საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ინფორმაცია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა შესახებ ამოსაბეჭდი ვერსია

2021-04-28

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საკონკურსო ვადების დაცვით, შესაბამისი განცხადებები წარადგინეს: ნინო ქუბინიძემ, ირინე ვერძეულმა, ივანე მახარაძემ და მარიამ სულაბერიძემ.

კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატთა სია და მათ მიერ წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტები საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა იღებს განკარგულებას ღია კონკურსის ჩატარების შესახებ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 მარტის №490 განკარგულების შესაბამისად, გამოცხადდა ღია კონკურსი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით.

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 3 წლისა - მმართველ თანამდებობაზე.

საქართველოს მთავრობა კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს არანაკლებ სამ კანდიდატურას. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტი კანდიდატურებს, არჩევის მიზნით, წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან საქართველოს პარლამენტი აირჩევს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური