საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

საქართველოსა და სომხეთის პრემიერების განცხადებები მედიისთვის ამოსაბეჭდი ვერსია

2018-05-30

2

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი:
ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო ნიკოლ,
ქალბატონებო და ბატონებო,
უპირველეს ყოვლისა, მინდა მივესალმო ჩვენს პატივცემულ სტუმარს, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ბატონ ნიკოლ ფაშინიანს, რომელიც პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა საქართველოს.
ერთგვარად სიმბოლურია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში სწორედ მაშინ განხორციელდა, როდესაც ჩვენ ერთსა და იმავე პერიოდში ვზეიმობთ ჩვენი რესპუბლიკების დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს და ორივე ქვეყნისთვის ეს ისტორიული მოვლენა სწორედ ჩვენს ქალაქში, თბილისში მოხდა.
ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვულოცავ ორ მეგობრულ ერს გამორჩეულ თარიღს - დამოუკიდებლობის გამოცხადების 100-წლის იუბილეს. ასი წლის წინ ქართველმა და სომეხმა ხალხმა, მრავალი სირთულისა და გამოწვევის მიუხედავად, გამოავლინა განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობა და მოახდინა განვითარების დემოკრატიული გზისადმი საკუთარი სწრაფვის მკაფიო დემონსტრირება.
საქართველოსა და სომხეთს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ტრადიციები აკავშირებს, რამაც ასახვა ჰპოვა დღევანდელ დღეს არსებულ პარტნიორულ თანამშრომლობაში. ყოფილი საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, შესაძლებელი გახდა ნდობაზე დამყარებული ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარება.
სომხეთის სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. სწორედ ამიტომ, საქართველოში დიდი გულისყურით ვაკვირდებოდით მეგობარ სომხეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც სომეხმა ხალხმა მსოფლიოს აჩვენა ერთიანობისა და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულების სანიმუშო მაგალითი.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ჩვენ ძვირფასს სტუმარს პრემიერ-მინისტრად არჩევა და ვუსურვო მას წარმატებები და მიღწევები ამ უაღრესად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.
პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ საქართველოს მთავრობის და პირადად ჩემს მზადყოფნას მომავალ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე.
დღევანდელ შეხვედრაზე მე და ჩემმა კოლეგამ განვიხილეთ თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება. ხაზი გავუსვით ჩვენს მისწრაფებას, გვქონდეს ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი. შევეხეთ არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს. ასევე, ვისაუბრეთ თანამშრომლობის განვითარების ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, კულტურა, განათლება, ინოვაციები და ა.შ. მიუხედავად უკვე არსებული ინტენსიური თანამშრომლობისა, რა თქმა უნდა, არის გამოუყენებელი პოტენციალი არაერთი მიმართულებით.
ორმხრივი ურთიერთობების საკითხებთან ერთად, ყურადღება გავამახვილეთ საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზე.
შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, ყურადღება დავუთმეთ რეგიონში არსებულ გამოწვევებს და ხაზი გავუსვით რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მნიშვნელობას.
გამოვხატეთ მზადყოფნა რეგულარული შეხვედრების გაგრძელებაზე, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკის შენარჩუნებასა და ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე.
ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება, განვაახლოთ ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მუშაობა. უახლოეს პერიოდში შედგება სამუშაო ჯგუფებს შეხვედრა და მომზადდება ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა. ასევე, გამოვყავით ძირითადი მიმართულებები, რაზეც ამ კომისიის ფარგლებში უნდა გავამახვილოთ ყურადღება და შევთანხმდით პრინციპებზე, რომლებზეც იქნება აგებული მომავალი მუშაობის დღის წესრიგი.
ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა ასევე სამხრეთ საქართველოს, სადაც შეხვედრებს გამართავს ადგილობრივ მოსახლეობასთან. საქართველოს სომეხი ეროვნების მოქალაქეები აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის აღმშენებლობის საკითხში, რაც მრავალეროვნული საქართველოს ერთიანობის ნათელი დასტურია. ჩვენი მოსახლეობა, მიუხედავად ეროვნული მიკუთვნებისა, ემსახურება საერთო მიზანსა და ამოცანას - საქართველოს გაძლიერებას და რეგიონული და სამეზობლო ურთიერთობების განვითარებას.
და ბოლოს, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგას სტუმრობისთვის, გულახდილი საუბრისთვის და გამოვხატავ მზაობას სამომავლო თანამშრომლობისთვის.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი:
დიდი მადლობა, ღრმად პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო გიორგი!
მასმედიის პატივცემულო წარმომადგენლებო, ქალბატონებო და ბატონებო!
ჩემთვის დიდი პატივია პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ყოფნა, ვინაიდან, ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოსთან ურთიერთობების სამომავლო განვითარებას განსაკუთრებული ადგილი და მნიშვნელობა ენიჭება.
ჩვენ ყოველთვის ვმუშაობდით, ვცდილობდით სომხურ-ქართული ურთიერთობების განვითარებას, იმის მიუხედავად, რა საქმიანობას ვეწეოდით. მე, როგორც ჟურნალისტი, როგორც დეპუტატი და ახლა როგორც სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ჩემი ძალებით ყველაფერს ვაკეთებდი სომხურ-ქართული ურთიერთობების განვითარების ხელშესაწყობად.
ახლა იმ კონკრეტულ ვითარებაში ვართ, როდესაც ჩვენი მრავალი სურვილის განხორციელების შესაძლებლობა გვაქვს. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ქართულ სახელმწიფოს, ქართველ ხალხს და პირადად ბატონ პრემიერ-მინისტრს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე. ჩვენც აღვნიშნეთ ეს თარიღი და ნამდვილად, ეს დღესასწაულები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. სომხეთმა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსება თბილისში გამოაცხადა და ეს ფაქტი თავისთავად გვიჩვენებს, რომ სომხურ-ქართული ურთიერთობები არის ძალიან ღრმა. ორ ქვეყანას აქვს პოლიტიკური, ისტორიული, კულტურული, ხალხთაშორისი კავშირები, რომლებიც შემდგომში უფრო უნდა განვითარდეს და გაღრმავდეს. ჩვენ შევთანხმდით ამ მიმართულებით ინტენსიური ნაბიჯების გადადგმაზე.
საერთო ჯამში, შევთანხმდით, რომ ის ატმოსფერო, რომელიც სომხურ-ქართულ ურთიერთობებშია და რომელიც ყოველთვის იყო პოზიტიური, გადავიყვანოთ ახალ დინამიკაში, კონკრეტულ შედეგებში, მათ შორის - ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები.
სომხეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის გააქტიურების მეშვეობით, ჩვენ შევძლებთ კონკრეტული შედეგების დაფიქსირებას ორმხრივი ურთიერთობების მრავალ სფეროში.
რა თქმა უნდა, განვიხილეთ ურთიერთობებში გრძელვადიანი ხედვის საჭიროება. ჩვენ გვაქვს როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი საერთო ინტერესები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არსებული თანამშრომლობა, გრძელვადიანი ხედვის შესაბამისად განვავითაროთ.
ჩვენ საქართველოსთან მრავალი ერთობლივი პროექტი გვაკავშირებს და ვიმუშავებთ მათი დროულად და მაღალი ხარისხით განხორციელებისთვის. ასევე, ვიმუშავებთ ახალ პროექტებზე; აღსანიშნავია, რომ სომხურ-ქართულ ურთიერთობებში არ არსებობს გადაუწყვეტელი საკითხები, მთავარი ფაქტორი აქ განწყობა და სურვილია.
ჩვენი დელეგაცია საქართველოში ჩამოვიდა ჩვენი მზაობის დასაფიქსირებლად, ძმობისა და მეგობრობის ურთიერთობების განსახილველად და ვფიქრობ, ამ ატმოსფეროს შეუძლია, სერიოზული განვითარება მოუტანოს ჩვენს ურთიერთობებს. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობა და კონკრეტულად ბატონი პრემიერ-მინისტრი ამავე აზრისაა.
ჩვენ ვიმყოფებით ჩვენი ურთიერთობების განვითარების ისეთ ფაზაზე, როდესაც გვაქვს შესაძლებლობა, დიდი სტიმული მივცეთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს, გავაღრმავოთ ისინი ყველა მიმართულებით და ყველა დონეზე.
რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი საკითხია რეგიონის მდგრადობა. ჩვენ ბატონ პრემიერთან გავცვალეთ მოსაზრებები რეგიონული მდგრადობის, სიმშვიდის, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ ამ მიმართულებით ერთობლივი ძალისხმევა უნდა მივმართოთ, ვინაიდან რეგიონის მშვიდობა და მდგრადობა ჩვენი მომავალი განვითარების წინაპირობაა.
ჩვენ შთაბეჭდილების ქვეშ ვართ საქართველოს საზოგადოების დამოკიდებულებით სომხეთში აპრილ-მაისში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის მიმართ. ჩვენ გვახსოვს ქართველი ჟურნალისტების აქტიური მონაწილეობა. აქ ვხედავ ნაცნობ სახეებს, რომლებიც ჩვენთვის უკვე ახლობელია. ბოლო 15-20 დღის განმავლობაში ჩვენ მათ ხშირად ვხედავდით და მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ისევ შევხვდი. ვფიქრობ, ეს ინტერესი შენარჩუნებული იქნება არა მხოლოდ დიდი პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტისას, არამედ საერთო ურთიერთობებში. ჩვენ ხშირ შემთხვევაში არ ვიცით ჩვენს ქვეყნებში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ და ჟურნალისტიკის სფეროში ჯერ ბევრი საკითხი გვაქვს გასარკვევი, რათა ინფორმირებული ვიყოთ ამ ორ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ჩვენ გეოგრაფიულად ახლოს ვართ, მაგრამ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს პოლიტიკური პროცესების უფრო კარგად გაცნობის საჭიროება აქვთ.
ჩვენ აქ ჩამოვედით კონკრეტული პერსპექტივების გასახსნელად, კონკრეტული საკითხების გადაწყვეტის შესაძლებლობის შესაქმნელად. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ურთიერთობებში იქნება სერიოზული და ახალი განვითარებები და ისინი სომხეთის რესპუბლიკის და საქართველოს ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს. ჩვენ, როგორც სუვერენული ქვეყნები, მოვალენი ვართ, ჩვენი საერო ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ.
დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს მთავრობებს აქვთ საკმარისი ნება და უნარი, შევძლოთ ეს ურთიერთობა გავხადოთ კიდევ უფრო ეფექტური და ისეთი დონის, რომ სომხეთის და საქართველოს მოქალაქეებმა თავიან ყოველდღიურ ცხოვრებაში იგრძნონ ჩვენი მეგობრობის გაღრმავება და ისეთივე ატმოსფერო, როგორიც ჩემი და პრემიერ-მინისტრის დღევანდელი შეხვედრისას იყო.
დიდი მადლობა თბილი მიღებისთვის. დარწმუნებული ვარ, თბილისში საინტერესო და შინაარსიან დროს გავატარებ. ბატონო პრემიერო, იმედი მაქვს ახლო მომავალში გიხილავთ ერევანში, რათა ეს ურთიერთობები შემდგომშიც გავაგრძელოთ.
ვიმედოვნებ, შემოდგომაზე, ფრანკოფონიის სამიტზე საქართველო მაღალ დონეზე იქნება წარმოდგენილი და ჩვენ შეხვედრის არაერთი შესაძლებლობა გვექნება. ჩვენ ამას არ უნდა დავჯერდეთ, უნდა გავუღიმოთ ერთმანეთს და ხშირად განვიხილოთ საკითხები მეგობრულ ატმოსფეროში მათ გადასაწყვეტად. მივესალმები მეგობარ ქართველ ხალხს.