საქართველოს მთავრობა – სიახლეები

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი გამოცხადდა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-07-26

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) წევრს, გიორგი ფანგანს უფლებამოსილების ვადა ეწურება 2021 წლის 27 ოქტომბერს.

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით, 2021 წლის 26 ივლისიდან ცხადდება ღია კონკურსი.

კონკურსის ორგანიზებასა და ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი შესარჩევი კომისია. შესარჩევი კომისია შედგება 5 წევრისგან, რომელთაგან არანაკლებ 3 წევრისა იქნება დამოუკიდებელი.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) ერთი ფოტოსურათი;

გ) ავტობიოგრაფია;

დ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ე) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ვ) არანაკლებ 10 წლის მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) ხელწერილი, რომ პირი გაეცნო საქართველოს კანონმდებლობით კომისიის წევრის მიმართ დადგენილ ეთიკისა და ინტერესთა კონფლიქტის პირობებს;

თ) სარეკომენდაციო ხასიათის წერილები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.


საბუთები მიიღება 2021 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით.

შესარჩევი კომისია უზრუნველყოფს კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევას და ადგენს, რამდენად სრულყოფილად არის ისინი წარმოდგენილი. შესარჩევი კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, კანდიდატს დამატებით ეთხოვოს საჭირო დოკუმენტის წარმოდგენა, კომისიის მიერ დადგენილ ვადაში.

საბუთების მიღების ვადის ამოწურვიდან 10 დღის ვადაში შესარჩევი კომისია უზრუნველყოფს კომისიის წევრობის კანდიდატის გამოვლენას მისი კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევების, პროფესიული გამოცდილების, მოტივაციისა და რეპუტაციის შეფასების საფუძველზე. კანდიდატებთან გასაუბრების დანიშვნა ხდება შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებით.

თუ გამოცხადებულ კონკურსში მხოლოდ ერთი პირი მიიღებს მონაწილეობას, შესარჩევმა კომისიამ შესაძლოა, კონკურსის ვადა დამატებით 30 დღით გააგრძელოს.

შესარჩევი კომისია კონკურსის შედეგად გამოვლენილ კანდიდატს წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას შესათანხმებლად. საქართველოს მთავრობა ითანხმებს კანდიდატს და წარუდგენს მას საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, კანდიდატს ასარჩევად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

თუ საქართველოს მთავრობამ არ შეითანხმა შესარჩევი კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატი ან საქართველოს პარლამენტმა არ აირჩია კომისიის წევრი, შესარჩევი კონკურსი ტარდება განმეორებით.


კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გადადით შემდეგ ბმულზე

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/66483?active=1