საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი საგარეჯოში მომხდარი ფაქტით დაინტერესდა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-06-30

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარ ფაქტებს გამოეხმაურა და სოფლის მეურნეობის მინისტრს დაავალა, დროულად გაირკვეს საკითხი, თუ რატომ არ მივიდა მევენახეების მიერ გასულ წელს ჩაბარებული ყურძნის ფული ადრესატებამდე.
გიორგი კვირიკაშვილმა მომხდარს ამაზრზენი ფაქტი უწოდა და საკითხის სწრაფად გამოძიება მოითხოვა.

„ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ საგარეჯოში შარშანდელი ჩანაბარები ყურძნის თანხა მიითვისა რომელიღაც ბიზნესმენმა და თანხა არ არის მისული მევენახემდე. მინდა, სოფლის მეურნეობის მინისტრს ვთხოვო, ეს საკითხი მაქსიმალურად მოიკვლიოთ და თუ საჭირო იქნება ჩავრთოთ შესაბამისი უწყებები. ის, რომ სახელმწიფო საკმაოდ დეფიციტური რესურსის გამონახვას ახერხებს, დავასუბსიდიროთ ყურძნის ჩაბარება, არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ვიღაცამ ბოროტად ისარგებლოს ამით. გთხოვთ, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიოთ ეს საკითხი და თუ საჭირო იქნება სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი ჩართულობა არის განხილვადი," - განაცხადა პრემიერმა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას ინფორმაციით, დაზარალებულია სხვადასხვა სოფლის მცხოვრები 50-ზე მეტი მევენახე.

„50-ზე მეტ მევენახეზეა საუბარი რამდენიმე სოფლიდან, 200 000 ლარზე მეტ თანხას ეხება საქმე. საბოლოო ჯამში იყო გამოძიება, არ გააჩნიათ ის აქტივები იმ კომპანიას, რომელიც დააკმაყოფილებს დაზარალებულ ადამიანებს. თქვენს დავალებას მივიღებთ და ვეცდებით გამოსავალი ვიპოვოთ ისე, რომ მინიმალური იყოს ის ზარალი, რაზეც დღეს არის საუბარი," - განაცხადა ოთარ დანელიამ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური