამდენიმე მიმართულებით, როგორც წესი, წარმატებულად. ჩვენს შორის არსებობს ურთიერთგაგების მაღალი დონე.

ჩვენ გვიყვარს ქართული ღვინო. თქვენ გაქვთ ძალიან დიდი ისტორიული მემკვიდრეობა. გარდა ამისა, თქვენი ლიდერები ძალიან დიდი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საინტერესოა თქვენი ლიდერების ყოვლისმომცველი ხედვა, მაგალითად განათლების მიმართულებით.

იაპონიას მწირი რესურსები აქვს. სწორედ ამიტომ ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ადამიანურ რესურსებზე და სწორედ ეს გახლავთ იაპონიის განვითარების უმთავრესი საიდუმლო. 
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ განათლების სფეროს სხვადასხვა დონეზე თანამშრომლობის გზები, იქნება ეს დაწყებითი, პროფესიული თუ უმაღლესი განათლება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიული განათლება.
ზოგადად, დავრწმუნდი, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებული იქნება", - განაცხადა JICA-ის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური