საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ერთობლივი განცხადებები ამოსაბეჭდი ვერსია

2018-09-10

1  2

მამუკა ბახტაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრი:

ჩემთვის დიდი პატივია ვიმყოფებოდე მეგობრულ ქვეყანაში პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში.

უპირველეს ყოვლისა, მინდა მოგესალმოთ და მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი მიღებისთვის. ჩვენი ქვეყნები გამოირჩევა თავის მასპინძლობით, რისი ნათელი დასტური იყო დღევანდელი დღე.

წელს ორმა ერმა აღნიშნა უმნიშვნელოვანესი თარიღი თანამედროვე ისტორიაში -დამოუკიდებლობის გამოცხადების 100-წლისთავი. ასი წლის წინ ქართველმა და სომეხმა ხალხმა, მრავალი სირთულისა და გამოწვევის მიუხედავად, გამოავლინეს განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობა და მოახდინეს განვითარების დემოკრატიული გზისადმი საკუთარი სწრაფვის მკაფიო დემონსტრირება.

რამდენიმე დღეში, 21 სექტემბერს, სომხეთი აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს და ამ თარიღთან დაკავშირებით მიიღეთ ჩემი მილოცვა.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, შესაძლებელი გახდა ნდობაზე დამყარებული ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარება ჩვენს ქვეყნებს შორის.

ერთგვარად სიმბოლურია, რომ ორ ქვეყანას, ახალი სამთავრობო შემადგენლობით, ეძლევა ორმხრივი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხების შეჯერების საშუალება. მჯერა, რომ საქართველოსა და სომხეთის მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება ურთიერთქმედების სხვადასხვა მიმართულებით და ჩვენი აქტიური ვიზიტები ამის საწინდარია.

დღევანდელ შეხვედრაზე მე და ჩემმა კოლეგამ განვიხილეთ თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. ხაზი გავუსვით ჩვენს მისწრაფებას ინტენსიურ პოლიტიკურ დიალოგზე.ვისაუბრეთ თანამშრომლობის ისეთ სფეროებზე, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, კულტურა, განათლება, ინოვაციები. შევთანხმდით, რომ ჯერ კიდევ გაგვაჩნია თანამშრომლობის გამოუყენებელი პოტენციალი არაერთი მიმართულებით.

ჩვენ შემოდგომის ბოლოს ვუმასპინძლებთ მთავრობათაშორის კომისიას, რომელიც განიხილავს მნიშვნელოვან იდეებს, თუ როგორ შეიძლება ჩვენი ურთიერთობები ეკონომიკური და სავაჭრო მიმართულებით კიდევ უფრო განვავითაროთ.

ამავე დროს ვისაუბრეთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და იმ მნიშვნელოვან მიღწევებზე, რაც აქვს საქართველოს ამ მიმართულებით. ამავე დროს მივესალმეთ,სომხეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას.

გამოვხატეთ მზადყოფნა რეგულარული შეხვედრების გაგრძელებაზე, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკის შენარჩუნებასა და ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ მსურს, გულითადი მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას მასპინძლობისთვის და თბილი მიღებისთვის, ასევე გამოვხატავ მზაობას სამომავლო თანამშრომლობისთვის.

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი:

პატივცემულო კოლეგებო, პატივცემულო ჟურნალისტებო, პატივცემულო პრემიერ-მინისტრო! მოხარული ვარ დღევანდელი შეხვედრისთვის, დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა და ჩვენი მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენი მომდევნო ურთიერთობების განვითარების გარკვეული ამბიციური საკითხები დავსვით. რა თქმა უნდა, სომხეთის და საქართველოს ურთიერთობა ბრწყინვალეა. ჩვენი ურთიერთვიზიტები პერიოდული ხასიათისაა და მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ განვიხილეთ უამრავი საკითხი: ტრანსპორტის, ეკონომიკის, პოლიტიკური თანამშრომლობის მიმართულებით და ვფიქრობ, ნამდვილად დასაფიქსირებელია, რომ ამ ვიზიტის შედეგებით ჩვენ ახალ სტიმულს შევძენთ ჩვენს ჰუმანიტარულ, პოლიტიკურ ურთიერთობებს. რა თქმა უნდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან ძალზედ ამბიციური პროგრამა იქნა წამოწეული. ჩვენ სრულიად ვეთანხმებით ამ პროგრამას. კონკრეტულად, საკითხი დაისვა უახლოეს წლებში სავაჭრო, ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე და იმის შესახებ, რომ სავაჭრო ბრუნვას ერთ მილიარდ დოლარამდე მივაღწიოთ. ეს ის საკითხია, რომელზეც ყველას უნდა გვქონდეს საგზაო რუკა და შეთანხმებული ნაბიჯები. ჩვენ შევთანხმდით, რომ სომხურ-ქართული მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა უნდა გაიმართოს. კომისიის წინაშე კონკრეტული საკითხი დაისმება. ჯერ უნდა შევადგინოთ საგზაო რუკა, ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა, ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობებისა, ჰუმანიტარული, კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთობების გასაძლიერებლად. შეგვიძლია დავაფიქსიროთ, რომ ყოველ ვიზიტთან ერთად ჩვენი ქვეყნის ურთიერთობების დონე უფრო მაღლდება, ატმოსფერო უფრო მეგობრული და უფრო თბილი ხდება და ჩვენი მთავრობების წევრებს შორის მყარდება მეგობრული კავშირები, რაც მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ურთიერთობებში და ეს ტონი და ტემპი უნდა გავაგრძელოთ და სარწმუნო ნაბიჯებით წინ ვიაროთ.