საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

გიორგი კვირიკაშვილი ფედერიკა მოგერინის შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-21

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, იორდანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ფედერიკა მოგერინის შეხვდა. 

სამუშაო სადილზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შესახებ ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ნოემბერში ბრიუსელში დაგეგმილი სამიტი პრაქტიკულ შედეგებზე იქნება ორიენტირებული.

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს ასოცირების შეთანხმებისა და 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის ეფექტურ იმპლემენტაციას. ასევე, ისაუბრეს ვიზის ლიბერალიზაციას შემდგომ ნაბიჯებზე და ამ მიმართულებით საქართველოს პროგრესზე. 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. ფედერიკა მოგერინიმ კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის ერთგულია. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური