საქართველოს მთავრობა – სიახლეები

საქართველოს მთავრობა კომპანიებს საშუალებას აძლევს მიიღონ „საერთაშორისო კომპანიის“ სტატუსი ამოსაბეჭდი ვერსია

2020-10-09

საქართველოს მთავრობა კომპანიებს აძლევს საშუალებას, მიიღონ „საერთაშორისო კომპანიის" სტატუსი, ხოლო საერთაშორისო კომპანიებს უქმნის კომფორტულ პლატფორმას საქართველოში სამუშაოდ.

შეღავათები პირველ რიგში შეეხება საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებულ და აიტი კომპანიებს, რადგან ტრანსპორტი და ლოგისტიკა ჩვენი ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია.

საგადასახადო შეღავათები:
საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება;

საერთაშორისო კომპანიის მიერ გაცემული დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდის მიმღები პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება;

საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთია 5%;

საერთაშორისო კომპანია გათავისუფლებულია ქონების (გარდა მიწისა) გადასახადისაგან, თუ ეს ქონება საქართველოს მთავრობის დადგენილებით ნებადართული საქმიანობის განხორციელებისათვის გამოიყენება ან ამ საქმიანობის განხორციელებისთვის არის გამიზნული.

შეღავათები ადგილობრივ კომპანიებს განვითარებისა და გაფართოების სტიმულს გაუჩენს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების გაჩენას.

იქმნება შესაძლებლობა საქართველოში საქმიანობით დაინტერესდნენ მსხვილი საერთაშორისო კომპანიები და ქვეყანამ როგორც საკანონმდებლო, ისე საგადასახადო ბაზით კონკურენცია გაუწიოს სხვა მსხვილ მსოფლიო ფინანსურ ჰაბებს.