საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის კომენტარი ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-09

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოსადმი მხარდაჭერის შესახებ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თეთრ სახლში გამართული შეხვედრების დასრულების შემდეგ.

„ჩვენ გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან. გარკვეულწილად, ჩვენ შევაჯამეთ გასული 25 წლის ურთიერთობები და ვისაუბრეთ მომავალ 25 წელზე. მივიღეთ ძალიან მყარი გარანტიები აშშ-სგან ყველა მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების შესახებ. ეს იყო ძალიან პოზიტიური შეხვედრა. ჩვენ გვქონდა საუბარი ურთიერთობებზე ყველა მიმართულებით: თავდაცვის, უსაფრთხოების, კულტურის სფეროებში თანამშრომლობის, დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რომელიც გაგრძელდა ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრით. აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან ასევე მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოს მხარდაჭერის თაობაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში ეს შეხვედრები არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს მომავალი განვითარებისთვის და სტაბილურობისთვის ჩვენს ქვეყანაში. აშშ-ი, როგორც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და ეს ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდება მომავალში", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური