საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა მიუნხენში აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ თემატურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-02-17

---

2008 წელს საქართველოს და შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ სრულიად გამოუთხარა ძირი უსაფრთხოებას და მშვიდობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ თემატურ დისკუსიაზე გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ის, რომ შავი ზღვის რეგიონი ევროპისა და ნატოსთვის სულ უფრო პრიორიტეტული ხდება, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

"2008 წელს საქართველოს და შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ სრულიად გამოუთხარა ძირი უსაფრთხოებას და მშვიდობას. დღეს ზოგიერთი ექსპერტი აცხადებდა, რომ ეს არის აღმოსავლეთ ევროპისკენ მიმართული საფრთხე. ნება მომეცით, არ დავეთანხმო ამ მოსაზრებას. ეს საფრთხე ემუქრება მთელს ევროატლანტიკურ სამყაროს. ეს დიდი საშიშროებაა. ჩემი პოზიცია ასეთია - ვიდრე არ გვექნება ხელშესახები და ძლიერი უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში, ის მდგრადი ვერც ევროპაში იქნება. ჩვენი ძალისხმევა უნდა გავაერთიანოთ. უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია იმ ერების ინიციატივებისა, რომლებსაც თავისუფლების და დემოკრატიის სწამთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ ქვეყნის წინაშე მდგარ მტკივნეულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად საქართველოს აქვს დიდი წარმატების ისტორია.

"რუსეთი აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას, მაგრამ გამძლე ერი ვართ. ყოველთვის ვცდილობ, ხაზი გავუსვა, რომ ევროკავშირსა და ნატოში ჩვენი გაწევრიანება არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი. ეს ცივილიზაციური, ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანია. ბოლოდროინდელი სოციალური აზრის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების იდეას. ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენი მოსახლეობის მხრიდან. რატომ? იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი. ეს ერის ცივილიზაციური  არჩევანია და ამ გზავნილის მიტანას ვცდილობთ ჩვენს კარგ მეგობრებთან დასავლეთში", - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის საუბრისას ასევე ხაზი გაუსვა აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობას და ისაუბრა ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერაზე, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორისგან აქვს, ხოლო პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.

"ეს ფაქტი ძალიან ნათელია. გზავნილიც ძალიან ძლიერია. მიმაჩნია, რომ პოლიტიკა და სტრატეგია, რომელიც იკვეთება არსებული ადმინისტრაციის პირობებში, იდეალურად ესადაგება რეგიონში ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს.  აქვე მინდა ვახსენო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. ტერმინები - „გაყინული კონფლიქტი" და „ჰიბრიდული ომი" პოპულარული ახლა ხდება მსოფლიოში, ჩვენთან კი  ჰიბრიდული ომი 90-იანი წლების დასაწყისიდან გვაქვს. რაც შეეხება „გაყინულ კონფლიქტს", უშუალო სამხედრო დაპირისპირების არქონა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში მშვიდობაა. რუსეთი განაგრძობს აგრესიული ნაბიჯების გადადგმას საქართველოს წინააღმდეგ. ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის მომსწრენი გავხდით. თითქმის ყოველ კვირას ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები - ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ და სიკვდილამდე აწამებენ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერმა ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე და აღნიშნა, რომ ეს მთელი ევროპის და ტრანსატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებას ნიშნავს.

"რაც შეეხება დიპლომატიას, ჩვენ სრულ ყურადღებას ვუთმობთ და გაცნობიერებული პასუხისმგებლობა გვაქვს ნაკისრი კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე, მაგრამ მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთი ყველანაირად ცდილობს, ძირი გამოუთხაროს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის ფილოსოფიას. 2008 წელს ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და რუსეთმა ვალდებულება იკისრა საქართველოდან თავისი სამხედრო დანაყოფების გაყვანაზე. ათ წელზე მეტია გასული მას შემდეგ და შედეგი არ გვაქვს. წინსვლა არ მომხდარა ამ კუთხით. ის განაგრძობს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. თუ ასე გაგრძელდება შავი ზღვის რეგიონში, ეს კიდევ უფრო მეტ საფრთხეს შეუქმნის ევროატლანტიკურ სივრცეს. ვფიქრობ, ეს ყველასთვის ნათელია", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ".

"ვცდილობთ, მის ფარგლებში ახალი შესაძლებლობები შევუქმნათ იმ ადამიანებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე განაგრძობენ ცხოვრებას. ომამდე, ცხინვალის რეგიონის ოკუპაციამდე 120 000 ადამიანი ცხოვრობდა იქ. ახლა 20 000 ადამიანზე ნაკლებია ადგილობრივი მოსახლეობა, ე.ი. 6-ჯერ ნაკლები! იქ ჰუმანიტარული კატასტროფა გვაქვს. ძალისხმევის კონსოლიდაციაზე საუბრისას მე ამ სამშვიდობო ინიციატივების და პროგრამების ირგვლივ გაერთიანებასაც ვგულისხმობ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მთავარი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ძალიან ძლიერი უსაფრთხოება უნდა შევქმნათ შავი ზღვის რეგიონში, რაც ევროპის ძალიან ძლიერ უსაფრთხოებას გულისხმობს", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ქართველ ხალხს სწამს ძლიერი ნატოსი და ევროკავშირის.

"გასულ წელს ნატო-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველო საბოლოო ჯამში გაწევრიანდება ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში და ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ", - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაური ასევე შეეხო საქართველოს როლს საერთაშორისო ლოგისტიკურ კონტექსტში და განაცხადა, რომ საქართველო ზღვაზე გასასვლელის არმქონე 6 ქვეყნისთვის კარიბჭეს წარმოადგენს.

"საქართველოს აქვს მნიშვნელობა საერთაშორისო ლოგისტიკურ კონტექსტში. ჩვენ ვართ ერთი სარტყელისა და გზის ინიციატივის მონაწილე. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გვაქვს გაფორმებული ჩინეთთან. ეს ქვეყანა უკვე ჩვენი ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ასევე ვხედავთ, რომ ვაჭრობა ვითარდება და იზრდება თურქეთსა და ჩინეთს შორის, ევროკავშირსა და ჩინეთს შორის. ამდენად, თუ რუკას შეხედავთ, დარწმუნდებით, რომ საქართველო ბუნებრივად არის რეგიონულ ცენტრად და ხიდად გადაქცევის კანდიდატი, რითაც ის ხელს შეუწყობს ამ მზარდ საერთაშორისო სავაჭრო ტვირთბრუნვას ევროკავშირსა და ჩინეთს შორის. ჩვენ ამ კონტექსტში მხოლოდ ძალიან კარგ შესაძლებლობებს ვხედავთ არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაში, რომელსაც ევრაზიის ჯგუფის პრეზიდენტი იან ბრემერი მოდერატორობდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი და  ეუთოს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი მონაწილეობდნენ. 


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური