საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

იოჰანეს ჰანი - ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მთავრობის რეფორმებს, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად ამოსაბეჭდი ვერსია

2018-07-20

საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგი, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატი და ვიზალიბერალიზაცია იყო დღეს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრისას, მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს ევროპული კურსი შეუქცევადია, ხოლო ევროინტეგრაცია ქართველი ხალხის ურყევი ნება და არჩევანია.

ყურადღება გამახვილდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატზე, როგორც ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვან შესაძლებლობაზე. მხარეთა შეფასებით, საქართველო ლიდერია „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებს შორის დემოკრატიული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით.

პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისარმა ისაუბრეს ასოცირების ხელშეკრულებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე. აღინიშნა, რომ ევროკავშირთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები მზარდი და პოზიტიურია.

მამუკა ბახტაძემ იოჰანეს ჰანს დეტალურად გააცნო საქართველოს სამთავრობო რეფორმების გეგმა, რომელიც სრულ თანხვედრაშია ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგთან. ითქვა, რომ ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს დაგეგმილ რეფორმებს, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ახალი პროგრამები და ინიციატივები, რომელთა ნაწილიც უახლოეს მომავალში განხორციელდება ევროკომისიის მხრიდან დადებითად შეფასდა. ხაზი გაესვა, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა მრავალი მიმართულებით და ევროკავშირი განაგრძობს სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერას.

გამოითქვა იმედი, რომ გადადგმული ნაბიჯები, ასევე, შემუშავებული საგზაო რუკა, რომელიც ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტ დაახლოებას ისახავს მიზნად, ხელს შეუწყობს საქართველოს დაბრუნებას დიდ ევროპულ ოჯახში.

პრემიერ-მინისტრმა ევროკომისარ ჰანს მადლობა გადაუხადა საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებასა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის.

აგრეთვე, საუბარი შეეხო საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის ევროპული სკოლის დაარსებას, რაც იოჰანეს ჰანის პირადი ინიციატივა იყო და რომლის გახსნაც უახლოეს მომავალში იგეგმება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა განათლების სისტემაში დაგეგმილ ძირეულ რეფორმებზე, რომელთა განხორციელებაც, პრემიერის შეფასებით, ხელს შეუწყობს საქართველოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებასა და ინკლუზიურ ზრდას.

ევროკომისიაში გამართული შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და პოზიტიურად შეფასდა, როგორც საქართველოს მთავრობის პოლიტიკა - კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების მიმართულებით, ისე ახალი სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ". იოჰანეს ჰანმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა.

ევროკომისიაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე ესწრებოდნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტი ევროპის პოლიტიკურ ცენტრში - ბრიუსელში დასრულებულია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური